მთავარი,სიახლეები

მთავრობამ უშიშროების საბჭოს აპარატის სალიკვიდაციო კომისია შექმნა

24.11.2018 • 1635
მთავრობამ უშიშროების საბჭოს აპარატის სალიკვიდაციო კომისია შექმნა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სალიკვიდაციო კომისიას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი უხელმძღვანელებს. კომისიის წევრები იქნებიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების, ასევე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

სალიკვიდაციო კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის მიიღებენ ასევე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წარმომადგენლები. ამ კომიტეტების თავმჯდომარეებმა წარმომადგენლები კომისიის თავმჯდომარეს მიმდინარე წლის პირველ დეკემბრამდე უნდა წარუდგინონ.

კომისიამ 2019 წლის პირველ იანვრამდე უნდა უზრუნველყოს:

[checklist]

  • უშიშროების საბჭოს აპარატის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა;
  • აპარატის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ  –  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა;
  • აპარატში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავება-სისტემატიზაცია და, საჭიროების შემთხვევაში, მათი დაარქივება და განადგურება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • კომისიის მუშაობის დასრულების შესახებ ინფორმაციის საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა;
  • აპარატის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელება.

[/checklist]

ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციონირება, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე შეწყდება. ამ მომენტიდან საქართველოს მთავრობა, კომპეტენციის ფარგლებში, ითვლება ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამონაცვლედ. ეს განისაზღვრა საქართველოს ორგანული კანონით, რომელიც 2018 წლის 21 ნოემბერს ამოქმედდა.

მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს, ბათუმში მიმდინარე რიგით მე-12 „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე“ (GDSC)  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობას მოუწოდა, სასწრაფოდ შექმნას უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ისეთი სტრუქტურის შექმნა, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში.

ამ თემაზე:

პრეზიდენტმა მთავრობას უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურის სასწრაფოდ შექმნისკენ მოუწოდა 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: