სასტუმროებისა და ჰოსტელების ფასები ბათუმში

ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წლის ტურისტულ სეზონზე აჭარაში სასტუმროებში 18 277 საწოლია რეგისტრირებული.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს  ბათუმში დაბალბიუჯეტიანი და მაღალი კლასის სასტუმრო და განთავსების ობიექტი გაიზარდა 900-ზე მეტი საწოლი ადგილით. უკვე გახსნილია და მალე გაიხსნება ახალი სასტუმრო კომპლექსები:

სასტუმრო Sky Tower – 220 საწოლი ადგილი, რომელიც ხვალ, 19 მაისს გაიხსნება, სასტუმრო „ვინთემი“ – 335 საწოლი ადგილი, რომელიც უკვე გახსნილია, სასტუმრო „სემირამიდას ბაღები“ – 295 საწოლი ადგილი, სასტუმრო „ირე პალასი“ – 80 საწოლი ადგილი, უკვე გახსნილია.

რაც შეეხება ფასებს, tripadvisor.com-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ბათუმში ჰოსტელების მიმდინარე ფასი 40 ლარიდან იწყება. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ძველ ბათუმში, Surf-Hostel-ში ერთი ღამე 42 ლარი ღირს, Hostel Calypso-ში კი – 51 ლარი.

ჰოსტელ გლობუსის“ მფლობელის, რუსუდან ჩიტიძის თქმით, მაისში ერთი საწოლი 20 ლარი ღირს, აგვისტოში კი შესაძლებელია ეს ფასები შეიცვალოს. „ალბათ 4-5 ლარით აიწევს. ფასები მერყეობს ოთახების კატეგორიების მიხედვით, 15-იდან 25 ლარამდეა. ამ ფასში შედის ღამის გათევა, სარეცხი მანქანით სარგებლობა, ჩაი და ყავა, უკაბელო ინტერნეტი და თეთრეული, ბარგის შენახვა“.

მაგალითად, აეროპორტის ტერიტორიაზე ჰოსტელში „ტიჯეი“, ერთი ღამის ღირებულება 30 ლარია. „არის საერთო ოთახებიც, სადაც ერთი ადგილი 10 ლარი ღირს. არის 21-ლარიანი ორადგილიანი იზოლირებული ოთახიც, ჰოსტელში არის 35 და 40-ლარიანი ოთახებიც“.

ჰოსტელების მფლობელები ამბობენ, რომ საწოლის ფასი დოლარის კურსის ცვალებადობაზეა დამოკიდებული. „20- ლარიანი აგვისტოში შესაძლებელია გახდეს 25 ლარი, თუმცა ამაზე მეტს ვერ დავამატებთ, კლიენტს დავკარგავთ“, – გვეუბნება თეონა ძნელაძე.

ჰოსტელში „ანრი“, ერთი ღამის გათევა 20 ლარი ღირს. ჰოსტელი ახალ ბულვართან მდებარეობს.

სახლის ტიპის სასტუმროებში, ერთი ღამის ღირებულება 90 ლარიდან იწყება, უფრო დიდ სასტუმროებში კი საწყისი ფასი 150 ლარია.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის განცხადებით, გასულ წელს აჭარაში 1 414 602 ტურისტი შემოვიდა, აქედან ბათუმში – 871 ათას 495. მიმდინარე წელს კი, როგორც ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რეგისტრირებული ადგილების მიხედვით, ტურისტების 3-იდან 5 პროცენტამდე ზრდას ელიან.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com