შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების შემცველობა დასაშვებზე მაღალი აღმოჩნდა.
მოწამლეს თუ მოიწამლა შიო მუჯირი? ან ხომ არ არის ეს ყველაფერი ხელისუფლების ანტიდასავლური კამპანიის გაგრძელება? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა.
- ბატონო მირიან, რამდენად დამაჯერებელია მოსაყდრის მოწამვლა და ვის ინტერესებში შეიძლება ეს შედიოდეს?
მოცემულ მომენტში, იმ ფაქტებიდან გამომდინარე რაც დღეს ხელთ გვაქვს, ვერ ვიტყვით, რომ ნამდვილად მოწამლეს მისი მეუფება, მოსაყდრე შიო მუჯირი.
ვეყრდნობით მხოლოდ ანონიმურ წყაროს და შემდეგ საპატრიარქოს საკმაოდ ორაზროვან განცხადებას.
ისინი ეყრდნობიან შიოს სისხლის საერთო ანალიზის პასუხებს.
ამ ამბავში უცნაური ისიც არის, რომ საუბარი ეხება დაახლოებით ერთი თვის წინანდელ ამბებს.
ორი რეალისტური ვარიანტი შეიძლება იყოს აქ. პირველი ის, რომ მართლაც, შეიძლება ჰქონდა ადგილი მეუფე შიოს მოწამვლას, რაც ყველაზე ნაკლებ სავარაუდო ვერსიაა, თუმცა ამასაც აქვს არსებობის უფლება.
ამბავს მეორე, პოლიტიკური განზომილება შეიძლება ჰქონდეს, რაც დაადასტურა კიდევ პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი განცხადებით, რომ აი, მეუფე შიოს სიტყვით ებრძოდნენ თურმე და ახლა მისი მოკვლაც სცადესო.
- თქვენი აზრით, რა იგულისხმა აქ პაპუაშვილმა?
პირველ რიგში იგულისხმა კრიტიკული მედიასაშუალებები, კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოების ნაწილი, რომელიც ბედავს და აკრიტიკებს საქართველოს ეკლესიის აშკარად გამოკვეთილ პრორუსულ კურსს.
- მედიას და კრიტიკულ საზოგადოებას თუ გულისხმობენ, მათ ყველაზე ნაკლებად მიუწვდებათ ხელი მეუფე შიომდე, ვინ დაიჯერებს ამ ვერსიას?
რა თქმა უნდა, სრული აბსურდია ეს ვერსია, რადგან ჟურნალისტებს ყოფით სივრცეში, მეუფე შიოს საცხოვრისთან და მით უმეტეს მის ნივთებთან შეხება არ აქვთ. მაგრამ ალბათ ამით იმის თქმას ცდილობენ, რომ აი, კრიტიკულად განწყობილ ნაწილსაც ჰყავს მოკავშირეები საპატრიარქოს შიგნით.
აქ კითხვის ნიშნებს იწვევს დარიშხანიც, რომელიც მოძველებული ფორმაა ადამიანის მოწამვლის, ისევე როგორც ციანიდი.
სადღეისოდ მოწამვლისთვის ბევრი სხვა საშუალება არსებობს, რომელიც მზადდება ადამიანის გენეტიკაზე გათვლებით, თუ მართლა ამითაა ადამიანი დაკავებული, ამიტომ ბადებს ეს ვერსიები ეჭვს.
იგივეა ციანიდის საქმეშიც – ამდენი წელი გავიდა და ფაქტია, რომ ციანიდი არსად არ არსებობდა, ეს იყო უბრალოდ მოგონილი ამბავი.
- სხვადასხვა კვლევით ვიცით, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმეა ეკოლოგიური მდგომარეობა, არაერთმა კვლევამ დაადასტურა მაგალითად ბავშვების სისხლში ტყვიის არსებობა, იქნებ შიოს შემთხვევაშიც ეკოლოგიური დაბინძურების კვალია?
ჩემი პირადი კითხვა მეუფე შიოს მიმართ და მეგობრული რჩევა იქნებოდა, რომ ის ასევე გარკვეულიყო საქართველოს ეკოლოგიური პრობლემების საკითხში, რადგან მართლაც მთელი სამყარო გვირჩევს, რომ მივხედოთ ეკოლოგიას. საქვეყნოდ ცნობილია, რომ საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში ჰაერში ძალიან დიდი რაოდენობითაა ტყვია, მავნე ნაწილაკების რაოდენობა ჰაერში და იქნებ ამითაც დაინტერესებულიყო.
მე ვცხოვრობ გერმანიაში, სადაც ძალიან მკაცრად არის რეგულირებული გამონაბოლქვების საკითხი და ვიცით, რომ აქ შეძენილ ავტომანქანებს საქართველოში კატალიზატორებს ხსნიან და ცალკე ყიდიან. ექსპორტად გადაიქცა ეს ნივთები.
- ხომ არ არის ეს ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელება, რადგან არაერთხელ ითქვა, რომ შიო მუჯირი კრემლის ინტერესებს ატარებს საქართველოში?
მე როგორც მივხვდი, ესენი ცდილობენ ამ ამბისგან გამოიყვანონ ანტიდასავლური პროპაგანდა, რომ თითქოს დასავლურმა ძალებმა მოწამლეს შიო, რომ ეს არის ბოლო და ერთადერთი დამცველი საქართველოს ტრადიციული ფასეულობების, ასე ვთქვათ, შემწინაღმდეგებელი ლგბტქ პროპაგანდის.
დაახლოებით ეს ნარატივები ჩანს მათ კომენტარებშიც.
ამიტომ, პაპუაშვილის განცხადებაც იყო წმინდა წყლის პოლიტიკური დივიდენდების დაწერისთვის გათვლილი ამბავი.
- პატრიარქთან შედარებით შიო მუჯირის ავტორიტეტი დაბალია. ხომ არ ცდილობენ მისგან რაღაც ფიგურა შექმნან ამით?
მე ვემხრობი ამ ვერსიას. ჩემთვის მოცემულ მომენტში ყველაზე სანდო ვერსიაა, რომ ეს დასჭირდათ მეუფე შიოს ფიგურის გააქტიურებისთვის, რომ ამ კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთხელ დააფიქსიროს პრორუსული ნარატივი, რომ თითქოს ევროპა გვაიძულებს გავრყვნათ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი შვილები მივაშვილოთ გეი წყვილებს და ასე შემდეგ.
და ყველა, აი ამ რუსულ ორბიტასთან დაკავშირებული ორგანიზაცია გააქტიურდა.
მაგალითად, „აირზენას“ მფლობელმა თქვა, რომ საშინელებაა თურმე „მაკდონალდსი“ და უკეთესია ხაჭაპურებს აცხობდნენ მანდ.
მოკლედ, მთელი ეს პრორუსული ბანაკი გააქტიურდა და მეუფე შიოსთვისაც რაღაც მზიდი აღმოჩნდა ეს ამბავი, რომ მედიაში კვლავ გააქტიურებულიყო.
მე ასეთი განცდა დამრჩა, რომ ეს ყველაფერი ანტიდასავლური კამპანიის ნაწილია, რომელიც წინასწარ დაგეგმეს.
- რომ გავყვეთ მოსაყდრე შიოს მოწამვლის ვერსიას, ვის შეიძლება უნდოდეს ეს საპატრიარქოში?
მაშინ უნდა განვიხილოთ ის ვერსია, რომ თვითონ პრორუსული ძალების შიგნით მიმდინარეობს ძალთა გადანაწილება და აქ სცადეს მეუფე შიოს მოწამვლა.
ისევ შორენა თეთრუაშვილის ვერსიას თუ შემოიტანენ, რომ მას სურდა მისი ჩამოცილება გზიდან, არა პოლიტიკური, არამედ წმინდა წყლის ძალაუფლების განაწილების საფუძველზე, ესეც არადამაჯერებელია. შორენას თავისი ცოდვებიც ეყოფა, მაგრამ ყველა კუჭის წამოტკივებაზე რომ შორენას დავაბრალოთ ვიღაცების მოწამვლა, მგონი არ იქნება სამართლიანი.
იქნებ ცუდი თევზი მიირთვა მეუფე შიომ და ეს არის ყველაფრის თავი და თავი?
სხვათა შორის, მძიმე მეტალებით მოწამვლის შემთხვევაში, ერთი-ერთი წყარო ზღვის პროდუქტებია, რადგან ხშირად ბინძურდება ზღვა, ჩვენი სამღვდელოება კი თევზს ჭარბი რაოდენობით მიირთმევს. სრულიად შესაძლებელია, რომ მიზეზი ესეც იყოს.
- თუ ეს ყველაფერი „ოცნების“ და საპატრიარქოს დაგეგმილი ანტიდასავლური კამპანიის ნაწილი არ არის, მაშინ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები რეალურად?
გამოძიება უნდა ჩატარდეს და დადგინდეს, რომ დარიშხანით გამდიდრებული საკვები მიაწოდეს მოსაყდრე შიოს, ან რაიმე სითხე, რომელიც მიიღო.
ეს იქნება ალბათ ყველაზე კორექტული ვერსია. ან უნდა დაადგინოს გამოძიებამ, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა და მისი მოწამვლა არის დაბინძურებული ჰაერის ბრალი, რომელიც მართლა საშიშია ჯანმრთელობისთვის.