ირაკლი ახალაძე

მოამზადებენ თუ არა ოთხი კვარტალის განაშენიანების გეგმას ერმაკოვის მერობის ვადაში

თვითმმართველობის არჩევნებამდე ხუთი თვე რჩება. შესაბამისად, უფლებამოსილების ვადა ეწურება ბათუმის არჩეულ მერს, გიორგი ერმაკოვს. ვამზადებთ, ვსწავლობთ, პასუხს ველოდებით – ეს არის ბათუმის მერიის პასუხები იმ საკითხებზე, რომლებზეც მერიას პასუხს სთხოვენ. მათ შორისაა ბათუმის ოთხი კვარტალის განაშენიანების გეგმა და ძველი ბათუმისთვის ისტორიული უბნის სტატუსის მინიჭება. ამ საკითხების გადასაწყვეტად სამართლებრივი საფუძვლის მომზადება გიორგი ერმაკოვმა მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსს დაავალა. რა გააკეთა მან ამისთვის და ხომ არ აქვს რეალური საფუძველი მოსაზრებას, რომ ამ საკითხების გადაწყვეტას მერია არჩევნებამდე არ გეგმავს? – „ბათუმელების“ კითხვებს ირაკლი ახალაძემ უპასუხა.

ბატონო ირაკლი, რა სამუშაო შეასრულეთ მას შემდეგ, რაც მერისგან მიიღეთ დავალება ოთხი კვარტალის განაშენიანების გენგეგმის მოსამზადებლად და, ასევე, ძველი ბათუმისთვის ისტორიული უბნის სტატუსის მისანიჭებლად? სამართლებრივი საფუძვლის მომზადებას ვგულისხმობ

როცა მშენებლობასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია შემოდის მერიაში და საპროექტო დოკუმენტი ხვდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში [150 მეტრი ძეგლის რადიუსში] დოკუმენტები იგზავნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, ასევე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში. ნებართვა არის სამეტაპიანი და სტატისტიკამ აჩვენა, რომ უშუალოდ ამ ოთხ კვარტალში არის ყველაზე მეტი მოთხოვნა მშენებლობის ნებართვის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და მერიის ერთობლივი შეთანხმებით გადავწყვიტეთ ამ ოთხი კვარტალის განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება წინსწრებით, ვიდრე „იუესაიდი“ ამუშავებს წინასაპროექტო კვლევას და გეგმარებით დავალებას გენერალური გეგმისთვის, სანამ გამოცხადდება უკვე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონკურსი.
ეს იქნება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მცირე მოდელი. ფაქტობრივად ქალაქისთვის კეთდება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და პატარა კვარტალებისთვის კეთდება, ასე ვთქვათ, ჩარჩო გეგმა.

ამისთვის ბიუჯეტში თანხა უკვე გათვალისწინებულია?

დღის წესრიგში დადგა ეს საკითხი, საუბარი დაიწყო ფინანსურ რესურსებზე და მის მოძიებაზე. მერია ბიუჯეტის ცვლილების მოთხოვნით როცა მიმართავს საკრებულოს, ერთ-ერთი საკითხი იქნება თანხის გათვალისწინება ამ კვარტალების დამუშავებისთვის კონკურსის გამოსაცხადებლად. კონკურსს თავისი მიზნები და ამოცანები აქვს. ყველა დეველოპერი ცდილობს, რაც შეიძლება მაღალი ააშენოს. სივრცით-მოწყობით ჩარჩოში ვერ ჯდება და უნდა მეტ ფართობზე ააშენოს, მეტი მოგება ნახოს, კონკურსი დაალაგებს ამ სიტუაციას. ამ კვარტალში როგორც შენობა-ნაგებობები, ასევე რეკრეაციული, სპორტული ზონები და სხვა საინჟინრო კომუნალური ქსელებია. იქ განლაგება – მიწის ქვეშა, მიწის ზედა იქნება უკვე დათვლილი და გაანგარიშებული. ჩვენ ყველაზე პრობლემური ოთხი კვარტალი ავარჩიეთ.

რომელი კვარტალებია, ზუსტად რომ გვითხრათ ქუჩების მიხედვით?

ერთი კვარტალი მოიცავს გორგილაძის, მელიქიშვილის, მემედ აბაშიძისა და 26 მაისის ქუჩებს, მეორე არის „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია – ესენინის ქუჩა, თბილისის მოედანი, წერეთელი და ჭავჭავაძის გამზირი. იქ ბევრი ძეგლია. მესამე კვარტალი არის ბაქოს ქუჩა, კანდელაკი, წერეთელი და შავშეთის ქუჩა, კათოლიკური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, ყოფილი ფრუნზეს ქუჩა. შემდეგი კი არის ჯორჯიაშვილი, კანდელაკი. „სოკარის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორია. აქ ერთ-ერთი ყველაზე მთავარია კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა, შემდეგ კომახიძე, ბარათაშვილი და მაზნიაშვილის ქუჩა, ეს სამკუთხა ფორმის კვარტალია.

როდის ვარაუდობთ კონკურსის გამოცხადებას და რა თანხა დასჭირდება ამ სამუშაოს შესრულებას?

საკითხის წარდგენის შემდეგ [ოთხი კვარტალის დაგემარებასთან დაკავშირებით კონკურსის გამოცხადების თაობაზე], პირველ რიგში, დაიწყება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. ტექნიკური დავალება რომ დამუშავდეს, ეს გულისხმობს კონკრეტულ მოთხოვნებსა და ამოცანებს, თუ რა სახით უნდა დამუშავდეს რეგულირების გეგმა. შემდეგ უკვე საკრებულო დაამტკიცებს და გამოცხადდება კონკურსი. შეიძლება ერთმა კომპანიამ ოთხივე კვარტალი აიღოს თავზე. შეიძლება ცალ-ცალკე გააკეთოს სხვადასხვა კომპანიამ, ეს დამოკიდებული იქნება მათ შესაძლებლობებზე.

ეს ყველაფერი გიორგი ერმაკოვის უფლებამოსილების ვადაში განხორციელდება? – თვითმმართველობის არჩევნები მოახლოვდა…

ჩემი აზრით, არანაირი კავშირი არ აქვს ამას არჩევნებთან, მით უმეტეს, რომ არჩევნები ოქტომბერშია.

მანამდე კონკურსის გამოცხადება, კომპანიის ან კომპანიების შერჩევა მოესწრება? – თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ რეალური ნაბიჯების გადადგმას მერია შეგნებულად აჭიანურებს ახალი მერის არჩევამდე.

დიახ, კონკურსის გამოცხადება და მისი დასრულება მოესწრება არჩევნებამდე. შემდეგი სხდომა რამდენიმე დღეში ტარდება, ამიტომ ამ სხდომაზე არა, მაგრამ უახლოეს პერიოდში გავა ეს საკითხი. თუ ბიუჯეტში ცვლილებას დაეთანხმა საკრებულო, შესაბამისად, გამოდის, რომ ამ იდეას და ამ ინიციატივას ეთანხმება. ეს უკვე იქნება ნიშანი.

რაც შეეხება ისტორიული უბნის სტატუსის მინიჭებას ძველ ბათუმზე?

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დაკვეთით, 2007 წელს შპს „გეოგრაფიკმა“ დაამუშავა ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში არ მოიძებნა, ფიზიკურად არ არსებობდა, ამიტომ ჩვენ გამოვითხოვეთ ეს დოკუმენტი. ათი წელი გავიდა უკვე, რაც ეს დოკუმენტი დამუშავდა, ბევრი ძეგლი ფიზიკურად აღარ არსებობს. ბევრ არაძეგლს მიენიჭა ძეგლის სტატუსი, მოეხსნა კიდეც. 2015 წელს მერიამ ინვენტარიზაციის სამუშაოები ისევ „გეოგრაფიკს“ დაუკვეთა. როგორც საქართველოს კულტურის სამინისტროსგან, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან ჩვენ პასუხს ველოდებით.

რა მოთხოვნით გააგზავნეთ და რა პასუხს ელოდებით?

რომ განეხილათ ის რეკომენდაციები, რაც ინვენტარიზაციის შედეგად დაიდო.

ეს რა კავშირშია სტატუსის მინიჭებასთან, ბატონო ირაკლი?

ეს ძეგლებთან კავშირშია. არსებობს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საყრდენი გეგმა და არსებობს ინვენტარიზაციის შედეგები. ის 2007 წელს მომზადებული დოკუმენტია, რომელსაც ათი წლის შემდეგ სჭირდება განახლება. განახლება მოხდება ისევ კულტურის სამინისტროს მიერ, თუ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ეს თემა არის გადასაწყვეტი. მაგრამ ამასთან კავშირშია ინვენტარიზაცია, რაც მერიის დაკვეთით განხორციელდა. შესაბამისად, ამ ორი საკითხის თანხვედრა უნდა მოხდეს, სანამ საბოლოოდ არ გადაწყდება, ვერ დამტკიცდება საყრდენი გეგმა…

ამ ეტაპზე ჩვენ ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის სპეციალური საზღვრები ჩამოვაყალიბეთ, რომელიც განსაკუთრებულ რეჟიმს დაადგენს ძეგლებთან მიმართებაში. ახლა ზუსტად ამ თემაზე ვმუშაობთ და უახლოეს სხდომაზე უნდა წარვადგინოთ.

ეს ყველაფერი – დოკუმენტების თანხვედრა და ახალი საზღვრები სტატუსის მინიჭებამდე მიგვიყვანს?

ძველ ბათუმს აქვს სპეციალური ფუნქციური ზონა მინიჭებული, რომელიც იცავს მას დამატებითი ჩარევისაგან.

აბა, რისი მომზადება დაგავალათ ერმაკოვმა?

ეს ეხებოდა იმას, რაც მოგახსენეთ. ძველ ბათუმს მიენიჭოს რაღაც სამართლებრივი სტატუსი – მაგაზე არ ყოფილა საუბარი. თქვენ ალბათ გულისხმობთ ისტორიულ-კულტურულ საყრდენ გეგმას, რომელიც თავის საზღვრებს მოიცავს და განსაკუთრებულ რეჟიმებს ადგენს, კონკრეტული ნებართვის გაცემის დროს. საზღვრის დადგენა შეიძლება უახლოეს სხდომაზე. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე, რადგან პირდაპირ კავშირშია ინვენტარიზაციის შედეგებთან. ინვენტარიზაციის მასალებში არის როგორც ძეგლები, ასევე სარეკომენდაციო ობიექტების ნუსხა, რომელსაც უნდა მიენიჭოს ძეგლის სტატუსი. არის შენობები, რომლებიც ფიზიკურად აღარ არსებობს, მაგრამ ძეგლის სტატუსი აქვს და უნდა მოეხსნას.

თუ ამ კვარტალში განსაკუთრებული რეჟიმი დადგენილია…

აგიხსნით – თუ შენობას აქვს რეკომენდაცია, რომ ძეგლის სტატუსი მიენიჭოს, მაშინ ამ ზონის საზღვარი შეიძლება გადაიწიოს სხვაგან. შეიძლება ისეთ ადგილას აღმოჩნდეს შენობა, რომ საზღვარი იყოს დასაკორექტირებელი. ამ ეტაპზე ჩვენ დავადგენთ საზღვრებს. ეს გადაწყვეტილია,  მაგრამ დოკუმენტების შეჯერების შედეგად და ამ ორი ორგანოსგან პასუხების შეჯერების შედეგად, არაძეგლებზე სტატუსების მინიჭების შემთხვევაში შეიძლება ეს საზღვარი დაკორექტირდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი