მთავარი,სიახლეები

ჯარიმა 50 ლარი – პირველი იანვრიდან ყველა სახის ავტომობილის ტექდათვალიერება სავალდებულოა

03.01.2019 • 26264
ჯარიმა 50 ლარი – პირველი იანვრიდან ყველა სახის ავტომობილის ტექდათვალიერება სავალდებულოა

2019 წლის პირველი იანვრიდან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდა. მფლობელი ფიზიკური პირი, რომლის ავტომანქანასაც არ აქვს გავლილი ტექდათვალიერება, 50 ლარით დაჯარიმდება. ტექდათვალიერების გავლა სამგზავროსთვის ექვს თვეში ერთხელ, ყველა სხვა ტიპის ტრანსპორტისთვის კი, წელიწადში ერთხელ, სავალდებულოა.

„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების  შესახებ“ საქართველოს მთავრობის N510 დადგენილებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარა „საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება, არაუგვიანეს რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული რეგისტრაციის თვისა და რიცხვისა“.

ანუ, „ავტომობილის ინსპექტირების ბოლო ვადა განისაზღვრება ავტომობილის რეგისტრაციის რიცხვისა და თვის შესაბამისად. მაგალითად, თუ ავტომობილის რეგისტრაციის თარიღია 15 აპრილი, ავტომობილს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი უნდა ჰქონდეს მიმდინარე წლის 15 აპრილის ჩათვლით”, – განმარტავს შსს

პერიოდულ ტექდათვალიერებას ერთნაირად გაივლიან როგორც მარჯვენა, ისე მარცხენასაჭიანი მანქანები. გაზზე მომუშავე ავტომანქანების მფლობელებმა კი ტექდათვალიერებისას აუცილებლად უნდა წარადგინონ აირბალონის შემოწმების დოკუმენტი.

[highlight color=”red”]გამართულ ავტომობილს[/highlight] არ უნდა ჰქონდეს ვიზუალურად შესამჩნევი დაზიანება; წინა საქარე მინაზე არ უნდა იყოს ბზარები; გამართულად უნდა მუშაობდეს ელექტრომოწყობილობები, განსაკუთრებით: მაშუქები, მოხვევისა და მუხრუჭის მაჩვენებელი; აუცილებელია მუშაობდეს შუშის საწმენდი; გამონაბოლქვის რაოდენობა არ უნდა იყოს დასაშვებ ნორმაზე მეტი; ავტომობილი სალონში არ უნდა უშვებდეს ხმასა და ჰაერს; გამართული უნდა იყოს სამუხრუჭე სისტემა და სხვ.

ტექდათვალიერებისას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ხარვეზი ავტომობილის მფლობელმა ერთი თვის განმავლობაში უნდა გამოასწოროს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ეტაპობრივად ამოქმედდა სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებისთვის. ზუსტად ერთი წელია, რაც დაინტერესებულ პირთათვის ცხელი ხაზიც მოქმედებს – 14 84 , რომელიც მუშაობს ყოველ სამუშაო დღეს 09:00 – 18:00 სთ-ებში.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცხელი ხაზი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დაქვემდებარებაშია. კონსულტაციის გაცემის გარდა, ცხელი ხაზის ოპერატორები მოქალაქეებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრებში ვიზიტის ონლაინ დაჯავშნაშიც დაეხმარებიან. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა კი უფასოა.

რაც შეეხება პერიოდული ინსპექტირების დაგეგმვის პროცედურას – ნებისმიერ მსურველს ავტოსაშუალების ინსპექტირებისთვის რეგისტრაციის გავლა სპეციალურ ვებგვედზე www.pti.ge შეუძლია. ონლაინ დაჯავშნის შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის მფლობელს ინსპექტირების ცენტრში ურიგოდ მოემსახურებიან.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცხელი ხაზის ინფორმაციით, ინსპექტირების ფასი ფიქსირებულია და სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებისთვის სხვადასხვაა: მსუბუქი ავტომანქანების შემოწმება 60 ლარი ღირს, ავტომანქანები, რომელთა ტვირთამწეობაც სამტონა-ნახევარზე მეტია – 100 ლარი;  დიდი სამგზავრო ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები – 100 ლარი; მისაბმელიანი მანქანები – 60 ლარი.

[highlight color=”red”]შენიშვნა:[/highlight] შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით „ჭკვიანი“ კამერების მეშვეობით, 2019 წლის 14 იანვრიდან, ავტომატურ რეჟიმში მოხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/177094/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: