მოგონებები ახალ წელზე ბათუმის მოხუცთა სავანიდან

„არაფერი მაქვს მოსაყოლი, ცუდი რესპოდენტი ვარ…“ რამდენჯერმე გვითხრა საუბრის დროს სოლომონ მირიანაშვილმა. მუსიკოსია, ორკესტრანტი იყო. ახალ წელსაც მუსიკით უნდა შეხვდეს… ხელიდან ტელეფონს არ დებს, ისევე, როგორც იქვე მყოფი სხვა მოხუცები. ელოდებიან, როდის დარეკავენ ახლობლები. „ამ ახალ წელსაც მარტო ვიქნები. მე აქ ვიქნები, ისინი – იქ. თბილისში არიან, მაგრამ აქვე ხომ არაა, ორი ფეხის ნაბიჯზე? მე ჩემს მოხუცებთან ერთად შევხდები ახალი წელს…“ – ამბობს სოლომონ მირიანაშვილი, ის ბათუმის წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში ცხოვრობს.

DSCN4754

სოლომონ მირიანაშვილი

კარგი ის ახალი წელი იყო, როცა დედაჩემი სახლში მყავდა. მამა ძალიან ადრე გარდამეცვალა და დედა მზრდიდა. სულ მუშაობდა, არასდროს არ ეცალა. ახალ წელს ასვენებდნენ და ეს იყო ჩემთვის დღესასწაული, როცა ერთად ვიყავით მე და დედა… ხანდახან ახალ წელსაც ვერ მოდიოდა, ამ დროს სხვასთან მტოვებდა და ეგ არ მინდოდა. დედა გოზინაყს აკეთებდა, უგემრიელესი იყო. ნაძვის ხე არასდროს მქონია. როცა ნაძვის ხე დავდგი, ის უკვე აღარ იყო ჩემი – შვილებს დავუდგი. ახლა ესაა ჩემი ნაძვის ხე, რასაც ჩემს უკან ხედავთ. არ ვიცი, სათამაშოები გვექნება თუ არა. ახალი წლის ღამეს შვილიშვილების ზარს ველოდები… სავანეში ანსამბლია, იქ ვიმღერებ კიდევ აუცილებლად.

 

ლამარა ნუგელაძე –  „ერთხელ ახალ წელს შუა ოკეანეში შევხვდი“

ექთანი ვარ. ჯერ შუახევში ვმუშაობდი, მერე გემზე. 18 წელი გემზე ვიყავი ექთნად. ყველაზე ლამაზი ახალი წელი გემზე რომ შევხვდი, ის იყო. ფერად-ფერადი ნათურებით მოვრთეთ ყველაფერი, ბიჭებს გიტარაც ჰქონდათ, პურ-მარილიც კაი გვქონდა… სულ პირველად რომ ვიყავი, მაშინაც ახალ წელს შუა ოკენაში შევხვდი, საშინელი ტალღები იყო, სამსართულიანი სახლისხელა. წყნარი ოკეანე კი ჰქვია, მაგრამ ასეთი გაბრაზება სცოდნია… ერთხელ, ახალ წელს სანაპიროზე შევხვდით. ჩვენი გემი, „გიორგი ლეონიძე“ ერქვა, კუბაში იდგა. პირველი ადგილი ავიღეთ, ისე ლამაზად იყო მორთული ჩვენი გემი გარედან.

ოჯახი არ შემიქმნია. ბავშვობის მერე შეყვარებული არ ვყოფილვარ, არ მეცალა სიყვარულისთვის. ალბათ ბედია ყველაფერი… შვიდი წელია, თვალში სინათლე დამაკლდა, მხოლოდ სილუეტებს ვხედავ. ჩემით დავდივარ ყველგან, ოთახიდან როცა გამოვდივარ, ვყვირი, გაიწიეთ, არ დაგეჯახოთ-მეთქი, იცინიან.

DSCN4729

ლამარა ნუგელაძე

 

ფიქრია იაკობაძე: „სულ მიხაროდა ახალი წელი“

fikria iakobadze

ფიქრია იაკობაძე

ახალი წელი სულ ყოველთვის კარგია. სულ მიხაროდა… სულ მუშაობაში ვიყავი ისე. ქვეყნის საქმე მქონდა, ყოველთვის გარეთ, შიგნით… ახალ წელს მუშაობა არ ვარგაო, იტყოდენ და ე, მაშინ დევსვენებდი. წინასწარ გავამზადებდი ათასნარ საჭმელებს, აბა, ხომ არ დავჯდებოდი მართლა? მფერხავიც ვიყავი ბევრჯერ, ვერ დათლი, იმდენჯერ. კარგი ფეხი აქვსო, ასე ამბოდნენ ჩემზე…

 

ციური ჟორჟოლიანი: „ახალ წელს დაბადების დღეც მაქვს. ველი, შვილიშვილი დამირეკავს, ალბათ“

სამი წელია აქ ვარ. ორი ბიჭი მყავდა, ორივე დაიღუპა. ციმბირში ცხოვრობდა ჩემი შვილი. იქედან მირეკავდა ახალ წელს, თან დაბადების დღე მქონდა, ხელახლა ვიბადებოდი მაშინ… ახლა შვილიშვილი დამირეკავს, ალბათ. სასწავლებლად და თან სამუშაოდაა წასული სმოლენსკში. მისი ცხოვრება ააწყოს, ჩემს თავს აღარ დავეძებ.

ciuri jorjolianii

ციური ჟორჟოლიანი

14 წლის ვიყავი, როცა ჩემმა ქმარმა მომიტაცა. 15 წელი მის ხელში შევასრულე. შემიყვარდა, აბა, არა? 40 წელი ერთად ვიცხოვრეთ. ბავშვი ვიყავი, არ მესმოდა არაფერი. მერე ვისწავლე ყველაფერი, ამდენს ვინ დაგალაპარაკებდა იმ დროს უფლებებზე…

ახლა ტელევიზორში ვისმენდი, ერთი გოჭი 160 ღირსო. წინათ ამ ფასად ყველაფერს იყიდდი და ჩინებულ სუფრას გააწყობდი. ყველაფერს ვაკეთებდი ახალ წელს. ჩემს ოჯახში ასე იყო, ახალ წელს სადმე ვერ წახვიდოდი, სახლში უნდა ყოფილიყავი. ორი რიცხვი რომ გადაივლიდა, მერე სადაც გინდოდა, იქ წახვიდოდი.

 

nona makahradze

ნონა მახარაძე: მანიკურზე ვმუშაობდი, გამსახურდიაზე რომ იყო სალონი „მაგნოლია“, იქ. სალონში რომ ვიკრიბებოდით ახალ წელს, ეს სიხარული მახსოვს. ნაძვის ხესაც გვიდგამდა მაშინ ხელმძღვანელობა, კლიენტებიც მოდიოდნენ და ერთად აღვნიშნავდით.

 

ciala khachhapuridzee

ციალა ხაჭაპურიძე: 4 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა ომში, ქმარ-შვილი თბილისში 93 წელს რომ მოხდა შეხლა-შემოხლა, მაგ დროს დაიღუპნენ. სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტში ვმუშაობდი 35 წელი მთავარ ბუღალტრად და სულ გარეთ მიწევდა ყოფნა, საზღვარგარეთ. მერე აჭარის სახელმწიფო ანსამბლშიც ვმღეროდი. ახლა რა მამღერებს, ქმარ-შვილი აღარ მყავს… სავანის გუნდში ვმღერი, ხვალ საღამოს აუცილებლად ვიმღერებ. რამდენი გასაჭირია ცხოვრებაში, მაგრამ ახალი წელი ისეთი რამეა, ყველას უნდა მიულოცო, შორებელიც რომ იყოს.

 

tina

თინა თათარიშვილი:  კარგი ახალი წელი მაშინაა, როცა პრობლემა არ გაქვს. ასეთი არ მახსენდება. სულ ორომტრიალში ვართ ადამიანები. ჩემი მეგობარი ბოლო წლები ლიტერატურაა, სულ ვკითხულობ… სათაურებიც კი არ მახოვს, რაც წავიკითხე, მაინც ვერ ვეშვები. აბაშაში ქართულ ფილოლოგიას ვასწავლიდი. ახლა აქ ვარ მეოთხე წელია. ნაძვის ხეც დაგვიდგეს, ლამაზია, მაგრამ ჩემი ნაძვის ხე აუცილებლად ცოცხალი უნდა ყოფილიყო, მწვანე და ხასხასა. კიდევ გოზინაყი უნდა გამეკეთებია ახალი წლის საღამოს.

 

DSCN4711

მერი ბოლქვაძე: ძალიან ხშირად ახალ წელს ბაკურიანში ვხდებოდი. ბავშვები სულ იქ დამყავდა, ჩემი მეუღლეც ჩამოდიოდა 31-ში საღამოს.

 

DSCN4725

მარი: 16 წელია აქ ვარ, მას შემდეგ, როცა სრულწლოვანი გავხდი და ჩემი სხვა თავშესაფარში გაჩერება აღარ გამოდიოდა. სხვადასხვა პრობლემა მაქვს. ახლა მოხუცებთან ერთად ვხდები ახალ წელს. ბებია არასდროს მყავდა. აქ ბევრი ბებია და ბაბუა მყავს. ზოგი მწოლიარეა, ზოგი დადის, ყველას მოფერება უნდა… ახალ წელს სუფრას ვშლით და ერთად ვიკრიბებით. მშობლეთან ერთად რომ ვხდებოდე, უკეთესია, მაგრამ… მოხუცები ახალი წლის საღამოს ერთად ხვდებიან ახალ წელს, სვამენ კიდეც. ისე, მაინც უფრო თავისიანების ზარს ელოდებიან. ასე იქნება ალბათ ახლაც.

 

badri oboladze

ბადრი ობოლაძე: სიმღერას ვაპირებ, ცეკვაც შემიძლია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი