მთავარი,სიახლეები

რა უნდა გავაკეთოთ, თუ ღამით ბათუმის ქუჩებში მიუსაფარ ადამიანს ვხედავთ

24.12.2018 • 4312
რა უნდა გავაკეთოთ, თუ ღამით ბათუმის ქუჩებში მიუსაფარ ადამიანს ვხედავთ

თუ ბათუმში ღამით ქუჩაში უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანს შენიშნავთ, შეგიძლიათ საპატრულო პოლიციას მიმართოთ, რომელიც მას თავშესაფარში გადაიყვანს.

ბათუმში ღამის ორი თავშესაფარია, სადაც მიუსაფარ ადამიანებს ღამის გათევა შეუძლიათ, – მუნიციპალური და საქველმოქმედო, რომელსაც ფონდი „კარიტასი“ აფინანსებს. ორივე თავშესაფარში არის გათბობა, ცხელი წყალი და აქ მისულ ადამიანებს ვახშამს სთავაზობენ ერთი პირობით – დილას, საუზმის შემდეგ, მათ თავშესაფარი უნდა დატოვონ, ასეთია ღამის თავშესაფრის მუშაობის პრინციპი.

ბათუმის მერიის მუნიციპალურ ღამის თავშესაფარში ამ დროისათვის 50-მდე ბენეფიციარი ათევს ღამეს. აქ გვეუბნებიან, რომ ბენეფიციართა რაოდენობა ყოველდღიურად იცვლება. ბათუმის მერიის ა(ა)იპ „სოციალური სერვისების სააგენტოს“ უფროსი, ასლან გელაძე ამბობს, რომ მუნიციპალურ თავშესაფარში ქუჩაში, ღამის გასათევის გარეშე დარჩენილი ადამიანები საპატრულო პოლიციას ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს მიჰყავს.

„საბუთი უნდა ჰქონდეს ჩვენს ბენეფიციარს, თუ არ აქვს, მაშინ მერიის შესაბამის სამსახურთან ვათანხმებთ, ისე მისი მიღება არ შეგვიძლია. ასევე, თავშესაფარს აქვს თავისი შინაგანაწესი, ნასვამი არ უნდა იყოს ადამიანი, ძალიან რთული საკითხია ეს, რადგან სხვა ბენეფიციარებს უნდა ჰქონდეთ ნორმალურად ღამის გათევის საშუალება“, – ამბობს ასლან გელაძე. მისი თქმით, ღამის თავშესაფარში ძირითადად მამაკაცები ათევენ ღამეს, თუმცა არიან ქალებიც და მათ თავშესაფრის პირველი სართული ეთმობათ. ბათუმის მუნიციპალურ ღამის თავშესაფრით მოსარგებლე ყველაზე ასაკოვანი ადამიანი 70 წლისაა. მუნიციპალური თავშესაფარი ბათუმში, ურეხის დასახლებაში მდებარეობს.

საქველმოქმედო ფონდ „კარიტასის“ ბათუმის ღამის თავშესაფრის კარი მეტაქსას ქუჩაზე ყოველ საღამოს, 7 საათზე იხსნება. თავშესაფრის მენეჯერი, თამაზ მღებრიშვილი გვეუბნება, რომ მათთანაც ძირითადად ერთი და იგივე ადამიანები დადიან ღამის გასათევად, თუმცა საპატრულო პოლიციასაც მოჰყავს უსახლკაროდ დარჩენილი პირები.

„ჩვენ უსაბუთოდ ვიღებთ, თუ პირადობის მოწმობა არ აქვთ, ჩვენი სახსრებით ვეხმარებით და ვუკეთებთ პირადობას. ადამიანს ღამე გარეთ არ დავტოვებთ. ყველაზე ასაკოვანი, ვინც ჩვენთან ათევს, 75 წლისაა, ყველაზე ახალგაზრდა კი – 22 წლის. 40 საწოლი გვაქვს, 31 ადამიანი გვყავს ღამით საშუალოდ, ხან – უფრო ნაკლები“, – გვეუბნება თამაზ მღებრიშვილი.

ამავე თემაზე: თავშესაფრით მოსარგებლეები სადილის გარეშე

ორივე თავშესაფარში ამბობენ, რომ მათთან მისული ადამიანები ტანსაცმლით დახმარებას საჭიროებენ, განსაკუთრებით – ზამთარში.

„თუ ვინმეს სურვილი აქვს დაგვეხმაროს ტანსაცმლით, ძალიან გაგვიხარდება. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს ოჯახები გვეხმარებიან ტანსაცმლით. ასევე ევანგელისტური ეკლესია დაგვეხმარა ერთი კვირის წინ, 15 კომპლექტი თეთრეული და პირსახოცები გადმოგვცეს“, – ამბობს თამაზ მღებრიშვილი.

დახმარების საჭიროებაზე ბათუმის მუნიციპალურ ღამის თავშესაფარშიც საუბრობენ.

„ბიზნესისგან დიდ მხარდაჭერას ვერ ვგრძნობთ, უფრო კერძო პირების ჩართულობაა. ზოგი ტანსაცმლით გვეხმარება, ზოგი – საკვებით.

სამომავლოდ გვინდა წითელი კუთხე გავაკეთოთ. ხან ისეთი ამინდია, ადამიანს გარეთ ვერ გავუშვებთ. ახალი წლიდან უკვე არა მხოლოდ მშრალი საკვები გვექნება, არამედ სრულფასოვანი კვება: პირველი, მეორე, მესამე, ეს აუცილებლად იქნება“, – ამბობს ასლან გელაძე.

წაიკითხეთ მეტი ამ თემაზე: ამბები ღამის თავშესაფრიდან

_________

მთავარ ფოტოზე: ბათუმის მუნიციპალური ღამის თავშესაფარი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: