უფასო გამოკვლევები ტუბერკულოზის და C ჰეპატიტის დასადგენად



ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან  სკირინგის უფასო აქცია მოაწყო. აქციის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს ტუბერკულოზზე, ასევე, C ჰეპატიტის გამოკვლევის ჩატარება შეეძლო.

„20 ადამიანი გამოიკვლიეს. აქედან ერთს C ჰეპატიტი დაუდასტურდა, 4 ადამიანის მონაცემები კი შემდეგი კვლევებისთვის ფტიზიატრიულ განყოფილებაში გადაიგზავნა,“ – გვითთხრეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. აქვე აღნიშნავენ, რომ აქცია გრძელდება და მსურველებს უფასო კვლევის ჩატარება პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულებებშიც შეუძლიათ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ბოლო წლებში ტუბერკულოზის გავრცელების კლების ტენდენცია გვაქვს, თუმცა ქვეყნის მაჩვენებელი მაინც მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის მონაცემებს.

2018 წელს საქართველოში ტუბერკულოზის 2681 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათ შორის, 2004 ახალი შემთხვევა იყო. ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, გლობალური ფონდის თანადაფინანსებით, აჭარა შეუერთდა ,,ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას“, რაც ითვალისწინებს ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსის და C ჰეპატიტის ინტეგრირებულ სკრინინგს და ტუბერკულოზის გამოსავლების გაუმჯობესებას აჭარაში.

2018 წლის 24 მარტს გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის მიხედვით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჩართვის გზით, აიღო ურთიერთშეთანხმებული აქტივობების თანადაფინანსების ვალდებულება.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 2018 წლის აგვისტოდან ამ დრომდე ამ პროექტის ფარგლებში სულ გამოკვლეულია 4448 პირი, პირველადი სკრინინგით დადებითი გამოვლინდა C ჰეპატიტზე – 86, აივ-ზე დასკრინული 4372 -დან 1 დადებითი, ხოლო 4705 პირიდან 534 შემთხვევაში განხორციელდა რეფერალი ფტიზიატრთან. ტუბერკულოზი დადასტურდა 1 შემთხვევაში.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი