კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

რა იწვევს ფუტკრის ოჯახების განადგურებას

02.08.2016 • 5730
რა იწვევს ფუტკრის ოჯახების განადგურებას

აჭარის სოფლებში მეფუტკრეები ამბობენ, რომ ფუტკრის ოჯახები ეღუპებათ. ანალოგიური სიტუაციაა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. ზოგიერთი მეფუტკრე მიიჩნევს, რომ ფუტკარს ის შხამ-ქიმიკატები ანადგურებს, რასაც სოფლის მეურნეობაში ერთწლოვანი თუ მრავალწლოვანი კულტურების შესაწამლად იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ფუტკრის ასობით ოჯახი განადგურდა, სახელმწიფოს პრევენციული ზომებისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრეებს შხამ-ქიმიკატების ეტიკეტის ყურადღებით შესწავლას ურჩევენ, პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციაში კი მიაჩნიათ, რომ ფუტკარი დაავადებულია საშიში, მომაკვდინებელი დაავადებით, რომლის ლაბორატორიულად დადასტურება საქართველოში შესაბამისი კადრებისა და ლაბორატორიის არარსებობის გამო ვერ ხერხდება.

ფუტკარი

„46 წელია ჩემი ოჯახი მეფუტკრეობას მისდევს, პირადად მე 26 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული. თუმცა ფუტკრის ასე მასიური განადგურება, როგორც წელს იყო, არ მახსოვს. ფუტკრის 60 ოჯახიდან მხოლოდ შვიდი შემომრჩა. ჩემი აზრით, ფუტკარს ის შხამ-ქიმიკატები კლავს, რომელიც სოფლის მეურნეობაში ბოსტნეულისა თუ მრავალწლოვანი კულტურების შესაწამლად გამოიყენება. მას შემდეგ, რაც ასე მასიურად გამინადგურდა, შევიძინე 10 სკა და ფუტკრები სახლიდან 18 კილომეტრის მოშორებით, მთაში გადავიყვანე, იქ, მიმდებარე ტერიტორიაზე შხამ-ქიმიკატები არ გამოიყენება. მართალია, მეფუტკრეობა მომგებიანია, მაგრამ შორს ფუტკრის მოვლა დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული, კვირის განმავლობაში მინიმუმ 2-3-ჯერ მაინც უნდა ავიდე,“ – გვიყვება ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში მცხოვრები რეზო გოგუაძე.

მცენარეების შესაწამლად გამოყენებული შხამ-ქიმიკატები სოფლის მეურნეობაში ყველაზე მომგებიან დარგს რომ აზარალებს, ამაზე სხვა მეფუტკრეებიც საუბრობენ. ისინი პრობლემის გადაჭრის გზას იმ შხამ-ქიმიკატების რეალიზაციიდან ამოღებაში ხედავენ, რომლებიც ფუტკარს მასიურად ანადგურებს.

„წელს ძალიან დავზარალდით. შხამ-ქიმიკატებმა თითქმის ფუტკრის მეურნეობა გაგვინადგურა, სულ რომ არ დავზარალებულიყავით, ფუტკარი მთაში გადავიყვანეთ და იქ ვუვლით. სოფელში ძნელია ფუტკრის გადარჩენა, რადგან წამალი, რითაც ჩემი მეზობლები ბოსტნეულს წამლავენ, ფუტკარს კლავს. ვთქვათ, ჩემს სოფელში არ გამოიყენებენ, მაგრამ სხვაგან ხომ გამოიყენებენ ამ პრეპარატებს და მაინც დავზარალდები. ხომ ვერ დაამწყვდევ ფუტკარს? გამოსავალი მხოლოდ ერთია, სამინისტრომ უნდა იზრუნოს ჩვენი პრობლემის მოგვარებაზე და არსებული პრეპარატები, რაც ფუტკარს კლავს, სხვა პრეპარატებით ჩაანაცვლოს. ხელისუფლებას ვთხოვთ, ჩვენი თხოვნა დროულად გაითვალისწინოს,“ – ამბობს სოფელ კოლოტაურში მცხოვრები ნანული ბოლქვაძე.

არსებული პრობლემის მიუხედავად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ აჭარაში, მით უმეტეს ქედის მუნიციპალიტეტში, ფუტკარი მასიურად არ განადგურებულა. სამინისტროში ისიც თქვეს, რომ პრობლემის შესახებ მოსახლეობას სამინისტროსთვის  რომ მიემართა, ვითარებას შეისწავლიდნენ.

„ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც მცენარეების დასაცავად გამოიყენება, გარკვეულწილად მოქმედებს ფუტკრების ჯანმრთელობაზე, ზოგჯერ ფუტკრის განადგურებასაც იწვევს, თუმცა მსგავსი პრობლემით ჩვენთვის არავის მოუმართავს. თუ მოგვმართავენ, ვითარებას შევისწავლით. შესწავლის გარეშე კი ძნელია თქმა, რა გახდა კონკრეტულ შემთხვევაში ფუტკრის განადგურების მიზეზი,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ზურაბ ვარშანიძე.

მისივე თქმით, ყველა პრეპარატის ინსტრუქციაში წერია რომელია ფუტკრისთვის საშიში და რომლის გამოყენება შეიძლება ფუტკრებთან ახლოს: `არის პრეპარატები, რომელთა მოქმედების ხანგრძლივობა ერთი დღეა, ზოგი მოქმედია სამი დღის განმავლობაში, მაგალითად, „კონფიდორს“, რომლითაც კარტოფილის ხოჭოს წამლავენ, 72-საათიანი მოქმედება აქვს“.

„ერთხელ მაჭახლის ხეობიდან მოგვმართეს. მაშინ ჩვენ მოვიწვიეთ სპეციალისტები სურსათის ეროვნული სააგენტოდან, ავიღეთ ანალიზები, თუმცა ინტოქსიკაცია არ დადასტურდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტკიპის დაავადება გამოვლინდა. პრეპარატების მოქმედებით მხოლოდ გარკვეული შემთხვევებია,“ – ამბობს ზურაბ ვარშანიძე.

მეფუტკრეების მოთხოვნა – რეალიზაციაში არსებული ფუტკრების მომაკვდინებელი შხამ-ქიმიკატების აკრძალვასა და სხვა პრეპარატებით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით,  უსაფუძვლოდ მიაჩნიათ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი, ზურაბ ლიპარტია განმარტავს, რომ თუ რეალიზაციაში არსებული პესტიციდები მწერების საწინააღმდეგო სხვა პესტიციდებით ჩანაცვლდება, ვითარება არ შეიცვლება, რადგან მწერების საწინააღმდეგო ნებისმიერი დასახელების პრეპარატი ფუტკრისთვის მომაკვდინებელია. ის პესტიციდების მომხმარებლებს ურჩევს, პრეპარატების გამოყენებისას წინასწარ მეფუტკრეებს აცნობონ, ხოლო მეფუტკრეებმა, თავის მხრივ, პრეპარატის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის შესაბამისად ფუტკრის სკიდან გასვლის პროცესი გააკონტროლონ:

„ყველა პრეპარატს მისი გამოყენების წესი ეტიკეტზე აქვს დატანილი, ასევე, ეტიკეტზე მითითებულია რომელი პრეპარატია ფუტკრეებისთვის სახიფათო, რა პერიოდსა და რა მანძილზე. ყველა პრეპარატი, რაც მწერების საწინააღმდეგოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, უარყოფითად მოქმედებს ფუტკარზე, ყველაზე მეტად კი მაშინ არის ფუტკრისთვის საშიში, როდესაც მცენარე ყვავილობს და ამ ყვავილს ფუტკარი ეტანება. წალენჯიხიდან მოგვმართა მოსახლეობამ ერთობლივი განცხადებით, რომ ფუტკრები იხოცება… ამ შემთხვევაში გამოსავალი ერთადერთია – მოხდეს კონტროლი და ვინც მწერების საწინააღმდეგო პრეპარატს იყენებს, გამოყენების დრო უნდა აცნობოს მეფუტკრეებს, რომ ფუტკარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გაუშვან, ან საერთოდ მთაში გაიყვანონ“.

აჭარაში ფუტკრის მასიურ განადგურებაზე საუბრობს აჭარის მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე როლანდ კეჟერაძეც. ის ამბობს, რომ პრეპარატების შედეგად  აჭარის სოფლებში თითქმის ფუტკრის 70% განადგურებული.

ფუტკარი 1

„ჩვენს ასოციაციაში 50-ზე მეტი მეფუტკრეა გაწევრიანებული. ფუტკრის მასიური განადგურების პრობლემა კი ყველა მათგანს აწუხებს. ყველა დააზარალა სოფლის მეურნეობაში ხშირად გამოყენებადმა პრეპარატებმა. ვერ ვიტყვი ფუტკარი დაავადდა და ამან გამოიწვია ის შედეგი, რაც ახლა გვაქვს, რადგან ფუტკარი დაავადებული არ არის. ხუთივე მუნიციპალიტეტშია ეს პრობლემა, თუმცა რეგიონის მასშტაბით საკითხი უფრო რთულად დაბლობშია. აჭარის მთიანეთში მეფუტკრეების ნაწილმა ფუტკრის მთაში გადაყვანა დაიწყო, რამაც შეიძლება გადაარჩინოს დარჩენილი ფუტკრის ოჯახები, მაგრამ ფუტკრის განადგურების პროცესი ასე თუ გაგრძელდა, აჭარის სოფლებში ფუტკარი აღარ იქნება. არსებული პრობლემის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც ვაცნობეთ და ხელისუფლებასაც, თუმცა პრობლემის მოგვარებისთვის ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებიათ“, – ამბობს როლანდ კეჟერაძე.

„ბათუმელები“ მეფუტკრეებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც დაუკავშირდა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენტეხში მცხოვრები მეფუტკრე დემურ ლიპარტელიანი, რომელიც ამავდროულად მეფუტკრეთა კოოპერატივ „ალპური ნექტარის“ თავმჯდომარეა, ამბობს, რომ მის კოოპერატივში გაერთიანებულ მეფუტკრეებს ფუტკარი შხამ-ქიმიკატებისგან გასულ წელს გაუნადგურდა: „გაზაფხულზე, როდესაც აკაცია ყვავილობას იწყებს, ფუტკარი ცაგერში აკაციის ყვავილისთვის გადაგვყავს, იქ კი ვაზი ხშირადაა გავრცელებული და მოსახლეობა მის შესაწამლად შხამ-ქიმიკატებს აქტიურად იყენებს. ვერ ვიტყვი ფუტკრის განადგურება გასულ წელს იმ შხამ-ქიმიკატებმა გამოიწვია, რომლითაც ვაზს წამლავდნენ, მაგრამ კოოპერატივის ერთ წევრს 50 სკა ფუტკარი დაეხოცა, მეორეს – 25, მესამეს – 15, მეც მნიშვნელოვნად დავზარალდი. წელს ცაგერში ფუტკარი აღარ გადაგვიყვანია, აქ, ჩვენთან, ლენტეხში კი, შხამ-ქიმიკატებს მოსახლეობა თითქმის არ იყენებს და მცენარეები არ იწამლება“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბორჯომში მცხოვრები ალექსანდრე ჩადუნელი ამბობს, რომ 70 სკა ფუტკარი ჰყავს, წელს ზაფხულში სკაში ფუტკრების რაოდენობამ იკლო: `ვერ გეტყვით რა გახდა ამის მიზეზი, მეფუტკრეობას 25 წელია ვეწევი და ასე მასობრივად ფუტკრების კლება არ მახსენდება“.

„პრეპარატებმა და პესტიციდებმა რომ არ გაანადგუროს ფუტკარი, თაფლში მაინც შეიტანს შხამს და ხარისხს დაუკარგავს თაფლს, მე ახალბედა მეფუტკრე ვარ და სულ რამდენიმე სკა ფუტკარი მყავს, არიან ჩემს მეზობლად მეფუტკრეები, რომლებიც ფუტკრის განადგურებაზე ჩივიან, არ კონტროლდება შხამ-ქიმიკატების გამოყენება და ეს მნიშვნელოვნად გვაზარალებს მეფუტკრეებს,“ – ამბობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები დათო მუკბანიანი.

ფუტკრის დახოცვის მიზეზად შხამ-ქიმიკატების გამოყენებას არ მიიჩნევს საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის პრეზიდენტი თემურ ღოღობერიძე. იგი ფუტკრის დაავადებაზე საუბრობს:

„დღეს მოქმედი და გამოყენებადი შხამ-ქიმიკატები ნაკლებ ტოქსიკურია ფუტკრების მიმართ. თანაც აჭარაში ისეთი დიდი ფართობები არ იწამლება, რომ ფუტკრის ოჯახზე იმოქმედოს. შხამ-ქიმიკატებს ხმარობენ ლოკალურად. კომუნისტების დროს,  როცა დიდი ფართობები იწამლებოდა გორის მიდამოებში, იქ იხოცებოდა შხამ-ქიმიკატებით ფუტკარი, თუმცა მთელი ოჯახები არ იღუპებოდა. დღეს, შემიძლია ვთქვა, რომ ფუტკრის ოჯახების დაღუპვა შხამ-ქიმიკატებით არ არის გამოწვეული. არავინ უყურებს იმას, რომ ახლა შემოსულია დაავადება ნოზემა ცერანა, რომლის შესახებაც, ფაქტობრივად, არაფერი იციან. ამ დაავადებით ძალიან სწრაფად იღუპება ფუტკარი. ეს დაავადება ისევე შემოიჭრა, როგორც თავის დროზე ვარუა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ თემურ ღოღობერიძემ.

მისივე თქმით, ნოზემა ცერანა, ეს არის შორეულ აღმოსავლეთში გავრცელებული ერთ-ერთი ფუტკრის სახეობის დაავადება.

`2003-2005 წლებში ახსენეს პირველად ნოზემა ცერანა, როცა ესპანეთში დაიღუპა დიდი რაოდენობით ფუტკრის ოჯახები. ეს საშიში დაავადება დაფიქსირდა თურქეთშიც, რომელიც მეხუთე ადგილზეა თაფლის ექსპორტით მსოფლიოში. ეს იყო 6 წლის წინ, მარმარისის მიდამოებში. 2 წლის წინ კი ჩვენთან ახლოს, ტრაპიზონის მიდამოებშიც დაფიქსირდა, რაც გამოკვლევებითაც დადასტურდა. ის, რომ საქართველოში გავრცელებულია დაავადება ნოზემა, ვიცით, მაგრამ დღეს არის თუ არა ნოზემა ცერანა, ეს გამოკვლევით უნდა დადასტურდეს, რაც საქართველოში ვერ ხერხდება. ამ დღეებში უნდა გავაგზავნოთ ნიმუშები ლატვიაში, რიგაში. ჯერ არ ვიცით ფასი, მაგრამ რაც არ უნდა ღირდეს, მაინც ვაპირებ რამდენიმე ნიმუშის გაგზავნას, რის შემდეგაც გვექნება დადასტურებული პასუხი – ნამდვილად არის ნოზემა ცერანა ჩვენთან თუ არ არის. კლინიკური ნიშნების მიხედვით არის,“ – აცხადებს თემურ ღოღობერიძე.

მისი თქმით, დაავადება ნოზემა, რომლის საწინააღმდეგო პრეპარატებიც შემოტანილია ქვეყანაში, მკურნალობის შემდეგ ფაქტობრივად გაქრა ორი წლის წინ. ამჯერად კი ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოში უკვე ნოზემა ცერანა გავრცელდა, ან კიდევ, ნოზემა აპი, რომელიც ასევე კლავს ფუტკარს. ასოციაციაში იმასაც ამბობენ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში 150 ფუტკრის ოჯახიდან ზოგს არც ერთი აღარ დარჩა ცოცხალი, ზოგს კი მხოლოდ 10-15 ოჯახი გადაურჩა.

თემურ ღოღობერიძე ამბობს, რომ შესაძლოა ფუტკრის ერთეული ოჯახები ფუტკრის სიდამპლით ან კიდევ ვარვატოზისგანაც იხოცებოდეს, რადგან ფუტკარს ვერ მკურნალობენ დროულად: `თუმცა დღეს ოჯახების მასობრივად დაღუპვა ნოზემა ცერანას ან ნოზემა აპის მიზეზით უნდა იყოს. საქართველოში ნოზემა ცერანას საწინააღმდეგო პრეპარატებიც უკვე შემოტანილია“.

ასოციაციის პრეზიდენტი ქვეყანაში სპეციალისტებისა და შესაბამისი ლაბორატორიის არარსებობაზეც საუბრობს: „უნდა გქონდეს მიკროსკოპი და მასში ჩამხედავი სპეციალისტიც გყავდეს, თუმცა მარტო მიკროსკოპში ჩახედვითაც არ ჩანს ნოზემა ცერანაა თუ ნოზემა აპი. ამას უჯრედის, დნმ-ის დონეზე სწავლობენ და შემდეგ იძლევიან პასუხს, თუ რომელ ნოზემასთან გვაქვს საქმე კონკრეტულ შემთხვევაში“.

აღსანიშნავია, საქართველოს ლაბორატორიებში სრულყოფილად უშუალოდ თაფლის ხარისხის გამოკვლევაც ვერ ხერხდება. ასეთი კვლევა კი თაფლის ევროკავშირში ექსპორტის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარე წელს მათ თაფლის სრულყოფილ კვლევას ლატვიაში მოქმედი ლაბორატორია „ბიორი“ სთავაზობს, ვისთანაც სააგენტო ამ კუთხით ბოლო სამი წელია თანამშრომლობს.  საუბარია თაფლში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების ლაბორატორიულ კვლევაზე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: