მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია უარყოფს საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის შესაძლებლობას

19.02.2019 • 1521
ბათუმის მერია უარყოფს საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის შესაძლებლობას

ბათუმის მერია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ბათუმის საბავშვო ბაღები საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცით მარაგდებოდეს. ოპოზიციის განცხადება უსაფუძვლოა – აცხადებს ბათუმის მერია.

„გვინდა განვმარტოთ, ბათუმის მუნიციპალური საბავშვო ბაღები მარაგდება საქონლის ხორცით, რომელიც გადის შემდეგ პროცედურებს:

ხორცის ყოველ მოწოდებაზე წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვეტერინარული მოწმობა (ფორმა 2) ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ადმინისტრაციაში. ფორმა 2 არის საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ საქონელი არის ჯანმრთელი და საკვებად ვარგისი, მისი დაკვლა მოხდა ყველა სტანდარტის დაცვით.

მოწოდებული ხორცის ყველა ნაჭერზე დასმული უნდა იყოს ვეტერინარის დამღა, რომელიც უნდა იკითხებოდეს გარკვევით; ვეტერინარი თავისი ცნობით გვიდასტურებს, რომ ხორცი, რომელიც მიეწოდება საბავშვო ბაღებს, არის ფორმა 2-ით მოწოდებული საქონლის ტან-ხორციდან დაფასოებული რბილი ნაჭრები, ცნობა დასტურდება ვეტერინარის ბეჭდით.

ყველა მოწოდებულ პარტიას უნდა ახლდეს ვეტერინარის მიერ გაცემული ცნობა რეალიზებული პროდუქციის შესახებ, რომელიც სხვა დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ადმინისტრაციაში.

ხორცის მოწოდების დროს დაცულია ეტიკეტირების წესი, რომელიც თან ახლავს პროდუქტს. ყველა დოკუმენტი ხორცთან ერთად მიეწოდება არსებულ საბავშვო ბაღებს, დოკუმენტების დედანი ინახება ადმინისტრაციაში.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ შესაბამის სტრუქტურებთან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ბათუმის მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

ბათუმში მდებარე ბაღების ცხენის ხორცით შესაძლო მომარაგების შესახებ დღეს, 19 თებერვალს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ ლევან ანთაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბათუმის საბავშვო ბაღებს ხორცით სწორედ ის ადამიანთან დაკავშირებული კომპანია ამარაგებს, რომელსაც სამტრედიის საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შეჰქონდა:

„იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, ეს არის შპს „ნარგული“, არის ზუსტად ის ადამიანი, ნუგზარ მარკოიძე, რომელსაც სამტრედიაში და გურიის ერთ-ერთ ბაღში შეჰქონდა ცხენის ხორცი. ზუსტად იმ სასაკლაოდან ხდება ბათუმში ხორცის შემოტანა, საიდანაც შეჰქონდათ სამტრედიაში. ანალიზი ბევრი კეთდება, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში არ გვაძლევს სურათს, ეს ძროხის თუ ცხენის ხორცია. მინიმუმ ეჭვს მაინც უნდა აღძრავდეს მერიაში და ბაღების გაერთიანებაში ეს საკითხი. საქმე ეხება ჩვენს შვილებს და ესენი ფინანსდებიან ბათუმის ბიუჯეტიდან,“ – განაცხადა ლევან ანთაძემ.

ბათუმის საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტს გამორიცხავს შპს ბათუმის საბავშო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, მამუკა შამილიშვილი:

„ასეთი შემთხვევა ბათუმის საბავშვო ბაღებში არასდროს არ გამოვლენილა. კონტროლის მექანიზმები იმდენად მკაცრი და სრულყოფილია, აბსოლუტურად გამოვრიცხავ ამას. ეს არის აგორებული აჟიოტაჟი ნაციონალური მოძრაობის მიერ, რომლებმაც გააკეთეს დაშვება, თუ არის სამტრედიაში, რატომ არა ბათუმში. რაც შეეხება იმას, რომ სამტრედიიდან შემოდის ხორცი, უამრავი სასაკლაოა, ხან ერთიდან შემოდის, ხან – მეორედან. ხულოშიც არის სასაკლაო და გურიაშიც,“ – ამბობს ის.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: