განათლება,მთავარი,სიახლეები

რატომ გადასცეს საკრებულოსა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა მოსწავლეებს კომპიუტერები

21.11.2018 • 2744
რატომ გადასცეს საკრებულოსა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა მოსწავლეებს კომპიუტერები

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარის საჯარო სკოლებში 267 ათოსანი სწავლობს საბაზო საფეხურზე, გასულ წელს კი 252 სწავლობდა.

ათოსან მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს სამინისტრომ დღეს, 21 ნოემბერს, საჩუქრად კომპიუტერები გადასცა. კომპიუტერები ათოსან მოსწავლეებს პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ.

სამინისტროს განმარტებით, კომპიუტერით ის მოსწავლეები დაასაჩუქრეს, რომლებმაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანი დამრგვალების გარეშე 10 ქულა იყო.

სამინისტრომ ბათუმში კომპიუტერი გადასცა 77 მოსწავლეს, ქობულეთში – 51-ს, ხელვაჩაურში – 27-ს, ქედაში – 18-ს, შუახევში – 36-ს, ხულო კი – 58 ათოსან მოსწავლეს.

ათოსნებისთვის კომპიუტერების გადაცემის ცერემონიაზე იმყოფებოდა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე. „ბათუმელების“ კითხვაზე, უკავშირდებოდა თუ არა დაჯილდოებაზე ამ პირების ყოფნა საპრეზიდენტო არჩევნებს, განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ ეს არჩევნებს არ უკავშირდება.

როგორც იურისტები განმარტავენ, საკრებულოსა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან და მათ საარჩევნო აგიტაციაში ჩართვა კანონით არ ეკრძალებათ. თუმცა  დაჯილდოებაზე მათი ყოფნა  შესაძლოა   გავლენას ახდენდეს ამომრჩევლის ნებაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: