მთავარი,სიახლეები

როგორ ცხოვრობენ მარტოხელა მოხუცები საფრანგეთში – რას სთავაზობს მათ სახელმწიფო

19.09.2022 • 1223
როგორ ცხოვრობენ მარტოხელა მოხუცები საფრანგეთში – რას სთავაზობს მათ სახელმწიფო

როგორია ევროკავშირში ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი სერვისები, როგორი ტიპის თავშესაფრებს სთავაზობენ მათ, რას გულისხმობს შინ მოვლის სისტემა და როგორ იხდიან ამ სახელმწიფო სერვისებით მოსარგებლეები.

ქვემოთ მოცემულ მასალაში საფრანგეთის მაგალითებია წარმოდგენილი. ეს ქვეყანა სხვადასხვაგვარ მომსახურებას სთავაზობს ხანდაზმულებს, რისთვისაც ისინი საკუთარი პენსიის ნაწილს იხდიან, ნაწილს კი საპენსიო ფონდით სახელმწიფო აფინანსებს.  მოქმედებს არაერთი საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ხანდაზმულებს ეხმარება.

ხანდაზმულთა თავშესაფარი „Au Coin du Feu”

დამოუკიდებელი რეზიდენციები

ასეთ საცხოვრებლებში დაახლოებით 7-25 ადამიანია განთავსებული და თვეში 800-დან 4000 ევრომდე ღირს (ფასი დათვლილია პარიზის თავშესაფრების ფასების მიხედვით). ასეთი საცხოვრებლებში ხარჯების გარკვეულ ნაწილს სახელმწიფო ფარავს, რადგან საფრანგეთში მოქმედებს ხანდაზმულებისთვის „სოციალური დახმარების პროგრამა განსახლებისთვის“.

ასეთ რეზიდენციებში ძირითადად ის ხანდაზმულები ეწერებიან, რომლებსაც არ აქვთ მძიმე, გართულებული ქრონიკული დაავადებები, ვინც არ საჭიროებს სპეციალურ მომვლელს და ვისთვისაც საკმარისია ჩვეულებრივი მომვლელის ზედამხედველობა და საჭირო დროს მედდის მომსახურება.

საოჯახო მომვლელის სერვისები

ეს არის სერვისი იმ ხანდაზმულებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ან აღარ სურთ საკუთარ სახლში ყოფნა დროებით ან მუდმივად. ასეთი განსახლება ინსტიტუციების ალტერნატივაა, ამ ოჯახური ტიპის დაწესებულებებში ხანდაზმულებს ინდივიდუალური, ოჯახის წევრის მსგავსად მხოლოდ მათ მიმაგრებული მომვლელები ჰყავთ, საჭიროებების მიხედვით, თუ საჭიროება მოითხოვს ერთი, ან რამდენიმე სხვადასხვა სპეციალისტიც.

ოჯახურ მზრუნველთა რაოდენობა საფრანგეთში ბევრი არაა, შესაბამისად ამგვარი მომსახურება შედარებით ძვირია.

სახელმწიფო ცდილობს პოპულარიზაცია გაუწიოს ოჯახურ მზრუნველთა საქმიანობას. ამ საოჯახო ტიპის დაწესებულებებში განთავსების ფასი 1000-დან 1600 ევრომდე მერყეობს.

თავშესაფრის ბენეფიციარები პიკნიკზე/ფოტო: „EHPAD LES GENÊTS”-ის ფეისბუქგვერდიდან

შინ მოვლის სერვისები

შინ მოვლის სერვისების მიზანია მისცეს ხანდაზმულებს საკუთარ სახლში ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა, რაც შეიძლება დიდხანს.

შინ დამხმარეები ხანდაზმულებს ეხმარებიან გასეირნებისას, მოგზაურობებისას, უზრუნველყოფენ მათ ჩართვას  სოციალურ ცხოვრებაში.

არსებობს დამხმარეთა ჯგუფები მებაღეობასა და მებოსტნეობაში, თუმცა ამგვარი სერვისები დამატებით საქმიანობად ითვლება და ჩვეულებრივი გადასახადის გარდა, ასეთი დამხმარის მომსახურებისთვის ხანდაზმულებს ფონდების რესურსების მოძიება სჭირდებათ.

შინ მოვლის მომსახურება რამდენიმე ტიპისაა:

  • სახლში მედდის მომსახურება, მედიკამენტების განაწილება, ინექციები და შინ დაშვებული სხვა საჭირო სამედიცინო მანიპულაციები, ასევე ჰიგიენური მოვლა.
  • მეორე შემთხვევაში მედდის მომსახურებასა და ჰიგიენურ მოვლას ემატება სახლის პირველად და აუცილებელ საქმეებში დახმარება.
  • შესაძლებელია ერთდროულად სახლის დამლაგებლისა და ე.წ. „აკომპანიატორის“ სერვისით სარგებლობა. „აკომპანიატორი“ სახლის დალაგება-დასუფთავებასა და დილით ადგომისა და დაძინების დროს ეხმარება ხანდაზმულს. დადის ასევე საყიდლებზე, ამზადებს კერძებს, საჭიროების შემთხვევაში საპირფარეშოში გამყოლიცაა.

არსებობს ავტორიზებული დაწესებულებები, რომლებიც მსგავს სერვისებს სთავაზობენ ხანდაზმულებს. მათი სია სპეციალურ ბაზაშია დარეგისტრირებული.

საშინაო დახმარების სერვისების ნაწილს საპენსიო ფონდები აფინანსებს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით.

გარდა სახელმწიფო სერვისებისა, არსებობს ფილანთროპული ორგანიზაციები და ფონდები, რომლებიც სხვა მიმართულებასთან ერთად ხანდაზმულთა სხვადასხვა საჭიროებაზე და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი ფილანთროპული ფონდია მაგალითად „საფრანგეთის ფონდი“/„Fondation de France“.

ეს პირველი და ყველაზე დიდი საქველმოქმედო ფონდია საფრანგეთში, რომელიც 50 წლის წინ დაარსდა. ფონდის ქსელი მთელ საფრანგეთშია და აერთიანებს 6 სხვადასხვა რეგიონულ ფონდს, მოხალისეებს, 10 600 სხვადასხვა პროგრამას და დონორებს.

ფონდის ინფორმაციით, საფრანგეთი ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც ხანდაზმულთა ყველაზე მაღალი წილი ხვდება თავშესაფარში (75 წელზე უფროსი ასაკის ადამიანთა 8.8%).

ეს საქველმოქმედო ორგანიზაცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ხანდაზმულთა თავშესაფრების მხარდამჭერიცაა. ფონდი ალცჰაიმერით დაავადებულთა 51 თავშესაფარს ეხმარება. საფრანგეთში 1,2 მილიონი ადამიანია ალცჰაიმერით დაავადებული და ყოველწლიურად 225 ათასი ახალი შემთხვევა ვლინდება.

ფონდი მხარდამჭერია ასევე ხანდაზმულთათვის განკუთვნილი 94 აქცია-პროგრამის, რომლის მიზანიც სამედიცინო მხარდაჭერა, ხანდაზმულთა სოციალიზაცია და ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებაა ინდივიდუალური უნარების მიხედვით.

ალცჰაიმერით დაავადებულთა სპეციალური თავშესაფარი საფრანგეთში, რომლის მხარდამჭერიც „ფრანგული ფონდია“ /ფოტო: Fondation de France”

პენსიონერებისთვის ხელმისაწვდომია:

  • ადგილობრივი საინფორმაციო პუნქტები;
  • ხანდაზმულთა სახლები;
  • დამოუკიდებელი საცხოვრებლები;
  • საოჯახო მომვლელის მომსახურება;
  • შინმოვლისა და დახმარების სერვისები.

ხანდაზმულებს, რომლებსაც არ მიუწვდებათ ხელი ელექტრონულ მოწყობილობებზე, შეუძლიათ სატელეფონო ცხელ ხაზზე მიიღონ ინფორმაცია, თუ რა მომსახურებას სთავაზობენ მათ სახელმწიფო.

ცხელ ხაზზე ხანდაზმულებს ეხმარებიან აუცილებელი პროცედურების გავლასა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში.

აღსანიშნავია ასევე, რომ არსებობს ხანდაზმულთა ადგილობრივი საინფორმაციო პუნქტები, სადაც სერვისების მისაღებად საჭირო პროცედურების გავლა და სრული ინფორმაციის მიღება საცხოვრებელ ადგილთან ახლოს შეუძლიათ.

საინფორმაციო პუნქტებში აღრიცხულია ყველა ის ბენეფიციარი, ვინც სერვისებით სარგებლობს. პუნქტების მისიაა ხანდაზმულების, მათი მომვლელების, ოჯახის წევრებისა და ნათესავების სახელმწიფო სერვისების შესახებ სრულად ინფორმირება.

ხანდაზმულებს რამდენიმე სხვადასხვა მომსახურებასა და დაწესებულებას სთავაზობენ, მათი საჭიროებებისა და სურვილების მიხედვით.

  • სთავაზობენ ხანდაზმულთა განთავსების მომსახურებას, სამედიცინო დაწესებულებებს,  ყოველდღიურ დახმარებას ან შინმოვლის ყოველდღიურ მომსახურებას.
  • დამოუკიდებელ საცხოვრებლებს სთავაზობენ მათ, ვისაც სურს იცხოვროს კერძო საცხოვრებელში, შესაძლებელია ასევე სხვა მაცხოვრებლებთან ერთად განთავსება, სადაც საერთო სივრცეებს და ერთად ცხოვრების მომენტებს იზიარებენ ბენეფიციარები.
  • სთავაზობენ ოჯახურ გარემოში ცხოვრებასაც მათ, ვისაც სურს საოჯახო გარემოში ჰყავდეს მხარდამჭერები.
  • ხელმისაწვდომია შინ მოვლის მომსახურება, როცა ადგილზე ემსახურება მედდა ხანდაზმულს და საჭიროების შემთხვევაში საოჯახო საქმეებშიც ეხმარებიან.

თავშესაფარში განთავსება

ხანდაზმულებს შეუძლიათ ონლაინ – დისტანციურად, ცხელი ხაზის მეშვეობით ან ადგილზე მისვლით გაარკვიონ ხანდაზმულთა განთავსების მომსახურების ფასები სხვადასხვა დაწესებულებაში. აქვთ ფასების შედარების და მათ შორის ხელსაყრელი განთავსების ადგილის შერჩევის შესაძლებლობა.

ხანდაზმულთა თავშესაფარი „EHPAD de Crecy” საფრანგეთი, პარიზი

ხანდაზმულთა თავშესაფრების მარტივი საძიებო სისტემაა ხელმისაწვდომი საფრანგეთის ყველა ქალაქსა და რეგიონში. თავშესაფრები სხვადასხვა ტიპისაა, სხვადასხვა საჭიროების მქონე ხანდაზმულებისთვის, მათ შორის არის მძიმე ქცევითი პრობლემების მქონეთა განყოფილებები, სადაც ადაპტირებულ მხარდაჭერას სთავაზობენ, ასეთ განყოფილებებში სპეციალურად მომზადებული პროფესიონალები არიან დასაქმებული. გერონტოლოგები, ფსიქოლოგები, მოტორული უნარების სპეციალისტები და ოკუპაციური თერაპევტები.

ვნახოთ მაგალითად რას სთავაზობს ჩვეულებრივი, რიგითი თავშესაფარი საფრანგეთში  „EHPAD LES GENÊTS” ხანდაზმულებს:

ინდივიდუალური, კომფორტული ოთახები აღჭურვილია კარგი ავეჯით, ფერადი ტელევიზორით, ტელეფონით. არის სპეციალური, ინდივიდუალური ოთახები წყვილების ან დების, ძმების, მეგობრების ერთად განსათავსებლად.

ხანდაზმულთა თავშესაფარ „EHPAD LES GENÊTS”-ის ბენეფიციარები/ფოტო: „EHPAD LES GENÊTS”-ის ფეისბუქგვერდიდან

საკვები მზადდება თითოეული ბენეფიციარის საჭიროების მიხედვით. ძირითადად ამზადებენ ტრადიციულ, ფრანგულ კერძებს.

თავშესაფარში ხელმისაწვდომია ყოველდღიური გაზეთები, მოქმედებს მსუბუქი სპორტის კლუბი, სამზარეულოსა და ხატვის ატელიე, სილამაზის სალონი, სიმღერისა და მებაღეობის კლუბი.

სამზარეულოს ატელიე ხანდაზმულთა თავშესაფარში „EHPAD LES GENÊTS”/ფოტო: თავშესაფრის ფეისბუქგვერდიდან

ხანდაზმულები შესაძლებლობების მიხედვით აწყობენ პიკნიკებს, დადიან მუზეუმებში, კინოში და ზღვაზე.

თავშესაფარში კვალიფიციური სამედიცინო პერსონალია დასაქმებული, მოქმედებს სამედიცინო და პარასამედიცინო კაბინეტი. ადგილზევეა ხელმისაწვდომი კომპიუტერული კვლევები.

თავშესაფარს „EHPAD LES GENÊTS” ცალკე აქვს გამოყოფილი 12 საწოლიანი ოთახი, სადაც ალცჰაიმერითა და აზროვნების დარღვევით გამოხატული სხვა ტიპის დაავადების მქონე ხანდაზმულებს უვლიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: