მთავარი,სიახლეები

ამბები ღამის თავშესაფრიდან

02.02.2018 • 3556
ამბები ღამის თავშესაფრიდან

საღამოს შვიდზე ბათუმის ღამის თავშესაფართან შეკრებილი ადამიანები ელიან, როდის გაიღება  ოთახის კარი, სადაც თბილა. ღამის თავშესაფრები ყოველდღე, საღამოს შვიდზე იღება, დილის ათზე – იკეტება. აქ  მხოლოდ ღამის გასათევად არ მოდიან, ზოგიერთს არც დღისით აქვს წასასვლელი. ისინი მოხუცთა სავანესთან ელიან რომელიმე მოხუცის გარდაცვალებას, რომ მათთვის ადგილი გამოთავისუფლდეს.

„აქ დალხენილი არავინ მოდის, ყველას თავისი ისტორია აქვს,“ – მითხრა ბათუმის მერიის თავშესაფარში მცხოვრებმა. ბათუმში ღამის თავშესაფარი 2014 წელს გაიხსნა. ახლა აქ 50 ადგილიდან მხოლოდ ორია თავისუფალი.

ღამის თავშესაფრისთვის ბათუმის მერია წელს 297 800 ლარს დახარჯავს. „ბათუმელები“ ღამის თავშესაფარში მცხოვრებ ადამიანებს გაესაუბრა.

„მალე გაზაფხული მოვა და აქედან წავალ, უნდა დავწერო რამე…“

„წამოდით, ისინი მესამე სართულზე არიან,“ – მითხრა დაცვის თანამშრომელმა და სიძველისგან საღებავგაცლილი კიბისკენ მიმითითა. მესამე სართულზე კორიდორი ცარიელია, ოთახების კარები – გამოხურული. ყრუდ გამოდის ოთახებიდან ტელევიზორებისა და ადამიანების ხმები. ერთ-ერთ კარზე ვაკაკუნებ და შევდივართ.

ოთახში ექვსივე საწოლი დაკავებულია, ვინ წამოწოლილია, ვინ – ფიქრობს, ტელევიზორს უყურებს.

„გამოვრთოთ ტელევიზორი,“ – ამბობს ერთი და ტელევიზორის კაბელს ჩამრთველიდან აძრობს.

„მოგიყვებით, აბა რა, თუ ვინმეს ჩვენი ამბავი აინტერესებს“, – ამბობს მეორე და ოთახში წინ და უკან იწყებს სიარულს.

„ჩემი ცხოვრება სხვანაირია, არეულია,“ – დაიწყო ნუგზარ წუწუნავამ, მერე ბალიშს მიეყრდნო, დაძაბული მზერა უკან წაიღო და განაგრძო:

„მეხუთე თვეა, რაც აქ ვარ. მარტვილში ვცხოვრობდი. იქ ორსართულიანი სახლი მაქვს. ცოლს ვეჩხუბე და წამოვედი. ვერ ვეგუებით ერთმანეთს. ხან ის გამირბის, ხან – მე. სოფელში ვერ ვჩერდები. მთელი სოფელი, ალბათ 80 პროცენტი, თურქეთში მიდის სამუშაოდ. მარტო მოხუცები არიან დარჩენილი, ახალგაზრდები აღარ არიან. მე უკვე შვილთაშვილი მყავს, მაგრამ ვერ ვეგუები ბევრ რამეს… ახალგაზრდობაში გადამგდებად ვმუშაობდი. ეს რას ნიშნავს და შეშის დიდ მორებს ვაგორებდი ერთი მანქანიდან მეორეზე. ამაში მიხდიდნენ ფულს. ახლა ზურგი მტკივა ძალიან…

დღისით ქალაქში გავდივარ. არსად არ ვმუშაობ. ისე დავდივარ, ვფიქრობ… საჭმელს მხოლოდ აქ ვჭამ. დილით და საღამოს. დღეს დილით კარაქი იყო, პური, კვერცხი, კიდევ რა? – აღარ მახსოვს… ვახშამზეც ეგ იქნება. დილით და საღამოს ერთი და იგივეა, ასეა სულ. ხვალ სხვა რამე იქნება, ალბათ.

მალე გაზაფხული მოვა და აქედან წავალ, უნდა დავწერო რამე… სად წავალ, არ ვიცი. რაზე დავწერ? – საკუთარ თავზე. წერა მიყვარს. ადრეც ვწერდი, მაგრამ არავის უნახავს. სადმე ცარიელ ფურცლებს და ერთ კალამს კი ვიშოვი. ადრე თან ვატარებდი ჩემს ნაწერებს, ახლა სოფელში მაქვს დატოვებული.

ერთხელ, მატარებელში ოტია იოსელიანს შევხვდი და იმას წავაკითხე ჩემი მოთხრობა. მოეწონა, მგონი. მითხრა, ფულს გადაგიხდი და მომყიდეო. მე ვუთხარი, თქვენ შვილს გაყიდით-მეთქი? მერე მოსაწევად გავედი. რომ დავბრუნდი, ოტია უკვე ჩასულიყო მატარებლიდან. ჩემი ნაწერები ისევ მაგიდაზე ელაგა. ფულიც დაუტოვებია იქვე…

„როცა წვიმს, შეგვიძლია აქ დავრჩეთ“

„ორი წელია აქ ვართ მე და ჩემი ძმა,“ – დაიწყო პაატა მაჭარაშვილმა და გვერდით საწოლზე ჩაფიქრებულ ძმას გახედა. – „მშობლები ავად გამიხდა. იპოთეკაში ჩავდე ბინა, თანხა მჭირდებოდა. საბოლოოდ ბინა გაგვიყიდეს… მერე მშობლები გარდამეცვალა. ცოლ-შვილი არ მყავს. დღისით გავდივარ და თუ გამოჩნდება რამე, ვმუშაობ,  ჩემი ფული რომ მქონდეს. აქ კარგია, სითბოა, კარგი კვება. კარგია, როცა წვიმს, ან თოვს, მაშინ შეგვიძლია აქ დავრჩეთ. ოთახებში არა, მაგრამ ქვემოთ დიდი ოთახებია, იქ ვჩერდებით… საღამოობით ტელევიზორს ვუყურებთ, სერიალს, საინფორმაციოს. სიმღერებსაც ვუსმენთ ხანდახან, თუ კაი ხასიათზე ვართ“.

„სანამ ცოცხალი ვარ, აქ ვიქნები, ალბათ“

„მეც დავკარგე ბინა, მესამე წელია აქ ვარ,“ – იწყებს მოხუცი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. – „სამოთახიანი ბინა მქონდა გორკის ქუჩაზე. ახლა ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა. რაც მთავარია, ახლა აქ ვარ, სითბოში. სანამ ცოცხალი ვარ, აქ ვიქნები ალბათ. მერე ისედაც ვეღარ გავიგებ, სად ვიქნები. ჩემი ცოლი და შვილები მოსკოვში არიან. სამი წელია არ მინახავს. არც შევხმიანებივარ. შვილიშვილებიც არ მინახავს… ჩვენ ოთხი ძმა ვიყავით, ერთი და. და ცოცხალი, 84 წლისაა და დღისით მასთან გავდივარ, სადილს შევჭამ და მერე უკან ვბრუნდები. 45 წელი ბათუმში ავტომანქანების ხელოსნად ვმუშაობდი, მოტორისტი ვიყავი. მანამდე ჯარი ლატვიაში მოვიხადე, მზარეული ვიყავი. იცით, რა გემრიელ საჭმელებს ვამზადებდი?

„რას შევცვლიდი, მერი რომ ვიყო?“

„მე სპორტის მასწავლებელი ვიყავი. ახლაც მინდა ვიმუშაო,“ – გვიყვება მალხაზ ჯიჯეიშვილი. – „სააკაშვილის დროს ნარკოტიკები ჩამიდეს და გამასამართლეს, ვისვენებდი გისოსებს მიღმა. მერე გამოვედი და აი, აქ ვარ.

ცოლს 20 წლის წინ გავშორდი. ჩემი ბინა შვილებს დავუტოვე და წამოვედი. ჩემთვის ნაქირავები ბინა მქონდა და არავის ვაწუხებდი. ახლა ასე მოხდა. შემოსავალი რომ მქონდეს, ახლავე ყველას დავემშვიდობებოდი, მადლობას ვეტყოდი და წავიდოდი…

ფეხბურთელი ვიყავი. როცა თბილისში ფიზკულტურის ინსტიტუტში ვსწავლობდი, ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობდი ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში. მერე მასწავლებელი გავხდი და მომწონდა ჩემი საქმე.

რას შევცვლიდი თავშესაფარში? – არ ვიცი. ალბათ იმას, რომ ადამიანებს მყუდროება არ დაურღვიონ. აქ იმისთვის მოდის ადამიანი, რომ დაიძინოს, მოისვენოს. ხშირად კიდევ ისე ხდება, რომ ნასვამები მოდიან და ხმაურობენ. წესრიგი უნდა იყოს. ამას გავამკაცრებდი. ამას გარდა, ჰიგიენის ნივთებს აღარ გვირიგებენ, მაგალითად, ტუალეტის ქაღალდს, საპონს, წვერის საპარსს. ადრე ხშირად გვაძლევდნენ, ახლა აღარაა… “

მალხაზის გვერდით ერთი ცარიელი საწოლი დგას. „აქ საშკა იწვაო,“ – მიყვება ის. ავადმყოფობდა და მოხუცთა სავანეში გადაუყვანიათ.

„რამდენიმე დღეში გავიგეთ, რომ მოკვდა,“ – დასძინა მალხაზმა და ისევ საკუთარ საწოლს დაუბრუნდა.

ბათუმის მერია: წელს ღამის თავშესაფარში ვიდეოსათვალთვალო კამერებსა და გისოსებს შევიძენთ 

„ჰიგიენის ნივთების მიწოდების კუთხით არაფერი შეცვლილა, ყველას მიეწოდება,“ – გვითხრა შალვა დანელიამ, ბათუმის მერიის სოციალური სერვისების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

შალვა დანელიამ ბიუჯეტი გვაჩვენა, რაც წელს ღამის თავშესაფრისთვისაა გათვალისწინებული. 297 800 ლარიდან კვებისთვის მხოლოდ 73 ათასი ლარი იხარჯება. თითო ბენეფიციარის კვებისთვის დღეში, დაახლოებით, 4 ლარია გათვალისწინებული.

დაახლოებით 100 ათასი ლარი ღამის თავშესაფრის 16 თანამშრომლის ხელფასებს მოხმარდება. კიდევ 100 ათასი – სარემონტო ხარჯებს, კომუნალურ გადასახადებს და პირველად სამედიცინო მომსახურებას.

შალვა დანელია: „შენობა ძალიან ძველია და ამას მხოლოდ რემონტი ვერ უშველის. რეკონსტრუქციაა საჭირო. ამაზე მიდის კონსულტაციები და ვნახოთ, რა გადაწყდება. საუბარია იმაზეც, რომ გაკეთდეს პანდუსები,  შშმ პირებმა რომ შეძლონ გადაადგილება. წელს სარემონტო ხარჯებიდან გათვალისწინებულია ვიდეო სათვალთვალო კამერების შეძენა და გისოსები ფანჯრებისთვის.

თავშესაფარში სულ 50 ადგილია. ყოფილა შემთხვევები, როცა გათვალისწინებულზე მეტი ადამიანი მოსულა. ეს იშვიათია, ამიტომ დამატებით საწოლს ვდგამთ რომელიმე ოთახში და ვიტოვებთ. თავშესაფარში ახლა მხოლოდ სამი ქალია.

ადამიანები, ძირითადად, საპატრულო პოლიციას მოჰყავს. აუცილებელია, რომ ადამიანი იყოს მიუსაფარი და ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. აქ გაჩერების განსაზღვრული ვადა არსებობს, მაგრამ როცა ადამიანს სხვაგან წასასვლელი არ აქვს, რა უნდა ვქნათ? ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანს დაუტოვებია თავშესაფარი და შემდეგ ისევ აქ მოსულა“.

 

სასადილო ღამის თავშესაფარში / მანანა ქველიაშვილის ფოტო

ბათუმის ღამის თავშესაფარი / 02.01.2018/ მანანა ქველიაშვილის ფოტოები

 

ამ თემაზე:

გთხოვთ, მომათავსეთ თავშესაფარში!

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: