tualeti

ტუალეტის კაბინაში გადამალული 13 ათასი დოლარი

თურქეთის ორ მოქალაქეს დიდი ოდენობით ფულის ქურდობისთვის მოსამართლე ირაკლი შავაძემ 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მოპარული ფული მსჯავრდებულებს ბათუმში, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის ტუალეტში ჰქონდათ გადამალული.

დაზარალებული ასევე თურქეთის მოქალაქეა, რომელიც ბათუმში ცხოვრობს და ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესშია ჩართული. მსჯავრდებული ქალი და კაცი კი, მისი მეგობრები იყვნენ. დაზარალებულმა მოსამართლეს მოუყვა, რომ მეგობრები თურქეთიდან ესტუმრნენ რამდენიმე დღით. ფულის მოპარვის დღეს ავტობუსის ბილეთების საყიდლად დაზარალებულმა თავისი მანქანით წაიყვანა სტუმრები „მეტროს“ ავტოსადგურში. ბილეთების შესაძენად მანქანიდან დაზარალებული და ერთ-ერთი მსჯავრდებული გადმოვიდნენ, ქალი – მანქანაში დარჩა.

„დავემშვიდობე და წამოვედი. ავტოსადგურიდან დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ მანქანის სათავსოში დილით დადებული 13 100 ამერიკული დოლარი აღარ იყო. დავურეკე მეგობრებს, თქვენ ხომ არ აგიღიათ, ხომ არ იხუმრეთ-მეთქი. უარყვეს, არაო. არადა, მათ გარდა იმ დღეს ჩემს მანქანაში არავინ ყოფილა. მაშინვე პოლიციას მივმართე,“ – ყვება დაზარალებული.

პოლიციამ უკვე თურქეთის მიმართულებით წასული ავტობუსი ბათუმიდან გასვლამდე, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან გააჩერა. ამ დროს კაცმა მსჯავრდებულმა ტუალეტში შესვლა მოიმიზეზა და მოპარული ფული ტუალეტის კაბინაში, ქაღალდის ყუთში დატოვა.

ტუალეტიდან გამოსულ მსჯავრდებულს პოლიციამ ვიდეოკადრები აჩვენა, სადაც ავტოსადგურში ბილეთების შეძენა იყო დაფიქსირებული და მანქანა, საიდანაც მარტოდ დარჩენილი ქალი გადმოდის და მერე უკან ბრუნდება.

„ამ კადრებში არ ჩანდა ფულის აღება, მაგრამ მისმა ჩვენებამ მსჯავრდებულები დააბნია. მათ მაშინვე მიუთითეს, სადაც ინახებოდა ფული. გამოძიებამ ტუალეტის კაბინიდან თანხა ამოიღო, თუმცა თურქეთის მოქალაქეები არ დაუკავებია. ისინი მოწმის სახით დასაკითხად წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში,“ – გვიყვება „იურიდიული დახმარების სამსახურის“ იურისტი, ლაშა რომანაძე.

გამოძიებას შეეძლო „გადაუდებელი საჭიროების მოთხოვნით“ დაკითხული პირები დაეკავებინა, თუმცა ამის ნაცვლად, სასამართლოს მიმართა დაკავების ორდერის მისაღებად. ადვოკატის, ლაშა რომანაძის ინფორმაციით,  ორდერის გამოცემის შემდეგ, სამართალდამცველებმა თურქეთის მოქალაქეებს ვეღარ მიაგნეს და მათზე ძებნა გამოცხადდა.

„ოფიციალურად არ გადაუკვეთავთ საქართველოს საზღვარი, ეს უფლება შეზღუდული ჰქონდათ, – გვიყვება ლაშა რომანაძე, – სასამართლოში ჩვენ ვაპელირებდით იმაზე, რომ მტკიცებულებებით არ დგინდებოდა წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ ორგანიზებულად დანაშაულის ჩადენა, მაგრამ ეს მოსამართლემ არ გაიზიარა“.

რაც შეეხება ტუალეტში ფულის დატოვებას, ლაშა რომანაძე ვარაუდობს, რომ მსჯავრდებულებმა ფულის მოშორება გადაწყვიტეს, რადგან პოლიციელები გამოჩნდნენ: „ან გადაწყვიტეს, რომ სარფის საბაჟოდან დაბრუნდებოდნენ იმავე დღეს უკან და თანხას წაიღებდნენ“.

წინასწარ შეთანხმებით ორგანიზებული ქურდობისთვის საქართველოს კანონმდებლობა 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი