ერთი მღვდლის გადაწყვეტილება: ბზის გარეშეც შეიძლება ბზობის აღნიშვნა

ბზების ნაცვლად ნებისმიერი სხვა მცენარით ბზობის აღნიშვნისკენ დღეს, 2 აპრილს, საკვირაო ქადაგების დროს დეკანოზმა სერგი რუხაძემ მოუწოდა მრევლს. ის ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარია. ქადაგების დროს მან გადაშენების პირას მყოფ ბზაზე ისაუბრა და მორწმუნეებს დართო ნება, მომავალ კვირას, ბზობის დღესასწაულზე ტაძარში სხვა მცენარით მივიდნენ.

არის თუ არა ეს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება – ეპისკოპოს დიმიტრის რეზიდენციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებული არ არიან. „არ ვიცი, თვითონ მამა სერგის ჰკითხეთ, ვისგან ჰქონდა კურთხევა“, – გვითხრა მიტროპოლიტ დიმიტრის მდივანმა, თამარ ჩხაიძემ.

დეკანოზი სერგი რუხაძე

დეკანოზი სერგი რუხაძე

დეკანოზი სერგი რუხაძე: „ასე იყო კი, რაა ამაში ცუდი? ბზა გადაშენების პირასაა და კიდევ მოვატეხოთ ტოტები, არ იქნება კარგი. ეს ჩემი პირადი განწყობაა. ბზის გარეშეც შესაძლებელია ბზობის დღესასწაულის ჩატარება. ისრაელში საერთოდ არ არის ბზის კულტურა. იქ მაცხოვარს შეხვდნენ პალმის რტოებით, ან საკუთარ შესამოსელს უფენდა ხალხი პატივისცემის ნიშნად. ჩვენთან დამკვიდრდა ბზის ტრადიცია, რადგან ბზა ყოველთვის  ბევრი იყო აქ.“

კითხვაზე, ვისთან შეთანხმებით მიიღო ეს გადაწყვეტილება, სერგი რუხაძემ გვიპასუხა: „ეს არის ჩემი პირადი განწყობა. ეკლესიაში სხვა სასულიერო პირებთან ამაზე საუბარი არ მქონია…“

სერგი რუხაძემ მრევლს მისცა კურთხევა ბზის ნერგებითაც აღნიშნონ ბზობის დღესასწაული, თუკი ამის შესაძლებლობა იქნება.

გაყიდის თუ არა თავად ეკლესია ბზის ნერგებს? – წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი ამის შესახებ ჯერ ვერაფერს ამბობს.

კოლხური ბზა წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა, რომელიც ამ ეტაპზე ნადგურდება.


ენდემური მცენარე კოლხური ბზა საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 64/1 მუხლის მიხედვით, ბზის, როგორც წითელი ნუსხით დაცული სახეობის მოჭრა, ამოძირკვა და ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი