მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მიერ პარკირების წესის დარღვევის ფაქტები [ვიდეო]

16.03.2017 • 7575
ბათუმის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მიერ პარკირების წესის დარღვევის ფაქტები [ვიდეო]

ბათუმის მერიის შენობის წინ, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, მერიისა და საკრებულოს ათობით სამსახურეობრივი ავტომანქანა პარკირების წესის დარღვევით დგას, მაშინ, როდესაც მერიას ადმინისტრაციული შენობის უკან აქვს  ტერიტორია პარკინგისთვის, რომელიც ნახევრად ცარიელია. „ბათუმელები“ აღნიშნულ ტერიტორიას ორი კვირის მანძილზე აკვირდებოდა.

მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, ქუჩის ერთ მხარეს პარკირება დასაშვებია, აქ ამკრძალავი ნიშნის ქვემოთ არის წარწერა – „მერიის ავტომობილების გარდა“. ქუჩის მეორე მხარეს კი დგას ნიშანი „გაჩერება აკრძალულია“. სხვა დამატებითი აბრა იქ განთავსებული არაა.

მიუხედავად ამისა, ბათუმის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ავტომობილებს ამკრძალავი ნიშნის ქვეშ აჩერებენ, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს მოძრაობის შეფერხებას.

იმის გასარკვევად, თუ რატომ არღვევენ მერიის თანამშრომლები მათ მიერვე დადგენილ ნორმებს, „ბათუმელები“ ბათუმის მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს პარკირების ადმინისტრირების განყოფილებას დაუკავშირდა. ჩვენ გვაინტერესებდა დღეს, 16 მარტს ან გასული კვირის მანძილზე ბათუმის მერიის წინ კანონდარღვევით გაჩერების გამო თუ დააჯარიმეს ვინმე. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოში გვითხრეს, რომ „წვიმის გამო კონტროლიორები დღეს შემოწმებაზე არ გაუშვიათ. წინა დღეების მონაცემებს კი მოგვიანებით მოგვაწვდიან“.

დაჯარიმდა თუ არა დღეს  რომელიმე მძღოლი, პატრულის მიერ, ბათუმის მერიის შენობის წინ არასწორი პარკინგისთვის? – ამ შეკითხვით „ბათუმელებმა“ შს სამინისტროს პრესცენტრს მიმართა. შსს-ს პრესცენტრის განმარტებით „ციფრები და მონაცემები საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროში წერილობითი მიმართვის შემთხვევაში გაიცემა“.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის მერია თავად არის ის ორგანო, რომელმაც უნდა იზრუნოს ქალაქში ავტომანქანების პარკინგის მოწესრიგებაზე, გამოავლინოს დამრღვევები და დააჯარიმოს ისინი. გარდა ამისა, არასწორი დგომისთვის დამრღვევი შეიძლება დააჯარიმოს საპატრულო პოლიციამაც.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: