მთავარი,სიახლეები

რა ხდება ადიგენში მცხოვრებ მუსლიმებთან – დაგეგმილი შეხვედრა არ შედგა

11.03.2024 • 3694
რა ხდება ადიგენში მცხოვრებ მუსლიმებთან – დაგეგმილი შეხვედრა არ შედგა

დღეს, 11 მარტს, ადიგენის მერი მუსლიმი თემის წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა. ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის თქმით, შეხვედრა მუსლიმების თხოვნით გადაიდო.

„დღეს არ იქნება შეხვედრა. მუსლიმებმა ითხოვეს, რომ კიდევ ერთი დღე მისცემოდათ კონსულტაციებისთვის.

ნურც ხვალ დაგვირეკავთ, თუკი რაიმე საინტერესო იქნება, პრესკონფერენციას გავმართავთ და იქ ვუპასუხებთ კითხვებს“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში „ბათუმელებს“ ადიგენის მერმა.

გოჩა ქიმაძე, ადიგენის არჩეული მერი

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს, ადიგენში მცხოვრებ მუსლიმ მერაბ მიქელაძის კერძო სახლთან, რამდენიმე მართლმადიდებელი სასულიერო პირი და ადამიანების ჯგუფი მიიჭრა. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ შენობაში მყოფ პირებს. სიტყვები შეიცავდა მუქარასაც.

ამ დრომდე, მომხდართან დაკავშირებით, როგორც „ბათუმელებს“ შს-ში განუცხადეს, გამოძიება არ დაწყებულა.

„ბათუმელები“ ესაუბრა მერაბ მიქელაძესაც, რომელსაც 8 მარტს, საკუთარ სახლში მიუვარდნენ აგრესიული ჯგუფები. მას ასევე ვკითხეთ, ხომ არ დაჰკავშირებია ამ დღეებში მერიიდან ან სხვა უწყებებიდან ვინმე შეხვედრის და მოლაპარაკებების თაობაზე და თავად როგორ ხედავს ამ პრობლემის მოგვარების გზას.

„შეხვედრა აუცილებლად იქნება, მაგრამ დღეს არა მგონია.

მე არანაირი კანონი არ დამირღვევია, ჩემ საკუთრებაში ვლოცულობდი, სადაც შემოგვეჭრა წინამძღვრებთან ერთად (ქრისტიანი) მრევლი. კერძო საკუთრებაში თუ არ შეიძლება ლოცვა, მაშინ სახლებშიც უნდა აგვიკრძალონ ლოცვა?

რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია“, – ამბობს მერაბ მიქელაძე.

მისი თქმით, დასახლებაში უფრო მეტია ქრისტიანი მოსახლეობაა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მუსლიმებს აქ ლოცვის უფლება არ უნდა ჰქონდეთ.

„ჩვენ ყველა ადამიანს პატივს ვცემთ და ვაფასებთ. ამ სახლში ხუთი წელია უკვე ლოცვები სრულდება და არავინ შეგვიწუხებია. ვფიქრობ, ეს რიგითი პროვოკაცია იყო ნიკოლოზის [ნიკორწმინდის წინამძღვარი] მხრიდან. აქ არ ცხოვრობენ მუსლიმები და არ არის საჭირო სამლოცველოო – გვეუბნებოდა ის.

მერაბ მიქელაძე და მისი კერძო საკუთრება, სადაც პარასკევის ლოცვის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცეს

გასულ წელსაც იყო ანალოგიური ინციდენტი და ამიტომ დაიწყო მერიამ ალტერნატიულ მეჩეთზე საუბარი.

ჩვენც ვიფიქრეთ, თუ ამ ადგილზე ასე აღიზიანებთ ჩვენი ლოცვა, მაშინ გადავალთ სადმე ახლო მანძილზე, თუ იქნება რაიმე შემოთავაზება-მეთქი. ოღონდ ეს უნდა გადმოეცათ კერძო საკუთრებაში მუსლიმებისთვის.

თავიდან დაგვპირდნენ, თუმცა შემდეგ თქვეს, არ შეიძლებაო და ვეღარ მოხდა შეთანხმება.

ქრისტიან მეგობრებსაც აქვთ კერძო ეკლესიები, მიდიან და ლოცულობენ, რა პრობლემაა აქ?“- ამბობს მერაბ მიქელაძე.

მაშინ მას ვკითხეთ, თუკი სახელმწიფო საკუთრებაში იქნება მეჩეთი, რა პრობლემას ხედავს ამაში? – მერაბ მიქელაძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში, მას შესაძლოა გარკვეული უფლებები შეეზღუდოს.

„თუნდაც ბავშვებისთვის სწავლება. არ ვიცი, ამის უფლებას მომცემენ თუ არა იმ მეჩეთში, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება. და ჩემს საკუთრებაში არ შეიძლება რომ ვასწავლო?

თან ფონდი ჩამოვაყალიბეთ და ამ ფონდის სახელზე იქნებოდა მეჩეთიც“, – ამბობს მიქელაძე.

მას ვკითხეთ, თუკი მოლაპარაკებებზე შეხვდება მერიას, როგორია მისი მოლოდინი და რა პირობებზე დათანხმდება სახელმწიფოს?

მერაბ მიქელაძე ამბობს, რომ წინასწარ ვერაფერს იტყვის, თუმცა „ყოველთვის სტაბილურობის და მშვიდობისთვის მოვუწოდებთ ყველას“.

მას ვკითხეთ, ხომ არ მიუმართავს გამოძიებისთვის განცხადებით, პირადი შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტებზე და ხომ არ ყოფილა სხვა ზეწოლები მასზე, გარდა იმისა, რაც კადრებში ჩანდა.

„არა, სხვა მუქარები არ ყოფილა, მაგრამ ამისთვისაც მივმართავ გამოძიებას აუცილებლად“, – ამბობს მერაბ მიქელაძე.

„ქართველებს შორის დაპირისპირება არ ღირს. ურთიერთობებს დაანგრევს, ძალიან ცუდის მომტანი იქნება ეს. არც შენობა და არც სხვა რამ არ უნდა გახდეს ასეთი კონფლიქტის მიზეზი“, – ამბობს სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე.

მისი თქმით, მომხდარის გამო ორივე მხარე უნდა დაფიქრდეს.

„ის, რაც მოხდა, ამის გამო მუსლიმი თემი შეურაცხყოფილად გრძნობს თავს. რადგან სიტყვიერ დაპირისპირებაში ქრისტიანი სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ. მე როგორც მუფთი, მივმართავ ადგილობრივ ეპარქიას, რომ დროულად იყოს ასეთი საკითხები განხილული, მსგავსი რამ რომ აღარ განმეორდეს, რადგან მუსლიმ თემსაც შეუძლია პასუხის გაცემა. ამიტომ კარგი იქნება, თუ ეპარქია თავად მოიკითხავს ამ საკითხს“, – ამბობს მუფთი.

მისი თქმით, კონკრეტული პირების მხრიდან ნამდვილად იყო შეურაცხყოფა და მუქარა მერაბ მიქელაძის მისამართით, ამიტომ ეს პრობლემაა და ამაზე შესაბამის უწყებებს რეაგირება უნდა ჰქონდეთ.

შეატყობინა თუ არა ვინმემ შეხვედრის თაობაზე და რაზე აპირებენ მუსლიმები შეთანხმებას, ვკითხეთ სამცხე-ჯავახეთის მუფთს, მამუკა ვაშაყმაძეს.

მისი თქმით, მერთან შეხვედრის თაობაზე ჯერჯერობით არაფერი ისმის.

„მე, პირადად, არავინ შემხმიანებია და არც ის ვიცი, ჩაინიშნა თუ არა რაიმე შეხვედრა“, – ამბობს მუფთი.

მას ვკითხეთ, რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე და მართლა აპირებდა თუ არა სახელმწიფო მუსლიმებისთვის მეჩეთისთვის ადგილი გამოეყო სადმე, მერაბ მიქელაძის საკუთრებაში არსებული ქონების სანაცვლოდ?

„რაც გაჟღერდა, ნამდვილად ასე იყო. მუსლიმთა სამმართველო აპირებდა პასუხისმგებლობის აღებას მეჩეთის მშენებლობაზე, თუმცა მერაბ მიქელაძე ფიქრობს, რომ მეჩეთი კერძო საკუთრებაში უნდა იყოს და არა სახელმწიფო საკუთრებაში. ამიტომ მას სურდა, რომ მეჩეთის მშენებლობის თანხა პირად ანგარიშზე გადარიცხულიყო.

სახელმწიფომ უარი თქვა ამაზე და მიდიოდა დისკუსია, ამიტომ შეჩერდა პროცესი“, – ამბობს მამუკა ვაშაყმაძე.

მამუკა ვაშაყმაძე, სამცხე-ჯავახეთის მუფტი

მისი თქმით, შემოთავაზებული ტერიტორია, ადიგენის ცენტრიდან ფეხით ხუთი წუთის სავალზეა, სოფელ იჯარეთში.

„მე და მერაბი ბავშვობის მეგობრები ვართ. ამიტომ ვთხოვე, რაიმე დაპირისპირება რომ არ მომხდარიყო, წამოსულიყო ამ შემოთავაზებაზე. მაგრამ ვერ გაითვალისწინა რაღაც გარემოებები თუ რატომ მოხდა ასე, ვერ გეტყვით“, – ამბობს მამუკა ვაშაყმაძე.

თუ არიან ხელისუფლების შემოთავაზებაზე თანახმა სხვა მუსლიმები? – ვკითხეთ ვაშაყმაძეს.

„სიმართლე გითხრათ, მუსლიმებს სურთ, რომ მეჩეთი ხელმისაწვდომ ადგილზე იყოს, ადვილად რომ შეძლონ მისვლა. მერაბ მიქელაძე გააკეთებს მეჩეთს თუ სახელმწიფო, რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, ჩვენ ვილოცოთ.

იქ სამლოცველოს გახსნამ იმიტომ გამოიწვია ხალხის გაღიზიანება, რომ ძირითადად ქრისტიანები ცხოვრობენ. აქ ვის გაუხსენით მეჩეთი და რატომო? – ეს კითხვები ჰქონდა იმ ხალხს.

თავიდან უთანხმოება გააჩინა იმან, რომ ბაირამის ლოცვის დროს, ცენტრალური გზის ერთი მხარე ჩაიკეტა და იყო გარკვეული შეფერხება. იყო ისეთი პარასკევებიც, როცა ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა სამლოცველოში და აქედან გამომდინარე გადაიზარდა კონფლიქტში“, – გვეუბნება მუფთი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ წარმომადგენლის მაკო ღავთაძის შეფასებით, ის რაც 8 მარტს ადიგენში მოხდა, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უფლებას უხეშად არღვევს. 

„8 მარტის შემთხვევამ გვაჩვენა, რომ საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მდგომარეობა არის რთულად, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ეს პრობლემები და ეს სისტემური სირთულე სათანადოდ არ ჩანს. 

ამაში დიდ წილად დამსახურება აქვს ხელისუფლებას, რომელიც სრულ კონტროლს ახორციელებს ან ცდილობს, რომ ჰქონდეს სრული კონტროლი რელიგიურ სფეროზე და სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტროც. 

ამიტომ ეს რაღაც „სიჩუმე“ რომელიც აღარ დარჩა სიჩუმედ, ამ შემთხვევამაც გვაჩვენა, რომ არის სწორედ რეპრესიული პოლიტიკის შედეგი“-ამბობს მაკო ღავთაძე. 

მისი თქმით, ამ კონკრეტული ადამიანების და მუსლიმების დევნა არ დაწყებულა 8 მარტს, არამედ ერთ წელზე მეტია მიდის სახელმწიფოს და საქართველოს ეკლესიის მხრიდან ორგანიზაბული დევნა ამ ადამიანების. 

„და ის, რომ საზოგადოებამ დევნის შესახებ მხოლოდ ახლა შეიტყო, არის იმ პოლიტიკის შედეგი, როცა სახელმწიფო ცდილობდა ყველანაირად მოეგუდა პრობლემა, რომ ზედაპირზე არ გამოჩენილიყო. 

ამას ადასტურებს ადიგენის მერის განცხადებებიც, სადაც ამბობს, რომ რაღაც მოლაპარაკებები იყო ამ საკითხზე მუსლიმებთან და თან მოლაპარაკებები იმაზე, თუ როგორ დაჩაგრონ ადამიანები და როგორ შეუზღუდონ მათ კონსტიტუციური უფლება. 

აი, ამ მოლაპარაკებაში იყო შესული სახელმწიფო და არის სავარაუდოდ დღემდე, თუ როგორ ათქმევინონ ადამიანებს იძულებით უარი საკუთარ ფუნდამენტურ უფლებებზე  და თავიანთ საკუთრებაზე“-ამბობს მაკო ღავთაძე. 

მისი შეფასებით, ადიგენის მუნიციპალიტეტში არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა სახელმწიფო ცდილობს შეზღუდოს მუსლიმთა უფლებები. 

„იყო მოხეს შემთხვევა, ჭელაში როცა მოხერხეს მინარეთი და ცემეს მუსლიმები, ასევე სოფელ ადიგენში იყო მცდელობა რომ მუსლიმებს არ ჰქონოდათ სასაფლაო და მსგავს შემთხვევებს ყოველთვის აორგანიზებდა ის კონკრეტული სასულიერო პირი, რომელიც ფიგურირებს 8 მარტის ინცინდეტში და ასევე მასთან დაკავშირებული ადამიანები. 

გამოდის, რომ მათ აქვთ სრული კონტროლი რეგიონში ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად რა ვითარება უნდა იყოს სკოლებში, მუსლიმებს რა უფლებები უნდა ჰქონდეთ, ისტორიული მეჩეთი დაუნგრიონ თუ წაართვან, მეჩეთი როგორ უნდა გამოიყურებოდეს და ასე შემდეგ. 

სოფელ კიკიბოში და  სხვა მუსლიმებით დასახლებულ სოფლებში ყველა გეტყვით, როგორ წაართვეს მიწები მუსლიმ მოსახლეობას, რომელიც ამ ხალხის ერთადერთი შემოსავალი იყო“-ამბობს ღავთაძე. 

სახელმწიფოსა და ეკლესიის მიდგომები, რომ იქ ქრისტიანული უბანია და არ შეიძლება მუსლიმური სამლოცველო ფუნქციონირებდეს, მაკო ღავთაძის შეფასებით არის უკანონო და როცა ამას მერიიის წარმომადგენლები აკეთებენ, ჩადიან სამოხელეო დანაშაულს. 

„არავის აქვს უფლება ადამიანებს შეუზღუდოს ლოცვა, შეკრება და განუსაზღვროს როგორი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც ადამიანები ლოცვისთვის შეიკრიბებიან. 

ამიტომ, ის განცხადებები, რასაც მერი და სასულიერო პირები აკეთებენ, არის სრულიად უკანონო. 

ლოცვა არის ადამიანის რწმენის და რელიგიის თავისუფლების ნაწილი და ეს უფლება არის ხელშეუხებელი. 

ამიტომ ასეთი განცხადებები, გარდა იმისა, რომ არის დანაშაულის შემწყნარებლობა, დანაშაულში თანამონაწილეობა, ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არის პირდაპირი წაქეზებაც მსგავსი შემთხვევების“ – გვეუბნება მაკო. 

მისი თქმით, საკულტო ნაგებობები სწორედ კერძო საკუთრებებში უნდა შენდებოდეს და არა სახელმწიფო ტერიტორიებზე, – „ეს არის კანონიერი“. 

 „ფაქტობრივად მუსლიმ თემს არაფერი დაუტოვა საკუთრებაში სახელმწიფომ, ყველაფერი სახელმწიფო ბალანსზეა და მუსლიმთა სამმართველოზე არის დროებითი სარგებლობის წესით გადაცემული, რომელიც ნებისმიერ დროს შეუძლია წაართვას. ეს არის სწორედ რელიგიურ თემზე ზეწოლის ბერკეტი“-ამბობს ღავთაძე. 

მას ვკითხეთ, როცა პოლიცია, სახელმწიფო ამბობს, რომ „იქ არაფერი ხდება“ ანუ ადიგენში არ არსებობს დაპირისპირების რაიმე მიზეზი, ამით სახელმწიფო ცდილობს მიაჩუმათოს საარჩევნო წელს კონფლიქტი თუ თავს არიდებს გამოძიებას, რადგან ამ საქმეში მართლმადიდებელი სასულიერო პირები ფიგურირებენ?

„ალბათ ორივე. ერთი მიზანი იქნება, რომ არ წარმოაჩინოს იმ სიმძიმით ეს კონფლიქტი რაც რეალურად არის და მეორე, სახელმწიფოს რომ სურდეს, პრობლემის მიჩუმათემა, მაშინ არ მოხდებოდა მსგავსი კონფლიქტებიც.  ამიტომ მგონია, რომ ამ ყველაფერში საპატრიარქოსთან ერთად, სახელმწიფოც მონაწილეობს, რომ აჩვენონ ადამიანებს ვის ხელშია ძალაუფლება. 

თუმცა, არ უნდათ ეს ყველაფერი საზოგადოებამ ნახოს იმ ფორმით, რაც ნახა, რადგან არ მგონია, რომ ამ ყველაფერს ვინმე გულგრილად შეხედავდა და რწმენასთან დააკავშირებდა იმ ტერმინოლოგიას ან ქცევას, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ. 

ეს ადამიანები დაუსჯელები არიან წლებია, მუსლიმების დევნის შემთხვევებშიც და სხვა მასშტაბური ძალადობრივი ქმედების გამოც, რაც ვნახეთ 5 ივლისს მაგალითად.  

მე არ ვიცი მუსლიმები საბოლოოდ რას დათანხმდებიან და რას არა, რომც დათანხმდნენ, ეს იქნება იძულება, ამიტომ ეს არის ცალსახად დევნა და ძალადობა სახელმწიფოს მხრიდან ამ ადამიანებზე და კონსტიტუციის აბუჩად აგდება და იმის წამოწყება, რომ ადამიანებმა დათმონ საკუთრება და წავიდნენ იქ, სადაც არ გამოჩნდებიან 

ანუ თუ გახდები უხილავი ვიღაცისთვის, მაშინ შეიძლება მისაღები იყო. 

თუმცა, არც იმის მჯერა, რომ რაიმე საკუთრების გადაცემას აპირებდა მერია მუსლიმებისთვის, რადგან ჩვენ გვინახავს მსგავსი შემთხვევები და ეს არის კარგად დაცდილი ტაქტიკა დროის გაყვანის.

იგივე სცენარი გაითამაშეს მოხეშიც, როცა რელიგიის სააგენტომ თითქოსდა ძველი მეჩეთის წარმომავლობის დადგენის მიზნით რაღაც კომისია შექმნა და ეს კომისია 4 წელი ამუშავა, ისე რომ შედეგი არ დაიდო.  

დიდი ალბათობით იგივე სცენარი იყო აქაც და თუ განიხილავდნენ ამ საკითხს, ესეც არის მიუღებელი და უკანონო“-ამბობს მაკო ღავთაძე. 

___

ნახეთ, რა ხდებოდა ადიგენში 8 მარტს მერაბ მიქელაძის სახლთან:

ადიგენში პარასკევის ლოცვის ჩაშლას გუშინ, 10 მარტს ბათუმში მუსლიმი თემი აქციით გამოეხმაურა და ხელისუფლებას მოუწოდა აღკვეთოს მუსლიმების ჩაგვრისა და დისკრიმინაციის ფაქტები.

აქცია ბათუმის ისტორიულ მეჩეთთან გაიმართა:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: