გია აბულაძე

უმაღლესი საბჭოს წევრი: ტურიზმის დეპარტამენტი და დასაქმების სააგენტო საბიუჯეტო თანხას არაეფექტურად ხარჯავენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“, გია აბულაძის განცხადებით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საბიუჯეტო თანხას არაეფექტურად, დუბლირებულ პროგრამებში ხარჯავს.

„ტურიზმის დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა გამართა პრეზენტაცია, რომ უნდა გახსნას ტურიზმის სწავლების სკოლა, რაც არასწორია, რადგან პირველ რიგში,  საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება განათლების სამინისტროს პრეროგატივაა.  რაც შეეხება სპეციალობებს, აჭარაში არსებობს  ტურიზმის მიმართულების პროფესიული სასწავლებლები ბათუმსა და ქობულეთში, რომლებიც ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება  და ნებისმიერ პირს  უფლება აქვს მიმართოს ამ სასწავლებელს და მიიღოს პროფესია.

ამ შემთხვევაში გამოდის, რომ  ტურიზმის დეპარტამენტი განათლების სამინისტროს კომპეტენციაში ერევა.  ბიუჯეტიდან დაიხარჯება თანხა, წლის ბოლოს ტურიზმის დეპარტამენტი გააკეთებს ანგარიშს,  რომ თითქოს რაღაც გააკეთა, მაგრამ სამწუხაროდ  კვალიფიციურ კადრებს ვერ მივიღებთ. ამას დაემატა ისიც,  რომ დასაქმების სააგენტომ გამოაცხადა 140 000 ლარზე ტენდერი, რომლითაც უნდა შეისყიდოს ისევ საგანმანათლებლო მომსახურება, ანუ ტურიზმის სფეროში კადრების მომზადება.

დასაქმების სააგენტოს ტენდერი გარკვეულ ეჭვებს ბადებს, რადგან მათ უნდა მოამზადონ  სასტუმრო საქმის სპეციალისტები, ამაზე სახელმწიფოს მიერ არის დამტკიცებული სტანდარტი, რომ  სტუდენტმა უნდა გაიაროს 60 კრედიტი ანუ 1 500 საათი, სწავლება ხორციელდება ათ თვეს და ბიუჯეტიდან  950 ლარით ფინანსდება ერთი სტუდენტი. სააგენტოს ტენდერის მიხედვით კი, იგივე სპეციალისტები უნდა მოამზადონ 30 კრედიტით ანუ 540 საათით და ერთ მსმენელზე დაიხარჯება 1 400 ლარი.

ეს ნიშნავს იმას, რომ ისევ წყალში გადაიყრება თანხები, თვის ბოლოს კი მივიღებთ სტატისტიკას, რომ გადაამზადეს ადამიანები, მაგრამ ვერ მივიღებთ იმის სტატისტიკას, დასაქმდნენ თუ არა ეს ადამიანები“.

როგორც გია აბულაძე ამბობს, საბიუჯეტო განხილვების დროს უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ ხდებოდა საბიუჯეტო პროგრამების დუბლირება, რაც არ იყო შედეგებზე ორიენტირებული.

„ჩვენი წინადადებაა,  დაუყოვნებლივ შეწყდეს ქაოტურად საბიუჯეტო თანხების ხარჯვა და არაეფექტური პროგრამების განხორციელება.  გარდა ამისა, არაეფექტური იქნება ტურიზმის განვითარების სკოლაც, რომელსაც აანონსებს ტურიზმის დეპარტამენტი და მოვუწოდებთ, ეს თანხები მიმართული  იყოს  პროფესიული სასწავლებლების  როგორც პროფესიულ, ასევე ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე, რაც უფრო ეფექტური  იქნება და უფრო კვალიფიციურ კადრებსაც მოვამზადებთ“.

გია აბულაძის თქმით, დასაქმების სააგენტოს პრეროგატივაა არა ტურიზმის სფეროს კადრების გადამზადება, არამედ დასაქმების ბაზრის კვლევა, – მან უნდა მიაწოდოს განათლების სამინისტროსა და პროფესიულ სასწავლებლებს მოთხოვნადი პროფესიები, რომ  შემდეგ  უზრუნველყონ ამ კადრების მომზადება.  „გარდა იმისა, რომ ეს არის არაეფექტური პროგრამები, ზოგიერთი სახელმწიფო დაწესებულება იჭრება მეორე დაწესებულების ფუნქციაში და საბიუჯეტო ქაოსთან ერთად ინსტიტუციური ქაოსიც იქმნება“.

 

ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com