მაგნოლია გადასატანად მზადაა. ციხისძირი. 12 იანვარი 2017 წელი. ფოტო: თედო ჯორბენაძე

ასფალტი თუ ხე – რის გამო გადაიკეტა ციხისძირის გზა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ხელმძღვანელის ზურაბ სიხარულიძის თქმით, გუშინ გვიან ღამით, ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალი ციხისძირის მონაკვეთში დროებით იყო გადაკეტილი. თუმცა, როგორც სიხარულიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, გზის გადაკეტვა არა ხის გადატანას, არამედ გზების დაგებას უკავშირდებოდა.

„დიდი მანქანებისთვის იყო ჩაკეტილი გზა, რადგან ასფალტს ვაგებდით ღამით. გამთენიისას კი გზა გავხსენით. ციხისძირის მონაკვეთზე დაახლოებით 2 კილომეტრი და 250 მეტრი გზა დაიგო, რადგან ძალიან დაზიანებული იყო. კიდევ გვაქვს დასაგები ორკილომეტრ-ნახევარი და ერთი ღამის სამუშაო დაგვრჩა. ამინდი რომ იქნება, იმასაც დავამთავრებთ“ – ამბობს ზურაბ სიხარულიძე.

ბუკნარიდან გუშინ წამოღებული კიდევ ერთი ხე ჩაქვის შესასვლელთან არის გაჩერებული. გზის პერიმეტრზე არსებული ხეების დიდი ნაწილი მოჭრილია.

ხე ჩაქვში დღეს საღამოს უნდა ჩაიტანონ.


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, სადაც შეკვეთილში გადასატანად ხეებს თხრიან, ბათუმი-თბილისის ავტომაგისტრალზე გარეგანათების ბოძები და საგზაო ნიშნებიც ამოთხარეს.

ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ კი „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ გარეგანათების ბოძების ამოთხრა ხის გადატანას არ უკავშირდებოდა.

ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com