მთავარი,სიახლეები

ბათუმის ციხეში პატიმრები წყალს ითხოვენ

28.03.2019 • 2722
ბათუმის ციხეში პატიმრები წყალს ითხოვენ

ბათუმის ციხეში წყლისა და ხელოვნური ვენტილაციის პრობლემაზე პაატა დიასამიძე საუბრობს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. ის სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულებაში, ანუ ბათუმის ციხეში დღეს, 28 მარტს, იმყოფებოდა.

„პატიმრებს, განსაკუთრებით დეესკალაციის ოთახში მყოფებს, აწუხებთ წყლისა და ვენტილაციის პრობლემა. მათი თქმით, წყალი ციხეს გრაფიკით მიეწოდება. ეს განსაკუთრებით გაუსაძლისი ბოლო პერიოდში გახდა, როცა ხელოვნური ვენტილაციაც ითიშება – დეესკალაციის ოთახში საპირფარეშო საკნისგან იზოლირებული არ არის,“ – გვიყვება პაატა დიასამიძე.

იურისტის მიერ დასახელებულ პრობლემებს ადასტურებენ იურისტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის პრესცენტრში. ამ უწყებიდან მიღებულ წერილობით ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ციხესთან ახლოს მცხოვრებ ოჯახებს უფრო აწუხებთ წყლის პრობლემა, ხოლო ვენტილაციის სისტემას მხოლოდ ღამით თიშავენ ორი საათით.

„წყლის პრობლემა არ უკავშირდება პენიტენციურ დაწესებულებას. N3 პენიტენციურ დაწესებულების მიმდებარედ მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. პენიტენციური დაწესებულების წყალმომარაგება მოსახლეობაზე ბევრად უკეთესია იქიდან გამომდინარე, რომ ხდება რეზერვუარების გამოყენება… რაც შეეხება ვენტილაციას, უსაფუძვლოა განცხადება, რომ უსაფრთხო საკნებში ვენტილაციის პრობლემა არსებობს, რადგან ამ საკნების ვენტილაცია  24-საათიან რეჟიმში, უწყვეტად ხორციელდება.

რაც შეეხება მთლიანად დაწესებულების ვენტილაციას, იმისათვის, რომ სავენტილაციო მოწყობილობა არ გადაიწვას, ღამით მხოლოდ 2 საათით ხდება ვენტილაციის გამორთვა. ესეც იმ საკნებში, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი ვენტილაციის საშუალება, ანუ სადაც შესაძლებელია ფანჯრის გახსნა და საკნების ბუნებრივად განიავება,“ – მოგვწერეს პენიტენციური დაწესებულებიდან.

„ეს არის არაადამიანური მოპყრობა,“ – ასე აფასებს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე პენიტენციური სამსახურის დამოკიდებულებას პატიმრების მიმართ. მისი განმარტებით, პატიმრის უფლებები არ უნდა ირღვეოდეს იმის გამო, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებას წყალი შეზღუდვით მიეწოდება.

„არასწორია მოსახლეობასთან შედარება. მოსახლეობამ შესაძლოა წყალი დაზოგოს, ან ეზოში მდებარე ტუალეტით ისარგებლოს. რა უნდა ქნას პატიმარმა, რომელსაც ბოთლის შეტანის უფლებაც კი არ აქვს საკანში? ვენტილაციის სისტემაც დაწესებულებაში ერთიანია. არ არის ეს სისტემა ისე მოწყობილი, რომ დეესკალაციის ოთახში დატოვონ და სხვაგან გათიშონ. დეესკალაციის ოთახში ფანჯარა არ იღება, ის ჩაცემენტებულია,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

საია-ს იურისტი ასევე ამახვილებს ყურადღებას დეესკალაციის ოთახში პატიმრების მოთავსებაზე. ამ ოთახში პატიმრები მაშინ უნდა ხვდებოდნენ, თუკი ისინი საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს ან სხვებს. პაატა დიასამიძე იმ პატიმრების პოზიციას იზიარებს, რომლებიც ამბობენ, რომ ხშირად განმარტოებით, დეესკალაციის ოთახში მხოლოდ დასჯის გამო სვამენ.

„იყო შემთხვევა, როცა პატიმარი დეესკალაციის ოთახიდან წაიყვანეს სასამართლო პროცესზე. პროცესმა ისე ჩაიარა, რომ მოსამართლეს შენიშვნაც კი არ მიუცია ამ პატიმრისთვის. პროცესიდან წაყვანილი პატიმარი პირდაპირ, ისევ დეესკალაციის ოთახში მოათავსეს,“ – დასძენს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: