რატომ თქვა უარი საპატრიარქომ სახელმწიფოსგან 3 მილიონი ლარის მიღებაზე

სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გამოყოფილი 3,7 მილიონი ლარიდან, სამი მილიონი ლარის მიღებაზე საპატრიარქომ უარი თქვა. რა იყო უარის მიზეზი, არც ჩვენს მიერ მოპოვებულ დოკუმენტებშია მითითებული და ვერც საპატრიარქოში გავარკვიეთ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისადმი გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან აბაიშვილი აწერს, აღნიშნულია, რომ საპატრიარქოსთვის გამოყოფილი 3 737 400 ლარიდან, 3 მილიონი ლარი დაბრუნდეს მთავრობის სარეზერვო ფონდში.

ეს წერილი 2016 წლის 27 დეკემბრით თარიღდება. ამავე წლის 31 მაისის წერილით კი, იგივე ლევან აბაიშვილი მინისტრის მოადგილეს თხოვდა აღნიშნული თანხა გაენაწილებინათ ეტაპობრივად და პირველ ეტაპზე საპატრიარქოსთვის 1 737 400 ლარი გამოეყოთ.

საპატრიარქოდან ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილი წერილები:

0 w1 w

ამ ორი წერილის ასლი რომ მიგვეღო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან და ფინანსთა სამინისტროდან, თითქმის 2 თვე დასჭირდა.

რატომ თქვა უარი საპატრიარქომ ამ თანხის მიღებაზე? – საპატრარქოში „ბათუმელებს“ ამ კითხვის პასუხად უთხრეს, რომ თავად გადმოგვირეკავენ.

ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხიდან არც ერთი ლარი არ გადარიცხულა საპატრიარქოს ანგარიშზე 2016 წლის დეკემბრამდე. დეკემბრის ბოლოს კი, მთავრობამ დაავალა სამინისტროს, საპატრიარქოსთვის გადაერიცხა მხოლოდ 737 400 ლარი.


საქართველოს მთავრობის 2016 წლის 5 მაისის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტროს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოსთვის 3 მილიონ 737 ათას 400 ლარი უნდა გადაერიცხა. ეს თანხა სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია-აღდგენას და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს უნდა მოხმარებოდა.

მიმდინარე წლის 13 იანვარს, გამოქვეყნდა მთავრობის განკარგულება, რომლის მიღების თარიღად გასული წლის 30 დეკემბერია მითითებული. ამ განკარგულებით საპატრიარქოსთვის, ნაცვლად 3 მილიონ 737 ათას 400 ლარისა, სარეზერვო ფონდიდან მხოლოდ 737 ათას  400 ლარი უნდა გადაერიცხათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com