ბათუმის მერია: „ნაციონალური მოძრაობა“ ტყუის

დღეს, 12 ნოემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნოდარ დუმბაძემ მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ბათუმის მერია სამშენებლო ნებართვებს არ გასცემს და მოქალაქეები ვერც იმის თაობაზე იღებენ ინფორმაციას, განიხილა თუ არა მერიამ მათი განცხადება.

„საუბარი გვაქვს იმ 600-ზე მეტ განცხადებაზე, რომლებიც მერიაშია შესული და მერია მშენებლობის ნებართვას არ იძლევა. როცა ვეკითხებით, თუ რატომ არ გაიცემა ნებართვები, მერიაში არ გვპასუხობენ,“ – ამბობს ნოდარ დუმბაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, შეუძლია თუ არა დაასახელოს კონკრეტული მაგალითები, როცა მოქალაქემ შეიტანა განცხადება ნებართვასთან დაკავშირებით და ვერ მიიღო პასუხი, ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ კონკრეტულ მაგალითებს შეგნებულად ვერ დაასახელებს, თუმცა დასძენს, რომ მერიაში შესული განცხადებების მხოლოდ 5 პროცენტზეა ნებართვა გაცემული.

„მოქალაქეებს არც პასუხს სცემენ, განიხილეს თუ არა მათი განცხადება, უარს ეუბნებიან, თუ განხილვის პროცესშია, რომ შემდგომი ნაბიჯები გადადგას, სასამართლოს მიმართოს ან თუ ხარვეზი არსებობს, ეს ხარვეზი გამოასწოროს“.

ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ტყუის. „batumi.ge-ზე განთავსებულია სტატისტიკა, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაეცნოს გაცემული ნებართვების შესახებ ინფორმაციას. მათ შორის იმასაც, თუ ვინ არის განმცხადებელი, მისამართი, სადაც იგეგმება მშენებლობა, მომსახურების ტიპი – რას ითხოვს, ბრძანების გამოცემის თარიღი და რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებაც, დასრულდა დადებითად, უარი ეთქვა, თუ განხილვის პროცესშია“ – ამბობს, აკაკი გვიანიძე, მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი.

მისივე თქმით, 2018 წელს მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით 4 651 განაცხადი შევიდა მერიის არქიტექტურის სამსახურში, „აქედან 4 266-ზე ანუ 91,7 პროცენტზე დასრულებულია წარმოება, 385 განაცხადზე კი – მიმდინარეობს. 67 პროცენტი დასრულდა დადებითად და მიეცა მშენებლობის ნებართვა, ხოლო 32,5 პროცენტი დასრულებულია უარყოფითად და ამის შესახებაც შეტყობინება განმცხადებლებს ეგზავნებათ ელექტრონულად,“ – ამბობს აკაკი გვიანიძე.

ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის, მირიან მეტრეველის თქმით კი, ნებისმიერი პროექტი, რომელიც ზონალურ კომისიაზე განხილვას მოითხოვს კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით, საჭიროებს ვადის გაგრძელებას.

„კომისიაზე განხილვას სჭირდება სამი თვე, ამ დროში შესაძლებელია მათ მიიღონ პასუხი, მაგრამ შესაძლებელია მიიღონ სამი თვის შემდეგ. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებითაც არსებობს კონკრეტული ვადები. მაგრამ პრინციპულად, მშენებლობის ნებართვის გაჩერება, არ ხდება“ – ამბობს მირიან მეტრეველი.

მერიაში მიიჩნევენ, რომ ენმ-ს მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება საარჩევნო პროცესს უკავშირდება, რომ „სახელმწიფო სამსახურების მიმართ მოსახლეობის მხრიდან ნეგატიური განწყობები წამოვიდეს“.

_____________

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com