მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულო ომბუდსმენის რეკომენდაციას სასამართლო დავის შემდეგ განიხილავს

16.01.2019 • 1836
ბათუმის საკრებულო ომბუდსმენის რეკომენდაციას სასამართლო დავის შემდეგ განიხილავს

ბათუმის საკრებულო სახალხო დამცველის რეკომენდაციის განხილვას ჯერ არ აპირებს. სახალხო დამცველმა უკანონოდ მიიჩნია საკრებულოს ის დადგენილება, რომლითაც მწვანე კონცხზე მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა გახდა შესაძლებელი. ომბუდსმენმა საკრებულოს დადგენილების ბათილად ცნობისკენ და საკითხის ხელახლა შესწავლისკენ მოუწოდა.

„როგორც ცნობილია, სასამართლოს მიმართა სარჩელით „ბათომმა“ [არასამთავრობო ორგანიზაცია -ავტ]. სახალხო დამცველის რეკომენდაციას ჩვენ განვიხილავთ სასამართლო დავის დასრულების შემდეგ,“ – გვითხრა ბათუმის საკრებულოს იურისტმა, სულიკო შვენთიძემ.

საკრებულოს იურისტის განმარტებით, საკრებულოს უფლება არ აქვს სასამართლო დავის დასრულებამდე სადავო საკითხზე განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს.

რას ფიქრობენ საკრებულოში სახალხო დამცველის კრიტიკულ შეფასებაზე? – სულიკო შვენთიძე ამბობს, რომ რეკომენდაციის შინაარსობრივ მხარეზე საკრებულოში ჯერ არ უმსჯელიათ.

სახალხო დამცველმა მწვანე კონცხის მშენებლობის საკითხზე რეკომენდაციით მიმართა ბათუმის მერიასაც. აპირებს თუ არა მერია სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულებას, უცნობია, რადგან მერიაში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.

სახალხო დამცველმა ამ საკითხზე თავისი რეკომენდაციით ბათუმის მერიას და საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბერს მიმართა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: