“იაფი სახლის” მშენებელი კომპანია, რომელსაც მერიამ ორ მილიონამდე ლარი გადაუხადა, გაუჩინარდა

კომპანიის სახელწოდება, რომელსაც ბათუმის მერია ეძებს, არის „კონვენტ ჯორჯია“. ზუსტად ერთი წლის წინ, სწორედ მან მოიგო ბათუმის მერიიის მიერ გამოცხადებული „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ მშენებლობის ტენდერი. კომპანიამ არც მუშების ხელფასი გადაიხადა და არც ნისიად წამოღებული სამშენებლო მასალების თანხა. მშენებლობაზე დასაქმებული პირები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ მათ ხუთი თვის ხელფასი აქვთ ასაღები, რაც დაახლოებით 18 ათასი ლარია. ბათუმის მერიას ამ კომპანიისთვის 1 894 785 ლარი აქვს გადახდილი.

ბათუმის მერიამ კომპანია  „კონვენტ ჯორჯიას“ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაუკვეთა, რისთვისაც 4 მილიონ 279 ათას 990 ლარის გადახდას აპირებდა. მერიამ კომპანიას ავანსის სახით, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, 1 643 785 ლარი გადაურიცხა. სამშენებლო მასალებისა და კონსტრუქციების შესასყიდად, მერიას ასევე დამატებით გადახდილი აქვს 251 000 ათასი ლარი. ამის მიუხედავად, კომპანიას მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანებისთვისაც კი არ გადაუხდია ხელფასი.

ინდმეწარმე ბეჟან გუნდაძე, რომელიც ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე,  „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ [ე. წ. „იაფი სახლი“] მშენებლობაზე მუშაობდა, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მშენებელ კომპანიას,  „კონვენტ ჯორჯიას“  24 თებერვლის შემდეგ სამშენებლო მასალები არ მიუწოდებია.  „ჩვენ მაინც ვაგრძელებდით მშენებლობას, მოგვქონდა მაღაზიებიდან საქონელი და ვმუშაობდით. ღამის სამ საათამდე მიდიოდა საძირკვლის დასხმა და სხვა სამუშაოები. ჯერ გვეუბნებოდნენ  –  „გვადროვეთ, ბანკიდან გამოგვაქვს თანხა და მოგცემთო“. ასე გავიდა სამი თვე. ბოლოს კომპანიის წარმომადგენლები ტელეფონზეც აღარ გვპასუხობდნენ“, –  გვეუბნება ბეჟან გუნდაძე.

„ბეჟან, მოგვიანებით დამირეკე“, –  ამ შინაარსის ტექსტური შეტყობინება მან  „კონვენტ ჯორჯიას“  წარმომადგენელ ირაკლი ხარაძისგან რამდენიმე თვის წინ მიიღო. ამის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლები არც მშენებელს დაკავშირებიან და არც მუშების ხელფასების დავალიანება დაუფარავთ.

„ჩვენ ვითხოვთ ჩვენს ნაშრომს. მილიონ ლარზე მეტი აქვს წაღებული. ჩვენ ჩაბარებული გვაქვს „ფორმა 2“, რომელიც არის შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტი. ის ვალდებულია ჩვენი ნამუშევარი აგვინაზღაუროს“, –  გვეუბნებიან მშენებლობაზე დასაქმებული პირები.

„მინიმუმ ასი ათას ლარზე მეტი ექნება დავალიანება, რადგან ხელფასების გარდა არის მაღაზიების ვალიც, საიდანაც არმატურა, ბეტონი და სხვა მასალები მოგვქონდა“, –  უთხრეს „ბათუმელებს“ მუშებმა.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას არც ობიექტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვის აქვს ხელფასი გადახდილი.

სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებზე პროექტის დამკვეთი მხარე, ანუ ბათუმის მერიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ „სახელფასო დავალიანების გასტუმრებაზე პასუხისმგებელი ის კომპანიაა, ვისთანაც შრომითი ხელშეკრულება ჰქონდათ მუშებს გაფორმებული“.

საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით კი დავალიანების დაფარვა სასამართლოს გზით თუ შეიძლება: „პირველ რიგში ამ ადამიანებს კვალიფიციური იურისტის დახმარება ესაჭიროებათ. თუ აღნიშნულ კომპანიას აქვს ქონება, ან ანგარიშზე ერიცხება თანხა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ ქონებიდან უნდა მოხდეს შრომითი დავალიანების ანაზღაურება. მანამდე კი მომჩივანმა მხარემ უნდა დააყადაღოს კომპანიის ქონება“.

კომპანიის წარმომადგენლებმა  „ბათუმელების“  სატელეფონო ზარებსაც არ უპასუხეს.

მშენებლობაზე დასაქმებული პირებისთვის „კონვენტ ჯორჯიას“ ხელფასები არ გადაუხდია.

მშენებლობაზე დასაქმებული პირებისთვის „კონვენტ ჯორჯიას“ ხელფასები არ გადაუხდია.

ბათუმის მერია გაუჩინარებულ კომპანიაზე

29 აგვისტოს, ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“  მშენებლობა დროებით შეჩერდა, რადგან  „პრობლემა შექმნა იმან, რომ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს აღმოჩნდა 6 და 36 კილოვატიანი კაბელი… საჭირო დარჩა ამ კაბელის გადატანა“.

სამუშაოების შეჩერების მიზეზი ასე განმარტა მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ნუკრი ხინთიბიძემ, რომელმაც ამის თაობაზე „ბათუმელებს“ ორი თვის წინ განუცხადა. მისი თქმით,  „კონვერტ ჯორჯიას“  უცხოეთში უნდა შეესყიდა ე.წ.  „ქუროები“, რომლითაც კაბელებს გადატანის შემდეგ შეაერთებდნენ.

ნუკრი ხინთიბიძის ინფრომაციით, ეს პროცესი 15 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო. 21 ოქტომბრისთვის მერიის იმავე სამსახურში გვეუბნებიან, რომ აღნიშნული პრობლემა არ მოგვარებულა, რადგან კომპანიის წარმომადგენლები მიიმალნენ.

პრობლემა არ მოგვარებულა. იმის შემდეგ კონტაქტი საერთოდ არ გვქონია მაგ ფირმასთან. ყველა საშუალება მოვძებნეთ, რომ კონტაქტები აღგვედგინა კომპანიასთან, მაგრამ არ მოხერხდა მათთან დაკავშირება“, –  აცხადებს ნუკრი ხინთიბიძე.

ნუკრი ხინთიბიძე ასევე ამბობს, რომ მერიამ გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და კომპანიასთან ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა.

ხელშეკრულების შეწყვეტაზე შეტყობინება გავაგზავნეთ იმ მისამართზე, სადაც კომპანია რეგისტრირებულია. გარდა ამისა, ინფორმაცია გადაგზავნილია შესყიდვების სააგენტოში და კომპანია გადავა შავ სიაში. ამის შემდეგ მერიის მიერ გადარიცხული თანხების უკანდაბრუნების პროცედურა ჩატარდება. ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს, რომ თავიდან გამოცხადდეს ტენდერი“,  – გვეუბნება ნუკრი ხინთიბიძე.

გადარიცხული 1 894 785 ლარიდან რამდენი ლარი უნდა დაუბრუნოს ბათუმს  „კონვენტ ჯორჯიამ“? –  ამ კითხვაზე მერიას, ჯერჯერობით, პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება საგარანტიო წერილს, რომელიც აუცილებლად უნდა წარადგინოს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ,  „კონვენტ ჯორჯიას“  საგარანტიო წერილი 213 999 ლარზე გაცემული აქვს  „პოინტ ბანკს“, რომელიც რეგისტრირებულია დიდ ბრიტანეთში. საგარანტიო წერილს ვადა აქვს 2017 წლის 30 მარტამდე.

ბათუმის მერიის ტენდერი

ბათუმის მერიამ ე.წ  „იაფი სახლის“  მშენებლობის შესახებ 2014 წელს განაცხადა. შენობისთვის ტერიტორია ჯავახიშვილის ქუჩაზე #78 ნომერში გამოიყო. მიმდინარე წლის აგვისტოში მერიამ „იაფი სახლის“  სახელმწოდება შეცვალა და მას  „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ დაარქვა.

ბათუმის მერიამ ხელშეკრულება  „ხელმისწავდომი საცხოვრისის“  მშენებლობაზე კომპანია „კონვენტ ჯორჯიასთან“  2015 წლის 15 დეკემბერს გააფორმა. ტენდერის თავდაპირველი ღირებულება იყო 4 430 000 ლარი. ტენდერში მონაწილე კომპანიამ სახლის აშენება ბათუმის მერიას 4 279 990 ლარად შესთავაზა. ხელშეკრულების მიხედვით  „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“  მშენებლობა 2016 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. ამ დროისთვის, მხოლოდ ერთი სახლის საძირკველია ჩამოსხმული.

უკვე ყბადაღებული  „იაფი სახლის“  პროექტის განხორციელებას ბათუმის მერია უკვე წლებია, ანუ მას შემდეგ გეგმავს, რაც ქალაქის მერად გიორგი ერმაკოვი აირჩიეს. პროექტთან დაკავშირებით ბევრი ვნებათაღელვაც დაფიქსირებულა. არასამთავრობო სექტორი მუდმივად აკრიტიკებდა მერიის მიდგომას, მათ შორის იმ კრიტერიუმების თაობაზეც, რა ფორმითაც მოქალაქეებისთვის ბინების გადაცემა იგეგმებოდა. არასამთავრობო სექტორი მეტ გამჭვირვალობას ითხოვდა.

ბათუმის მერიის მიდგომას აქტიურად აკრიტიკებდა საკრებულოს წევრი, კობა ჩხეიძეც. კობა ჩხეიძე მაშინ ეჭვობდა, რომ ეს ჰგავდა ტენდერს, რომელიც საგანგებოდ ერთ კონკრეტულ კომპანიაზე იყო მორგებული. საკრებულოს წევრს განსაკუთრებით ის აეჭვებდა, რომ მერია ხაზგასმით  ითხოვდა მონოლითური რკინა-ბეტონის სახლის აშენებას.

„მაეჭვებს ის გარემოება, რომ ბათუმის მერიამ უარი თქვა ტრადიციულ ბეტონის კონსტრუქციაზე, რომელიც ყველაზე აპრობირებული და ადაპტირებულია ბათუმთან. საკრებულოს სამი სხდომის განმავლობაში დაჟინებით ვითხოვდით მერიისგან განმარტებას, თუ რა ტიპის მშენებლობაზე იყო საუბარი და პროექტის ღირებულებას რატომ არ აცხადებდნენ. მაშინ მერიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ჰქონდათ მოლაპარაკებები კომპანიებთან, რომელთა სახელებიც არ დაასახელეს. შემდეგ ითქვა, რომ პროექტს მთავრობა ჩუქნიდა ბათუმის მერიას. მე ვიცი აჭარის მთავრობის პროექტების შესახებ და ვითხოვდი ეთქვათ, რომელ პროექტზე იყო საუბარი, რადგან 61 კვადრატული ფართობის ბინები იაფი სახლის

ბენეფიციარებისთვის იქნება რთულად გამოსასყიდი. ასევე მაქვს კითხვა –  კრიტერიუმების მსჯელობის გარეშე, რატომ გაიტანეს პროექტი ტენდერზე? –  და მესამე კითხვა –  რატომ ეს ტექნოლოგია?“ –  აცხადებდა საკრებულოს წევრი კობა ჩხეიძე 2015 წლის ოქტომბერში.

კონვენტ ჯორჯიას შესახებ

კომპანია  „კონვენტ ჯორჯია“  2014 წელს შპს  „კონვენტ აზერბაიჯანმა“  დააფუძნა. რეესტრის მონაცემებით მისი იურიდიული მისამართია ვაკე-საბურთალოს რაიონი, მცხეთის ქუჩა #28, მეორე სართული. აღნიშნულ მისამართზე მეორე სართულზე მხოლოდ ორი საცხოვრებელი ბინაა. ადგილზე მისულ  „ბათუმელებს“  არც ერთი ბინის კარები არ გაუღეს.

კონვენტ ჯორჯიას“  აღმასრულებელი დირექტორი დაფუძნების ეტაპზე იყო აზერბაიჯანის მოქალაქე ფაიგ ზამანოვი, მაგრამ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2014 წელს ამ თანამდებობაზე დაინიშნა ანარ ალექბეროვი –  ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც რეესტრის მიხედვით, ამ დრომდე კომპანიის დირექტორია. კომპანიამ რეესტრის 2016 წლის მარტსა და მაისში, ასევე, 17 ოქტომბერს მიმართა სადამფუძნებლო დოკუმენტებში ცვლილების შესატანად, მაგრამ მისი არც ერთი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული სათანადო დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა

ხელმისაწვდომი საცხოვრისის“  მშენებლობა არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბათუმის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ავანსად 1 მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხა.

სასამართლოში დღემდე გრძელდება საქმე, სადაც დავის საგანი ბათუმის მერიის მიერ  შპს „ტონი და კომპანისთვის“ ავანსად გადახდილი 1 289 972 ლარია. აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები  –  მერიას მხოლოდ 254 265 ლარის ღირებულების სამუშაო ჩაბარდა. ქალაქის ხელმძღვანელმა ორგანომ დარჩენილი თანხის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა.

ბათუმის მერიასა და შპს „ტონი და კომპანის“ შორის ხელშეკრულება 2013 წელს გაფორმდა „ჟილინის არხის“  სარეაბილიტაციოდ. პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონ 108 ათასი ლარით განისაზღვრა.

ხელშეკრულებით შეუსრულებელი ვალდებულებების შემდეგ მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. ამჯერად შპს „ჰიდრომ“  გაიმარჯვა. ამ კომპანიამაც ვერ შეასრულა  ვალდებულებები, თუმცა წინა შემთხვევისგან განსხვავებით, აქ უკვე მერიას წინასწარ არ ჰქონდა გადახდილი თანხა და „ჰიდრო“  250 ათასი ლარით დაჯარიმდა.

შემდეგ „ჟილინის არხზე“  შპს „მშენებელი 80“ -მა იმუშავა. ეს კომპანია მერიამ ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის გზით შეარჩია. კომპანიამ მერიის წინაშე ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, თუმცა არხის რეკონსტრუქცია ამით არ დასრულებულა. ზღვის შესართავთან არხზე სამუშაოები მერიას კვლავ ჩასატარებელი ექნება, არადა ბოლო შესყიდვით სამუშაოებში 6 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com