კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

რა შეიცვლება ბათუმის ბულვარში ახალი სეზონიდან – ინტერვიუ ირაკლი ჯინჭარაძესთან

01.03.2019 • 3070
რა შეიცვლება ბათუმის ბულვარში ახალი სეზონიდან – ინტერვიუ ირაკლი ჯინჭარაძესთან

„საქმით დავამტკიცებთ, თუ როგორ ვზრუნავთ… ბათუმის ბულვარი იქ არსებული სახაშეებისგან გაიწმინდება“, –  ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ძველი ბათუმის“ ერთ-ერთ მიმართვას. მთავრობის თავმჯდომარეს არ განუმარტავს, როგორ აპირებს ბულვარის არასასურველი ობიექტებისგან „გაწმენდას“, მაშინ როცა მათ შორის ბევრია ისეთი, რომელთა მეპატრონეს აჭარის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებებით ვალდებულებები აქვთ გაწერილი.

იმისგან გასათავისუფლებლად, რაც ბულვარში არ მოსწონთ, ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე ერთადერთ გამოსავლად შესაბამისი რეგულაციების შემუშავებას ასახელებდა. დღემდე გადაუწყვეტელ საკითხად რჩება ბულვარის კონსერვაციის საკითხიც – როდის ექნება ბულვარს რეგულაციები, რაც ბულვართან, როგორც ძეგლთან და როგორც დასასვენებელ პარკთან მიმართებაში არსებულ ყველა სადავო საკითხს დაარეგულირებს და რა ბედი ეწია ძველი ბულვარის კონსერვაციის იდეას? – ამ და სხვა საკითხებზე ბულვარის დირექტორს, ირაკლი ჯინჭარაძეს ვკითხეთ.

ბატონო ირაკლი, ბულვარის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე განაცხადეთ, რომ თქვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ბულვარისთვის რეგულაციების შემუშავება, რომლის მიხედვითაც მიიღებდით გადაწყვეტილებებს და არა საკუთარი გემოვნებით…

დიახ, მოვამზადეთ ასეთი დოკუმენტი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მას საბოლოო სახე აქვს. ეს თემები ბოლომდე რომ გავიაროთ, კიდევ გვჭირდება დრო და რესურსი. ვამზადებთ კვლევებს. ამასთან, არის ჯგუფები შექმნილი, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ. ჯგუფებში შედიან ჩემი მოადგილეები, ასევე, იურიდიული და ქონების მართვის სამსახურების თანამშრომლები. არის რიგი საკითხები, რომლებსაც შიდა ადმინისტრაციული რესურსით ვერ გავწვდებით. არის კიდევ ისეთი აკრძალვები, რომლებზეც წერილობით მივმართეთ ბათუმის საკრებულოს, ასევე, უმაღლეს საბჭოსთან ერთად ვმუშაობთ. კომპლექსურად ცალ-ცალკე დავშალეთ ყველაფერი.

ბათუმისთვის ერთ-ერთ აქტუალურ თემაზე – ძველი ბულვარის კონსერვაციაზე რაიმე გადაწყვეტილებამდე მიხვედით?

უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს ძველი ბულვარის კონსერვაციასა და განვითარების გეგმასთან დაკავშირებით, 250 000 ლარია ამისთვის გამოყოფილი. ჯგუფი მუშაობს, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შედიან, არიან კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტები, მაგალითად, თამარ ამაშუკელი, „ბათომის“ წარმომადგენელი გია რამიშვილი, თითქმის ყველა სხდომას ესწრებიან და გვეხმარებიან ნინო ინაიშვილი და შოთა გუჯაბიძე. ასევე, გამწვანებისა და დენდროლოგიური მიმართულებით გვყავს თბილისიდან მოწვეული სპეციალისტები. ჯგუფში შედის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი. უმოკლეს დროში ტექნიკური დავალება გვექნება დასრულებული.

გარდა ამისა, ვფიქრობთ სანაპირო ზოლის განვითარებაზე, სამი წლით გვქონდა გაქირავებული პლაჟები და წელს მთავრდება ეს ვადა, პლაჟები გათავისუფლდება. 2020 წელს ახალი იერსახით ვაპირებთ მათ განვითარებას და  ესეც კვლევაზე დაფუძნებულ გეგმაზე დაყრდნობით იქნება. კვლევების გარეშე ჩვენ ვერაფერს შევძლებთ. უნდა ვიცოდეთ რა მასშტაბით, რა დაშორებებით, რა იერსახით შეიძლება მოეწყოს იქ გასართობი და კვების ობიექტები.

ვიცით, რომ მოიჯარეებს, რომლებიც ბულვარში კვების ობიექტებს ფლობდნენ, პრეტენზიები აქვთ იმის თაობაზე, რომ მერიამ მათი ობიექტები არ გამოისყიდა და არც ხელშეკრულების ვადები გაუგრძელა… 

შეუძლებელია, რომ მე ჩემს თავზე ავიღო ასეთი პასუხისმგებლობა – ჩემი ხედვით ან გეგმით რაიმე დავაგეგმარო და შევთავაზო მათ. როდესაც კონსერვაციის გეგმას დავდებთ, ეს იქნება ალბათ სექტემბერში, ამის შემდეგ გვეცოდინება რა როგორ შეიძლება გადაწყდეს. არ იქნება ისე, რომ ეს დავანგრიოთ…  თავმჯდომარე რომ გამოვიდა ბულვარი სახაშეებისგან უნდა დავცალოთო, ამის  შემდეგ ჩვენ გვქონდა შეხვედრა მასთან. თავმჯდომარის დავალებაა, რომ ბაღი დაემსგავსოს ბაღს. ამასთან, ფრთხილად ვუყურებთ იმ ადამიანების ბედს, რომლებსაც დიდი ხანია ბულვარში ბიზნესი ჰქონდათ, ჩვენი გადაწყვეტილება არ იქნება ხისტი.

მინდა გითხრათ ასევე მუსიკასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მაგალითად, ქუჩის მუსიკოსებთან დაკავშირებით შევიმუშავეთ კონცეფცია. ეს ქაოტური პროცესი იყო – ვისაც უნდოდა მოდიოდა და მღეროდა. უახლოეს მომავალში კონკურსი გამოცხადდება ქუჩის მუსიკოსებზე, კომისია შეარჩევს – გვექნება ჩამონათვალი, რა სახის რეპერტუარი შესაძლებელი იქნება გაჟღერდეს ბულვარში და  რა სიხშირეზე.

ხშირად წერდნენ ადამიანები სოციალურ ქსელში, ბულვარში ოკუპანტი ქვეყნის ენაზე შესრულებული მუსიკა რომ ისმოდა, ასევე საქორწილო სიმღერები. ამ კუთხით შეზღუდვებს აწესებთ?

ამ პრობლემაზე ვმუშაობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაიხვეწოს. აბსურდი იქნება ვთქვა, რომ მე მივცემ თავს უფლებას, რომელიმე რესტორანში, ჩემი პირადი ბრძანებით ან დავალებით, ვინმეს ვუთხრა რუსული მუსიკა, ჯაზი ან პოპი არ ჩართოთ-მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ მეც არ მომწონს. ჩვენ გვინდა ეს საკითხი მოვაწესრიგოთ, მაგრამ მეორე მხრივ, დარღვევას ვერ გავაკეთებთ. არ არსებობს კანონი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივუთითოთ, ვინ, სად, რას ჩართავს. როდესაც რეგულაციებსა და სტანდარტებზე ვსაუბრობთ, ამ სტანდარტებში იქნება ხმის დონეზე შეზღუდვა, ასევე ხარისხზე. ამან ჩარჩოებში უნდა მოაქციოს ეს ყველაფერი.

კიდევ რა მიმართულებებია, რის დარეგულირებასაც გეგმავთ? 

რეგულაციები დადგინდება ასევე ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით, რადგან ბავშვები სეირნობენ ბულვარში და მათ უსაფრთხოებას ექმნება პრობლემები.

კიდევ ერთი საკითხია ბულვარში საზოგადოების კრიტიკის საგანი, როცა სეზონი მთავრდება და კლუბების, ასევე სხვა ობიექტების მეპატრონეები ადგილზე ტოვებენ შიშველ კონსტრუქციებს და სხვა ინვენტარს, რომელიც მიტოვებული ადგილების შთაბეჭდილებას ქმნის და ვიზუალურად ცუდი სანახავია. ამ კუთხით გაქვთ რაიმე გეგმა?

ეს საკითხიც დარეგულირდება, თუ ტერიტორიას გავცემთ მხოლოდ სეზონზე, ასევე ჩავუდებთ ვალდებულებას, რომ სეზონის დასრულების შემდეგ სრულყოფილი დემონტაჟი განხორციელდეს და თუ კონსტრუქცია უნდა დარჩეს, ის უნდა იყოს მოქმედი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: