ბათუმის საქალაქო სასამართლო

22 წლის ახალგაზრდას მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი

22 წლის გიორგი ს.-ს მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს.

გამოძიების ვერსიით, მიმდინარე წლის მაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ბრალდებულმა ჯერ სცემა, ხოლო შემდეგ დანით მძიმე ჭრილობები მიაყენა ასევე 22 წლის ახალგაზრდას. დაზარალებულად ცნობილი ნიკა ბ. საავადმყოფოში მოხვდა, რომელიც ამ დროისთვის უკვე ჯანმრთელია. ბრალდებული და დაზარალებული კლასელები იყვნენ. ორივე მათგანი ბათუმში, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს.

ბრალდებული გიორგი ს. წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მკვლელობის მცდელობის გარდა, მას პროკურატურა 120-ე მუხლითაც ედავება, რაც ცემას გულისხმობს.

ბრალდებულმა მოსამართლეს უკვე უთხრა, რომ წარდგენილ ბრალს სრულად აღიარებს. მისი თქმით, მეგობართან ჩხუბი მოუვიდა, რომლის დეტალების გამხელა არ სურს.

ბრალის აღიარების შემდეგ, დაცვის მხარე ამჯერად პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების მიღწევას ცდილობს.

დღეს, 14 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მკვლელობის მცდელობის სამი შემთხვევა განიხილა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი