მთავარი,სიახლეები

ხელოვნების უნივერსიტეტის ახალი შენობა მალე გაიხსნება, ძველში მთავრობის გადასვლა განიხილება

26.11.2018 • 2906
ხელოვნების უნივერსიტეტის ახალი შენობა მალე გაიხსნება, ძველში მთავრობის გადასვლა განიხილება

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ახალი კორპუსის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი თითქმის დასრულებულია. უნივერსიტეტის ახლანდელ შენობაში, სადაც ადრე ბათუმის პირველი საავადმყოფო იყო განთავსებული, მთავრობის გადასვლა განიხილება.

მთავრობაში ამბობენ, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ როგორ დაიტვირთება ასეთი მნიშვნელობისა და მასშტაბის შენობა, თუმცა ადასტურებენ, რომ ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ახლანდელ შენობაში მთავრობის ან რომელიმე უწყების გადასვლაზე მსჯელობენ.

შენობა, სადაც ჯერ კიდევ ხელოვნების უნივერსიტეტია განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მას რეაბილიტაცია  2011 წელს ჩაუტარდა, რაზეც  6 499 499 ლარი დაიხარჯა.

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ახალი კორპუსი გორგილაძის ქუჩაზეა განთავსებული. არსებულ შენობას დააშენეს მესამე სართული და მოაწყვეს მანსარდი, ეზოში ააგეს ოთხსართულიანი ახალი კორპუსი. ასევე, დაპროექტდა ერთსართულიანი, 100 მაყურებელზე გათვლილი თეატრი, რომლის სახურავი გამოყენებულია როგორც ტერასა.

ხელოვნების უნივერსიტეტის ახალი კორპუსი

აღნიშნულ შენობაში, ასევე, განთავსდება მუსიკის ფაკულტეტი, რომელიც ამჟამად სამუსიკო თერთმეწლედის შენობაშია განთავსებული.

პროექტის მიხედვით, უნივერსიტეტის ახალ კორპუსში მოეწყობა საგამოფენო დარბაზი, მცირე საკონცერტო დარბაზი, მცირე თეატრი, საკონფერენციო დარბაზი. უკვე მოეწყო სააუდიტორიო და სარეპეტიციო სივრცე, სამონტაჟო და ხმის ჩამწერი სტუდიები. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოიყო 3 500 000 ლარი.

ზუსტად როდის გაიხსნება ხელოვნების უნივერსიტეტის ახალი შენობა,  ჯერ ვერ ასახელებენ. უნივერსიტეტის რექტორი ერმილე მესხია ამბობს, რომ ახალ შენობაში ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი არ არის გადაწყვეტილი. სანამ ენერგოკომპანია არ გადაჭრის ამ პრობლემას, მანამდე შენობის გახსნის ვადას ვერ დაასახელებენ. ახალი შენობის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოების უმეტესი ნაწილი დასრულებულია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: