კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ფიჭვნარის „მკვდართა ქალაქი“ – ძეგლი სტატუსის გარეშე

11.03.2016 • 4277
ფიჭვნარის „მკვდართა ქალაქი“ – ძეგლი სტატუსის გარეშე

ფიჭვნარის ანტიკური ხანის სამაროვნები ბოლო რამდენიმე წელია სახელმწიფოს მხრიდან დაუცველია. სპეციალისტთა შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში ეს ერთადერთი და უნიკალური არქეოლოგიური ძეგლი უყურადღებობით ნადგურდება. სტატუსის გარეშე დარჩენილი რამდენიმე ჰექტარი ტერიტორია ქობულეთის მუნიციპალიტეტში ის „ცხელი წერტილია“, საიდანაც უკანონოდ ხშირად გააქვთ  ინერტული მასალა.

დარეჯან გურგენაძე

დარეჯან გურგენაძე

ტყიდან, გზიდან შემოდიან მანქანებით და მიაქვთ სილა. გუშინაც იყვნენ შემოსულები. აზიანებენ აქ არქეოლოგების მიერ გათხრილ და მონიშნულ ადგილებს. ფართობი დიდია და ახლა ისეთი ადგილებიდანაც გააქვთ, ადრე რომ არ გაჰქონდათ. სახელმწიფომ ალბათ მკაცრად უნდა გააკონტროლოს ეს პროცესი, დაიცვას ეს ადგილები. გარემოს დაცვის ინსპექცია ხშირად აჯარიმებს აქ ხალხს, მაგრამ ეტყობა ჯარიმებს არ იხდიან, ან არ ახდევინებენ. წერეთ რამდენიც გინდათ ოქმებიო ეუბნებიან. მეც და ჩემს შვილსაც გვეჩხუბებიან, თქვენ ვინ რას გეკითხებათოკერძო პირები არიან, ეტყობა თავისთვის ან გასაყიდად გააქვთ სილა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ დარეჯან გურგენაძე, რომელიც იქვე ცხოვრობს და ტერიტორიაზე არსებულ არქეოლოგიურ ბაზას იცავს.

ადრე ბაზის გარდა დარაჯი/მცველი მთლიან ტერიტორიასაც ჰყოლია, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ ადგილს ძეგლის სტატუსი მოუხსნეს, უპატრონოდაა დატოვებული. მას რამდენიმე წელია დარეჯან გურგენაძე ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე შეძლებისდაგვარად იცავს.

გარემოს დაცვის ინსპექცია რეგულარულად ახდენს აღნიშნული ტერიტორიის პატრულირებას, რათა ინერტული მასალა უკანონოდ არ გაიტანონ. შესაბამისი რეაგირება არის, ოქმები შედგენილია არაერთგზის. ჩვენ ვართ უფლებამოსილი, გამოვავლინოთ კონკრეტული სამართალდარღვევა და შემდეგ საგამოძიებო უწყებაში ან სასამართლოში გადავაგზავნოთ მასალები. შემდეგ ჯარიმას დააკისრებენ თუ არა, და გადაიხდის თუ არა ამ ნაწილს ჩვენ ვეღარ მივსდევთ,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. დეპარტამენტი დაგვპირდა, რომ ფიჭვნარში და მთლიანად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათ მიერ გამოვლენილი დარღვევების შესახებ დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგვაწვდის.

GE DIGITAL CAMERA

დაზიანებული სამაროვანი ფიჭვნარში

მეცნიერთა აზრით, ფიჭვნარის დაცვის საუკეთესო მექანიზმი მისთვის სტატუსის მინიჭება და ოფიციალური დაცვის დაწესებაა.

ამჟამად ფიჭვნართან დაკავშირებით სააგენტოში საკითხი არ განიხილება. არქეოლოგების მიერ რამდენიმე წლის წინ იყო შემოტანილი არქეოლოგიური ზონის დადგენაზე დოკუმენტები, მაგრამ მაშინ შეისწავლეს გარკვეული ტერიტორია, სადაც მშენებლობა დაიწყო და შემდეგ რატომღაც დღის წესრიგში აღარ დადგა სტატუსის საკითხი. თუმცა, თუ იქნება შესაბამისი მომართვა და დაინტერესება, თუნდაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხრიდან, ჩვენ ვიშუამდგომლებთ მთავრობასთან, რომ ფიჭვნარში არქეოლოგიური ზონა დადგინდეს,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, მირანდა ჩარკვიანის განცხადებით, ცოტა ხნის წინ დასრულდა მუშაობა ქობულეთის სივრცითი მოწყობის გეგმაზე, რომელშიც გათვალისწინებულია ფიჭვნარის არქეოლოგიური ზონის არსებობა: ახლა მოსამზადებელია დოკუმენტი, რათა ეროვნულ სააგენტოს მივმართოთ. არქეოლოგებთან ერთად საჭიროა განისაზღვროს ტექნიკური საკითხები, მაგალითად, იქ არის სამაროვანი ადგილები, რომლებიც არ არის მონუმენტური და შესწავლის შემდეგ შეიძლება მიიღოს სხვა დანიშნულება, ანუ წარიმართოს მშენებლობას ან სხვა ტიპის განვითარება. ამიტომ მცოცავი საზღვრების დადგენა იქნება საჭირო. თუ რაიმე მონუმენტური აღმოჩნდება, ის ხელშეუხებელი უნდა დარჩეს. შესაბამისი დოკუმენტაციის მოსამზადებლად 2-3 კვირა იქნება საჭირო, არქეოლოგებთან ერთად მოვამზადებთ და ამის შემდეგ მივმართავთ ეროვნულ სააგენტოს სტატუსის მინიჭების მოთხოვნით“.

GE DIGITAL CAMERA

არქეოლოგიური ბაზა ფიჭვნარში

ფიჭვნარის ნამოსახლარებს [სამაროვნებს] უძრავი ძეგლის სტატუსი 1976 წლიდან ჰქონდა – დაცული ტერიტორია იყო. წინა ხელისუფლებამ ყველა ძეგლს სტატუსი გაუუქმა და მათი ხელახალი აღიარება-რეგისტრაცია დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ შედგა ფიჭვნარის ნამოსახლარის, როგორც უძრავი ძეგლის პასპორტიც, არქეოლოგებმა მისთვის სტატუსის მინიჭებას ვერ მიაღწიეს [აღსანიშნავია, რომ ასეთი ორი ძეგლია აჭარაში: გონიო-აფსაროსი და პეტრას ციხე].

არქეოლოგ ნინო ინაიშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ 2012 წელს დასრულდა აჭარის სივრცითი მოწყობის სქემაზე მუშაობა, სადაც საუბარი იყო ასევე ქობულეთ-ფიჭვნარის ტერიტორიის მნიშვნელობაზეც: აღსანიშნავია, რომ 2012 წელს, როგორც კი შეიცვალა მთავრობა, არქეოლოგებმა მოვითხოვეთ ქობულეთფიჭვნარისთვის არქეოლოგიური ზონის სტატუსის მინიჭება. სააგენტოს უფროსის მოადგილე, თენგიზ ცინცაძე უშუალოდ იყო ჩართული ამ პროცესში. მან მოამზადა სათანადო დოკუმენტაცია სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან შესათანხმებლად, მაგრამ როგორც ჩანს, გააჩერეს ეს საქმე, ალბათ, ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლებმა

ნინო ინაიშვილის თქმით, ფიჭვნარის არქეოლოგიურ ძეგლს, მეცნიერული ღირებულების გარდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ასევე ქობულეთ-ფიჭვნარის ტერიტორიაზე კულტურული ტურიზმის განვითარებისთვის, რომელიც ტურიზმის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია.

GE DIGITAL CAMERA

ფიჭვნარი. განათხარი სამაროვნები. ამჟამად თავისუფალი ტურისტული ზონის ტერიტორია

დღეს შემორჩენილია სამი დიდი სამაროვანიკოლხური, ბერძნული და ელინიზმის ეპოქის. შესწავლილია 1300-ზე მეტი სამარხი და აღმოჩენილია უნიკალური ნივთებიფიჭვნარის ნეკროპოლი [მკვდართა ქალაქი] უნიკალური ძეგლია არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ შავიზღვისპირეთისთვის. მთავარი ისაა, რომ სამხრეთ კავკასიაში სხვა ნეკროპოლი, რომელიც ბერძნებთან/ელინებთან იქნება დაკავშირებული, არ გვაქვს. იქ საერთაშორისო ცენტრის შექმნა შეიძლება, მაგრამ ვერა და ვერ მოხერხდა სტატუსის მინიჭება, რომ დავნიშნოთ ოფიციალური პირი და დაიცვას ეს ადგილები. გააქვთ სილა, ზიანდება სამარხები, გაუხსნელ ფართობში იჭრებიან უკვე, ძალიან რთული სიტუაციაა,“ – ამბობს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი ამირან კახიძე.

ადგილი, რომელზედაც ფიჭვნარის ნამოსახლარებია, 2010 წლის მონაცემებით სახელმწიფო საკუთრება იყო. ამავე წელს იმ ტერიტორიის ნაწილი, სადაც სამაროვნები იყო, ხელისუფლებამ თავისუფალ ტურისტულ ზონად გამოაცხადა, სასტუმროების აშენების მიზნით.

საჯარო რეესტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ამონაწერის მიხედვით, ეს ტერიტორია [ამჟამად 43 540 კვ/მ] აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

GE DIGITAL CAMERA

გდი-ს პატრულირება არქეოლოგიურ ბაზასთან

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით 2015 წლის იანვრიდან დღემდე ჩოლოქის [ძირითადად ფიჭვნარის] ტერიტორიაზე ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების  53 ფაქტზეა ოქმები შედგენილი. მთლიანობაში კი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამავე პერიდში სულ ანალოგიური სამართალდარღვევის 158 ფაქტია გამოვლენილი. სამართალდამრღვევები ძირითადად 1500 ლარით არიან დაჯარიმებულები

 

IMG14573

სილის უკანონოდ მოპოვების გამო დაზიანებული სამაროვანი ფიჭვნარში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: