მთავარი,სიახლეები

ზურაბ პატარაძე მეჩეთის მშენებლობის თემაზე: ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ გამოსავალს

16.05.2017 • 2556
ზურაბ პატარაძე მეჩეთის მშენებლობის თემაზე: ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ გამოსავალს

აჭარის მთავრობის პრესსამსახური ზურაბ პატარაძის ვიდეოკომენტარს ავრცელებს, სადაც ის ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ირგვლივ არსებულ პრობლემაზე საუბრობს.

ზურაბ პატარაძე  ამბობს: „იყო საუბარი იმაზე, რომ თითქო ეს იყო გასაიდუმლოებული შეხვედრა, არანაირი გასაიდუმლოებული შეხვედრები არ ყოფილა, ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი, ჩვენ არაჩვეულებრივი, კარგი დიალოგი გვაქვს ზოგადად სამუფთოსთან, არასამთავრობო სექტორთან, პრესასთან, ასევე რელიგიის სააგენტოსთან.  ჩვენ ვმსჯელობთ ამ თემაზე, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, ჩვენ ვართ მუდმივ დიალოგში და ეს დიალოგი არ შეწყვეტილა ერთი წუთით.

ახლახანს მქონდა შეხვედრა ტარიელ ნაკაიძესთან, ჩვენ გვქონდა საუბარი ამ თემებთან და ვფიქრობ, ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ გამოსავალს და დავდებთ იმ შედეგს რომელიც მისაღები იქნება ქვეყნისთვის, ჩვენი მუსლიმი მრევლისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი რეგიონის საკეთილდღეოდ“.

არასმთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ზურაბ პატარაძესთან შეხვედრის დროს, არ ყოფილა კონკრეტულ დეტალებზე საუბარი: „მთავრობის თავმჯდომარეს, როგორც ჩანს, ჩვენი პოზიცია აინტერესებდა, რომელიც ისედაც ნათელია“.

ახალი მეჩეთის მშენებლობაზე, „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის  ფონდმა“ ბათუმის მერიისგან უარი 5 მაისს, ოფიციალურად მიიღო.

„ბათუმის მერის ბრძანება ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად უკანონო,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) განცხადებით, მუსლიმი თემის საკუთრებისა და საკულტო ნაგებობის მშენებლობის საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ ავლენს სახელმწიფოს დისკრიმინაციულ პოლიტიკას, უხეშად არღვევს საქართველოს მოქალაქე მუსლიმების კონსტიტუციურ უფლებებს, ჰქონდეთ შესაბამისი სალოცავი პირობები და თანასწორად სარგებლობდნენ საკუთრების უფლებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: