IMG_20170331_112324

„ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ“ სასამართლო დავა წააგო

ნათია ცინცაძის სარჩელი მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა სრულად დააკმაყოფილა. ნათია ცინცაძე 2015 წელს გაათავისუფლა ბათუმის მე-6 საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ მას შემდეგ, რაც ნათიამ ბავშვის ცემის ფაქტი მობილური ტელეფონით გადაიღო.

„ვაიმე, თქვენ გაიხარეთ,“- ამ სიტყვებით გამოხატა ემოცია სასამართლო დარბაზში ნათია ცინცაძის დედამ, ლიანა თავაძემ. სწორედ მას უკავშირებდა საბავშვო ბაღის გაერთიანება მომხდარ ინციდენტს საბავშვო ბაღში.

ლიანა თავაძე 2013 წლამდე მე-6 საბავშვო ბაღის გამგე იყო 25 წლის განმავლობაში. მისი შვილი, ნათია ცინცაძე კი, ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. მან 2015 წლის ნოემბერში დააფიქსირა, როგორ სცემდა ერთ-ერთი ძიძა აღსაზრდელს.

„მაშინ თქვეს, რომ თითქოს ეს მე სპეციალურად გავაკეთე და გათავისუფლებული დედის გამო ვიძიე შური. სინამდვილეში, გადაღებული ვიდეო იმავე დღეს ბაღის დირექტორს, გურანდა გობაძეს ვაჩვენე. მითხრა, რომ ფაქტი უნდა დამალულიყო, იგივე მითხრეს საბავშვო ბაღების გაერთიანებაში,“ – ამბობს ნათია ცინცაძე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნათია ცინცაძე უნდა აღდგეს ისევ აღმზრდელის პოზიციაზე და განაცდურის სახით მას საბავშვო ბაღების გაერთიანებამ სრულ აღდგენამდე უნდა გადაუხადოს თვეში 330 ლარი. პერიოდი 2015 წლის 20 ნოემბრიდან აითვლება, როცა გაერთიანებამ დისციპლინის დარღვევის გამო ნათია ცინცაძე სამსახურიდან გაათავისუფლა.

საბავშვო ბაღში დისციპლინის დარღვევის ფაქტი დადგენილად მიიჩნია მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა. მისი განმარტებით, დარღვევა არ იყო იმ სიმძიმის, რომ მის მიმართ ყველაზე მკაცრი ზომა – სამსახურიდან გათავისუფლება გამოეყენებია ადმინისტრაციას.

„დაუშვებელია დესტრუქციული მოქმედება, მით უმეტეს სააღმზრდელო დაწესებულებაში. იმედია, ეს გათვალისწინებული იქნება,“ – მიმართა ნათია ცინცაძეს მოსამართლემ, ვიდრე დარბაზიდან გავიდოდა.

„ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ გვაქვს, გავასაჩივრებთ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას“ – გვითხრა დავით ჩხეიძემ. ის „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას“ წარმოადგენდა სასამართლოში.

სასამართლო გადაწყვეტილებას ელის ლიანა თავაძე. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლომ მას სამსახურში აღდგენაზე უარი უთხრა. სარჩელის დასაშვებობის საკითხს უზენაესი სასამართლო განიხილავს.


ფოტოზე: ნათია ცინცაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში/31.03.2017

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი