რა დადგინდა ვიდეოკადრებით – პოლიციის შენობაში განთავსებული ჰოსტელის ძარცვის საქმე


“ამ კადრში ხედავთ, რომ ჰოსტელში შესვლის ინიციატორები ბრალდებულები არ ყოფილან, იქ ჯერ თავად დაზარალებული შედის…” – მიმართა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა მოსამართლე ლევან გელოვანს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 მაისს პროკურატურის ბოლო მტკიცებულება – ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები გამოიკვლიეს.

საუბარია გასული წლის 4 დეკემბერს ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ჰოსტელის ძარცვაზე. ეს ჰოსტელიც იმ შენობაშია, სადაც პოლიციის მე-6 განყოფილებაა განთავსებული. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები ჰოსტელში პოლიციელების სახელით შევიდნენ და თქვეს, რომ ნარკოტიკს ეძებდნენ, შემდეგ კი რუს ტურისტს ძვირადღირებული მობილური ტელეფონი წაართვეს.

გამოძიება ბრალდებულებს ჯგუფურად ძარცვას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დაკავებულებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. ერთ-ერთი მათგანი ბ. მუსაევი რუსეთის მოქალაქეა. დიეგო ბ. კი ბათუმში ცხოვრობს.

ვიდეოკადრების მიხედვით, ჰოსტელიდან გამოსული მამაკაცი ტროტუარზე სავარაუდო ბრალდებულებს ესაუბრება. გასაუბრების შემდეგ ჰოსტელში ჯერ დაზარალებულად ცნობილი ტურისტი შედის, შემდეგ – ბრალდებულები.

დაზარალებულად ცნობილი ტურისტების თქმით, ჰოსტელში შესულმა ადამიანებმა მათი გაძარცვა გადაწყვიტეს და ერთ-ერთ ტურისტს ძვირადღირებული მობილური ტელეფონი წაართვეს. ჰოსტელის შიგნით ვიდეოკამერა დამონტაჟებული არ იყო.

“ეს ხომ აბსურდია, ჩემს შვილს მობილური წაერთმია იქ ტურისტისთვის და საკუთარი ადგილზე დაეტოვებია?” – კითხულობს ბრალდებულ დიეგო ბ.-ს დედა, რომელიც დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრებოდა.

დიეგოს საკუთარი აიფონი მართლაც დარჩა ჰოსტელში, თუმცა პროკურორის ვერსიით, ეს სიჩქარის გამო მოხდა.

“ნახეთ, ამ კადრში ბრალდებული  გარბის…” – მიუთითა პროკურორმა ლევან მურვანიძემ მოსამართლეს ჰოსტელის წინ ღამით გადაღებულ კადრზე.

ბრალდებულების ახლობლების მტკიცებით, დიეგო და მუსაევი ჰოსტელში მარიხუანას მოსაწევად უცხოელმა ტურისტმა თავად შეიპატიჟა, შემდეგ კი ჩვეულებრივი სიგარეტი შესთავაზეს, რის გამოც იკამათეს და ჰოსტელი დატოვეს.

“მაშინ რის გამო გარბის დიეგო ბ.?” – ვკითხეთ მის უფლებათადამცველ ჯემალ კიკნაძეს.

“რეალურად ის დაიბნა, რადგან პოლიციას დაურეკეს… დიეგოს ეგონა, რომ მის მეგობარს რჩებოდა მობილური და წამოიღო, შემდეგ ხვდება, რომ ასე არაა და ტელეფონს იქვე, ხის ძირას დებს…”- გვითხრა ადვოკატმა ჯემალ კიკნაძემ.

ადვოკატების მტკიცებით, კონფლიქტის მთავარი მიზეზი ენობრივი ბარიერი იყო.

“სად ჩანს აქ თარჯიმანი, რომელიც პოლიციელების თქმით, თითქოს დაკავების ადგილზე მოვიდა?” – იკითხა ერთ-ერთმა ბრალდებულმა. მისთვის პროკურორს არ უპასუხია.

შემდეგ პროცესზე მოსამართლე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გაეცნობა და ამით არსებითი განხილვა დასრულდება.

ამ თემაზე:

პოლიციის შენობაში მდებარე ჰოსტელის ძარცვაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი