„მეტროს“ შესაძლოა კურორტ გოდერძიზე ხელშეკრულება შეუწყვიტონ



„მეტრო ატლას ჯორჯიას“ მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებაზე ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული. კომპანია ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ „გოდერძიზე“ სასტუმროს აშენებს. კურორტზე მიწის ნაკვეთი კომპანიას, პირდაპირი წესით, 2016 წელს გადაეცა.

„მეტრო ატლას ჯორჯიას“ გეგმა-გრაფიკის მიხედვით აღებული გარკვეული შუალედური ვალდებულებები არ აქვს შესრულებული. ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაწყებულია სწორედ ამ გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო. კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს, შეიძლება არა. ახლა ჩვენ ველოდებით აჭარის მთავრობის მიერ იმ წესის მიღებას, რომლის მიხედვითაც, თუ კომპანია ერთი თვის ვადაში წარმოადგენს საბანკო გარანტიას, მიეცემა დამატებითი ვადები,“ – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

ადმინისტრაციული წარმოება, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, 2019 წლის 30 იანვარს დაიწყო.

„მეტრო ატლას ჯორჯიას“ მშენებარე სასტუმრო კურორტ გოდერძიზე / 20.02.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

„მეტრო ატლას ჯორჯიამ“, 2016 წლის აგვისტოში კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ნაკვეთი პირდაპირი წესით გადასცეს. 2017 წლის აგვისტოში ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანეს და კომპანიას პირობები დაუზუსტეს. დაზუსტებული პირობების მიხედვით, კომპანიამ კურორტზე  მიწის სამი ნაკვეთი შეისყიდა, მათ შორის ორი ნაკვეთი ჯამში 6172 კვადრატული მეტრი აჭარის მთავრობამ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა, ხოლო 4825 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კომპანიას კურორტზე 77 200 ლარად მიჰყიდეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „მეტრო ატლას ჯორჯიამ“ აიღო ვალდებულება 2017 წლის 11 აგვისტოდან ოცი თვის ვადაში [ანუ 2019 წლის ივნისამდე] უზრუნველყოს არანაკლებ 120-ნომრიანი სასტუმროს, კვების ობიექტებისა და 40 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგის ადგილის მშენებლობა. ამ ყველაფერში კომპანიამ 12 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. კომპანიამ ასევე აიღო ამ პროექტში 60 მოქალაქის დასაქმების ვალდებულება [მათი 90% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს].

ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო კომპანია ყოველ გადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 5 პროცენტით დაჯარიმდება.

რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, დღეს კურორტ გოდერძიზე, ჯამში, 10 997 კვ/მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე სააქციო საზოგადოება „მეტრო გოდერძია“. ამ სააქციო საზოგადოების აქციათა 100 პროცენტს კი „მეტრო ატლას ჯორჯია“ ფლობს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2019 წლის 20 მარტის მდგომარეობით, ადმინისტრაციული წარმოება ხელშეკრულების გაუქმებაზე დაწყებულია 18 იურიდიულ და ფიზიკურ პირთან მიმართებაში [მათ შორის „მეტრო ატლას ჯორჯიასთან“].

„წესი, რომელიც აჭარის მთავრობამ უნდა მიიღოს, საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ხელშესაწყობად იქნება მიღებული. აქ გაწერილია, რომ ვისაც შეუსრულებელი ვალდებულებები აქვს სამინისტროს წინაშე, ყველას მიეცემა შანსი ერთი თვის ვადაში საბანკო გარანტიის წარმოსადგენად. ამ გარანტიის საფუძველზე კი მათ, ვალდებულებების შესასრულებლად, დამატებით ვადებს მივცემთ“, – აცხადებენ სამინისტროში.

2018 წლის სექტემბერში აჭარის მთავრობამ მიიღო განკარგულება [„საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“], რომლის მიხედვითაც ინვესტორს, რომელიც მთავრობას ნაკისრი ვალდებულებების გადავადებას სთხოვდა, უნდა წარედგინა საბანკო გარანტია იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად აქვს მას ფინანსური რესურსი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ბოლომდე მისაყვანად.

აღნიშნული განკარგულება 2019 წლის პირველ იანვრამდე მოქმედებდა. აჭარის მთავრობა ამჯერადაც ანალოგიური წესის მიღებას გეგმავს.

მთავარი ფოტო: „მეტრო ატლას ჯორჯიას“ მშენებარე სასტუმრო კურორტ გოდერძიზე / 20.02.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

ამ თემაზე:

აჭარაში ინვესტორებს ორ წელში 20 მილიონი ლარის და 2 მილიონი დოლარის ჯარიმა აპატიეს

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com