მთავარი,სიახლეები

სასამართლო საქართველოს სახელით გამოტანილ განაჩენს ასაიდუმლოებს

15.02.2017 • 2750
სასამართლო საქართველოს სახელით გამოტანილ განაჩენს ასაიდუმლოებს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ასმათ გოდერძიშვილის საჩივარი განიხილა. ის სასამართლოს მიერ საქართველოს სახელით გამოტანილი განაჩენის მიღებას ითხოვს. სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, დააკმაყოფილებს თუ არა მოქალაქის საჩივარს.

ასმათ გოდერძიშვილი პატიმრობაში მყოფი გიორგი ოქროპირიძის დედაა. ამბობს, რომ მისი შვილი ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სცემეს და ამაში მონაწილეობდა მინდია მალაყმაძე, რომელიც ამჟამად შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელია.

მინდია მალაყმაძე ფიგურირებდა „შალვა ქორიძის საქმეშიც.“ამ შემთხვევაზე „ბათუმელები“ გასული წლის მარტში წერდა.  შალვა ქორიძე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უდანაშაულოდ ცნო პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში. ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც შალვასგან წინააღმდეგობის გაწევა დაუდასტურა სასამართლოს, მინდია მალაყმაძე იყო. საქმის განხილვის დასკვნით ეტაპზე ადვოკატმა თავად შსს-ს მიერ გადაღებული ვიდეოკადრები წარმოადგინა, რამაც პოლიციელების მიერ ნათქვამი სიცრუე გამოააშკარავა.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის მიერ გამოტანილ ამ განაჩენს ითხოვდა ბათუმის სასამართლოსგან ასმათ გოდერძიშვილი: „ჩემი შვილის სასამართლო პროცესი ახლაც გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. ეს განაჩენი მინდოდა წარმედგინა მტკიცებულებად, საიდანაც ირკვევა, რომ მინდია მალაყმაძემ სხვა ბრალდებულის შემთხვევაშიც მოიტყუა. მიუხედავად იმისა, რომ თანახმა ვიყავი, დაეშტრიხათ პროცესში მონაწილე პირების ვინაობა, სასამართლოსგან განაჩენის მიღებაზე უარი მივიღე“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოქალაქისთვის გაცემულ წერილობით პასუხში ვკითხულობთ: „თუ საქმის მასალები შეიცავს მონაცემებს პროცესის მონაწილის ჯანმრთელობის, მისი ფინანსური მდგომარეობის, ან სხვა კერძო საკითხების შესახებ, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცეს აღნიშნული მასალები მხარეთა [ერთდროულად ორივე მხარის] წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე“.

„ორივე მხარეში“ იგულისხმება როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარე, ანუ პროკურატურა. გამოდის, რომ თუკი მოქალაქე ღია სასამართლო სხდომაზე გამოტანილი განაჩენით დაინტერესდება, მან პროკურატურის თანხმობა  უნდა მიიღოს, მისი გაცნობის უფლება რომ მოიპოვოს.

„სასამართლო გადაწყვეტილებას აცხადებს საქართველოს სახელით. თუ პროცესი იყო ღია და მასზე დასწრება შეეძლო ნებისმიერ პირს, მაშინ უსაფუძვლო მგონია სასამართლოს გადაწყვეტილება, არ გადასცეს განაჩენი დაინტერესებულ პირს“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე.

მისივე შეფასებით, სასამართლოს აქვს უფლება დაშტრიხოს პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მაგრამ „ნებისმიერი პირის უფლებაა, დაინტერესდეს რა სამართლებრივი შეფასება ჰქონდა სასამართლოს ამა თუ იმ საქმეზე“.

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: