პოლონეთის პრეზიდენტმა ბათუმში აჭარის რეგიონის პოპულარიზაციაზე ისაუბრა

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა დღეს, 31 მაისს, ბათუმში იმყოფებოდა. პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შეხვდა. ანდჟეი დუდამ ასევე მოინახულა გონიოს ციხე-მუზეუმი და მეუღლესთან ერთად ბათუმის ბულვარშიც გაისეირნა.

აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრას პოლონეთის ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად აჭარის მთავრობის წევრები, პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და საქართველოში პოლონეთის ელჩი – მარიუშ მაშკიევიჩი ესწრებოდნენ.

პოლონეთის პრეზიდენტმა – ანდჟეი დუდამ აღნიშნა, რომ პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა ასევე ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო პოტენციალსა და ერთობლივი ბიზნესფორუმის გამართვის შესაძლებლობაზე.

აჭარის მთავრობის პრესსამხურის ინფორმაციით, ანდჟეი დუდა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს აჭარის რეგიონის პოპულარიზაცია პოლონეთის რესპუბლიკაში, რადგან დიდია დაინტერესებული პოტენციური ტურისტების რაოდენობა. ანდჟეი დუდამ ყურადღება გაამახვილა ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის ხელშეწყობაზე, რაც კიდევ უფრო გაუადვილებს პოლონელ ტურისტებს აჭარაში დასვენების შესაძლებლობას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივ არქეოლოგიურ ექსპედიციებს, რომლებსაც პოლონური და ქართული მხარეები აჭარაში უკვე წლებია წარმატებით ახორციელებენ.

პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაშია 15 პოლონელი ჟურნალისტი, რომლებიც აჭარაში მიმდინარე ვიზიტს გააშუქებენ და რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ რეპორტაჟებს მოამზადებენ – აცხადებენ მთავრობის პრესსამსახურში.

დღესვე პოლონეთის პრეზიდენტი ბათუმის აეროპორტიდან ვარშავაში გაემგზავრება.

poloneti 2

poloneti 1

poloneti 4

poloneti 5

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი