ახალი კადრები უმაღლეს საბჭოში

წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოს კომპეტენციის ნაკლებობას საყვედურობდნენ. ასევე ამბობდნენ, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს კვალიფიციურ მომსახურებას  ვერც აპარატებში დასაქმებული საჯარო მოხელეები უწევდნენ. „ბათუმელები“ დაინტერესდა რა გამოცდილება აქვთ მათ, ვინც ახალმა უმაღლესმა საბჭომ უკვე შეარჩია.

აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიებისა და ფრაქციების აპარატების თანამშრომლები ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე თანამდებობებიდან ავტომატურად გათავისუფლდნენ. ბევრიც, ჯერჯერობით, თანამდებობას ინარჩუნებს. უმაღლესი საბჭოს კომისიების ხელმძღვანელებს, ასევე ფრაქციებს, აქვთ უფლება თავიანთ საკურატორო სფეროებში სპეციალისტები თავად მოიწვიონ. აპარატების დაკომპლექტების პროცესი უმაღლეს საბჭოში ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა რამდენიმე თანამდებობაზე ახალი კადრი მუშაობას უკვე შეუდგა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, თავისი კაბინეტის უფროსად ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი ზაურ ახვლედიანი დანიშნა. უმაღლეს საბჭოში გადასვლამდე მან საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მოიხსნა და უარი თქვა ასევე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ნებართვების გაცემის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ზაურ ახვლედიანმა ჯერ „რესპუბლიკური“ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, შემდეგ კი პარტია.

დავით გაბაიძე ადასტურებს, რომ ზაურ ახვლედიანი მისი თანაკურსელი და მეჯვარეა: „ოცნების“ სიაში ჩემი ჩაწერის შემდეგ ზაურს პარტიაში უხერხულობა ჰქონდა და ეს გაცხადებული ჰქონდა კიდევაც.“

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს თავისი კაბინეტის უფროსად მეგობრის შერჩევა „უხერხულობას არ უქმნის“, რადგან ის დარწმუნებულია, რომ ზაურ ახვლედიანს შესაბამისი ცოდნა აქვს. „ნამდვილად მინდა ისეთი კადრები, რომლებიც იმ ყველაფრის შეცვლაში დამეხმარებიან, რისი შეცვლაც მსურს. ბათუმში თუ ვინმე, ერთი კაცი მაინც ფიქრობს, რომ მას არ აქვს შესაბამისი კომპეტენცია, თავს უხერხულად ვიგრძნობდი, მაგრამ მეც ამ ქალაქში ვცხოვრობ და ვიცი, როგორი წარმოდგენა აქვს ამ პიროვნებაზე საზოგადოებას,“ – ამბობს  დავით გაბაიძე.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თავის კაბინეტში დაასაქმა ასევე ირინე ბერიძე, ის ინგლისური ენის სპეციალისტია და აქვს როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურში, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის გამოცდილება. ირინე ბერიძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ოფიციალურ შეხვედრებზე თარჯიმნობას უწევს.

საკრებულოდან უმაღლეს საბჭოში გადაინაცვლა ასევე იურისტმა ბაკურ ბოლქვაძემ. ის ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის აპარატის უფროსად დაინიშნა.

უმაღლესი საბჭოს აპარატს ისევ რამაზ ბოლქვაძე ხელმძღვანელობს, თანამდებობა მისმა მოადგილემ რომან ბოლქვაძემაც შეინარჩუნა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ თუ აპარატის უფროსის თანამდებობაზე უკეთესი კანდიდატურა გამოჩნდება, რამაზ ბოლქვაძემ შესაძლოა მოადგილის პოზიციაზე გადაინაცვლოს:

„პირველივე დღეს გარანტირებულად არ ვიცოდი, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გავხდებოდი. აქედან გამომდინარე ვერ გეტყვით, რომ ბევრი მქონდა ნაფიქრი იმაზე, როცა დამხვდებოდა ამდენი თავისუფალი ვაკანსია, ვინ სად უნდა დამენიშნა. თუ არ იქნება რამაზ ბოლქვაძე, მასზე უკეთსი მენეჯერული უნარების მქონე ადამიანზე უნდა ვიფიქროთ“.

თავმჯდომარეს აქვს უფლება დანიშნოს უმაღლესი საბჭოს სამი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასევე აპარატის უფროსი და მისი მოადგილეები. აპარატების სპეციალისტებით დაკომპლექტება კი აპარატის უფროსის პრეროგატივაა. მას შეუძლია დანიშნოს და გაათავისუფლოს აპარატის სპეციალისტები.

საფინანსო-საბიუჯეტი კომისია გიორგი რომანაძემ ჩაიბარა. ის პროფესიით ეკონომისტია და იყო ქობულეთის გამგებელიც. მისი თქმით, ეს თანამდებობა  მეგობარმა, არჩილ ხაბაძემ შესთავაზა. 2014 წლიდან გიორგი რომანაძე აჭარის გზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. აპარატი, რომელიც მის კომისიას უნდა დაეხმაროს, ქობულეთის გამგებლის უკვე ყოფილ მოადგილეს, ირაკლი ცეცხლაძეს ჩააბარეს. ის პროფესიით ეკონომისტია და ქობულეთის გამგეობაშიც საბიუჯეტო საკითხებს კურირებდა.

საკონსტიტუციო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანაშემწედ დაინიშნა რუსუდან ბასკურიძე. კომისიის თავმჯდომარის, ნინო ჩხეტიას თქმით, რუსუდან ბასკურიძე ადვოკატია და მას სამოქალაქო სამართლის მომართულებით მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება აქვს.

„თანაშემწეც კი, რომელსაც აბსოლუტურად სხვა მოვალეობები აქვს, მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტი ავიყვანე. სხვაგვარად ამ კომისიის აპარატი არ წარმომიდგენია“, – ამბობს ნინო ჩხეტია.

საორგანიზაციო და საქმის წარმოების დეპარტამენტი გიორგი ბერიძეს, საერთო დეპარტამენტი კი თამაზ სალუქვაძეს ჩააბარეს.

ვაკანტურია იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა. დავით გაბაიძის თქმით, მან ამ თანამდებობაზე მუშაობა რამდენიმე ნაცნობ იურისტს შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო: „ბევრს არ უნდა საჯარო სამსახურში მუშაობა. ეს მათი არჩევანია. იყო პერიოდი, როცა მეც უარს ვამბობდი საჯარო სამსახურზე, თვითმიზანი არ არის ჩანაცვლება. წამსვლელმა უნდა იგრძნოს, რომ მასზე კვალიფიციური მოვიდა. ორმოცი წლის ასაკში დავასრულებ მე ჩემს უფლებამოსილებას, თუ მანამდე არ მომიწია. 40 წლის მერეც ვაპირებ მუშაობას და არ მინდა ისეთი რაღაცები გვაკეთო, რომ კიდევ ოცი წელი საყვედურები ვისმინო“, – ამბობს დავით გაბაიძე.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ აჭარის უმაღლეს საბჭოში სამი ფრაქცია შექმნა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნა მოახერხა. კომისიებთან ერთად ამ ფრაქციებმა უნდა მოამზადონ კანონპროექტები, რომლებსაც შემდეგ პარლამენტი დაამტკიცებს. ფრაქციებში თითო მოწვეული სპეციალისტი იმუშავებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი