მთავარი,სიახლეები

რა გადაწყვიტა სასამართლომ “გოგოს მოტაცების საქმეზე”

17.08.2016 • 1513
რა გადაწყვიტა სასამართლომ “გოგოს მოტაცების საქმეზე”

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა ოთხ ახალგაზრდას „გოგოს მოტაცების საქმეზე“. განაჩენი გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

საქმე ეხება ქობულეთში გასული წლის ნოემბერში მომხდარ შემთხვევას, რომლის შემდეგადაც დაზარალებულმა სასამართლოს მოუყვა, თუ როგორ გაიტაცა ის ოზურგეთში იარაღის მუქარით ბიჭმა, ვისაც მასთან დაოჯახება სურდა. საქმის მასალების მიხედვით, გატაცებულმა თავის დასთან მოახერხა სატელეფონო შეტყობინების გაგზავნა და ამ გზით დაუკავშირდა პოლიციას. სამართალდამცველებმა იმავე საღამოს გამტაცებელთან ერთად, თანმხლები სამი ახალგაზრდაც დააკავეს.

სხვადასხვა მოწმესთან ერთად, ბრალდებულების სასარგებლოდ სასამართლოს ჩვენება მისცა მღვდელმაც. მისი თქმით, მას იმ საღამოს ტელეფონით დაუკავშირდნენ და წყვილის დალოცვა სთხოვეს. სასულიერო პირის ჩვენების მიხედვით, მან ადგილზე მოინახულა ახალშექმნილი ოჯახი და გოგომ თავისი სურვილით ცოლად გაყოლა დაუდასტურა. მოწმე სასულიერო პირის თქმით, შეხვედრაზე ასევე შეთანხმებულან, რომ მეორე დღეს ჯვრისწერა შედგებოდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოთხივე ბრალდებულს დაუდასტურდა თავისუფლების უკანონო აღკვეთა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება. სამ ახალგაზრდას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მეოთხეს კი ნარკოტიკების უკანონო მოხმარებასაც ედავებოდნენ და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: