ანგისა და ადლია – ბათუმში ცათამბჯენების ახალი დასახლება ჩნდება (ფოტო)


ადლიასა და ანგისაში უკვე მიმდინარე და დაგეგმილი სამშენებლო პროექტების დათვალიერებისას შეიძლება რეალურად მოგვეჩვენოს ამერიკულ თრილერებში ასახული სიუჟეტები და დავიჯეროთ მაღლივი სახლების სახურავებიდან სახურავებზე გადასვლის შესაძლებლობა.

ამ, ერთ დროს ორსართულიან დასახლებაში, ერთმანეთის მიყოლებით შენდება მაღლივი მრავალბინიანი სასტუმრო და აპარტოტელი, ასევე საცხოვრებელი სახლები. ადგილობრივებს, რომლებიც ჯერ კიდევ ორსართულიან სახლებში ცხოვრობენ, ახალი მშენებლობები სულაც არ ახარებთ. ისინი ამბობენ, რომ ახალმა „დიდმა სახლებმა“ მათი საცხოვრებელი გარემო გააუარესა.

ეს ანგისის დასახლებაა. ფოტო ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ მიმდინარე მშენებლობის მაღლივი სართულიდან გადაიღო და ვებგვერდზე განათავსა იმ მიზნით, რომ მომხმარებელს გასაყიდი ბინებიდან კორპუსის უკანა ხედი აჩვენოს, წინა ხედი კი ზღვაზე გადის. ასეთი ორსართულიანი დასახლება ესაზღვრებოდა ბათუმის ახალ ბულვარს – გამწვანებული ეზოები, ორსართულიანი სახლები ზღვასთან. ეს ის არის, რაც იყო, ახლა კი იმაზე მოგიყვებით, როგორ იცვლება ეს განაშენიანება და რა იქნება აქ მომავალში.

ადლიისა და ანგისის დასახლებაში, მეორე ზოლში, მე-15 სართულამდე არსებულ ბინის მეპატრონეებს სახლთან ზღვა ახლოს ექნებათ, თუმცა ფანჯრიდან მის დანახვას ვერ შეძლებენ. ზღვის ხედს მხოლოდ ისინი ინარჩუნებენ, ვინც ბინა პირველ ზოლში აშენებულ მრავალბინიან კორპუსებში შეიძინა ან მომავალში შეიძენს.

პირველ ზოლში, შერიფ ხიმშიაშვილის #30-ში კომპანია „ელთ ბილდინგი“ თხუთმეტსართულიან აპარტოტელს აშენებს. შენობას ერთი მხრიდან – ზღვის მხარეს, ბათუმის ახალი ბულვარი ესაზღვრება, მეორე მხრიდან კი – ანგისის დასახლება, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლებით.

ხიმშიაშვილის #30, კომპანია „ელთ ბილდინგი“ მრავალსართულიან კომპლექსს აშენებს

ხიმშიაშვილის ქუჩიდან კორპუსი სკოლა ლიცეუმ „თაობას“ ესაზღვრება. ფოტოზე ჩანს, რომ კომპანიამ კედელი ზედ სკოლის ფანჯრებთან ააშენა. ყრუ კედელი საკლასო ოთახებს ესაზღვრება. სკოლაში ამბობენ, რომ კორპუსმა კლასები ჩააბნელა.

სკოლა, რომლის ფანჯრებსაც ყრუ კედელი ამოუშენეს.

ამ უბნებში წამოწყებული მშენებლობის პარამეტრების განსაზღვრა რთულია, რადგან უმეტეს შემთხვევაში სამშენებლო მოედანზე საინფორმაციო დაფა განთავსებული არ არის. ვერანაირ ინფორმაციას ვერ იპოვი იქ, სადაც სასტუმროებს აშენებენ და ვერც იქ, სადაც მრავალბინიან საცხოვრებელი სახლები შენდება. საინფორმაციო ბანერის განთავსებას მშენებლობის ადგილზე ტერიტრორიის შემოღობვის დღიდან კანონით სავალდებულოა, ბანერზე მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია ნებართვის გამცემ ორგანოზე, ნებართვის გაცემის, მშენებლობის დაწყება-დასრულების თარიღებსა და მშენებლობის მასშტაბებზე. თუმცა ჩვენი თემა დღეს ის არ არის, თუ რატომ ვერ ამჩნევენ ბათუმის მერიაში ამ კანონდარღვევას, არამედ ის, თუ რა ხდება დასახლებაში.

სამშენებლო ობიექტზე მყოფი პირები კითხვებს არ პასუხობენ. განსხვავებულია იქვე განთავსებული გაყიდვების ოფისისა და მუშებისგან მიღებული ინფორმაციაც.

ხიმშიაშვილის #74-ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აშენებს „NK GROUP“-ი. კომპანიამ თავდაპირველად მერიას შვიდსართულიანი სახლის მშენებლობა შეათანხმა. შვიდივე სართული აშენებული და მოპირკეთებულია კიდეც, თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიამ მშენებლობის სიმაღლეში გაზრდა გადაწყვიტა, რადგან სახურავზე ხიმინჯები ისევ აჰყავთ.

კომპანიის გაყიდვების ოფისში გვითხრეს, რომ მშენებლობა დასრულებულია, ამიტომაც არ არის საინფორმაციო დაფა ადგილზე განთავსებული. კითხვაზე, რატომ არის ხიმინჯები ამოყვანილი დასრულებული შენობის სახურავზე, გვიპასუხეს: „მაგას მოვჭრით, ჰო, ჰო, უნდა მოვჭრათ“. მშენებლობაზე დასაქმებული მუშა კი გვიხსნის, რომ სახლს კიდევ უნდა დააშენონ, მაგრამ არ იცის, რამდენი სართული.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ კომპანიას სართულის დაშენების ნებართვა არ აქვს. გარდა ამისა, შეთანხმებული პროექტის დარღვევისთვის ის ერთხელ უკვე დააჯარიმეს.

NK GROUP-ის მშენებლობა ბათუმში

კომპანია NK GROUP-ი  2015 წელს რუსეთის მოქალაქემ, კახაბერ ქათამაძემ დააფუძნა.

ამ შენობაზე განთავსებული საინფორმაციო დაფის მიხედვით, რომელიც ისეა განთავსებული, რომ მასზე ინფორმაციის ამოკითხვა რთულია, აქ საზოგადოებრივ ობიექტს შპს „რელაოსი“ აშენებს. ასეთი კომპანია რეესტრში ვერ ვიპოვეთ, არც მშენებლობის ნებართვის ასლია გამოკრული და არც მშენებლობის მასშტაბზეა მონაცემები. თუმცა ე.წ. რენდერით თუ ვიმსჯელებთ, ნებართვა ექვს სართულზე უნდა იყოს გაცემული. გაიზრდება თუ არა მასშტაბები, ეს მომავალში გამოჩნდება. საინფორმაციო დაფაზე იკითხება ისიც, რომ მშენებლობა უკვე დასრულებული უნდა იყოს. ამ მშენებლობის მოპირდაპირედ ერთმანეთის მიყოლებით სამი მშენებლობაა წამოწყებული.

ხიმშიაშვილის #80-ში ორსართულიანი სახლების წინ ღია სივრცე სამშენებლო კომპანიებმა მაღლივი სამშენებლო პროექტებით უკვე აითვისეს. აქ ტერიტორია შემოღობილია და ერთმანეთის მიყოლებით იწყება ან დაგეგმილია მშენებლობა.

ხიმშიაშვილის #80-ში, ამ შენობის გვერდით, კიდევ ერთ მაღლივ შენობას შპს „რუმი“ აშენებს. იქვე გაყიდვების ოფისი რომ არ იყოს, ვერ გაიგებ, ვინ რა ფუნქციური დატვირთვის და რა პარამეტრების შენობას აშენებს – სამშენებლო მოედანზე საინფორმაციო დაფა განთავსებული არ არის. კომპანიის გაყიდვების ოფისში გვითხრეს, რომ შენობა 14-სართულიანი იქნება. ამ კორპუსთან, მარჯვნივ, დაბალი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლებია.

შპს „რუმის“  ვებგვერდზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტის რენდერებიდან ჩანს, თუ როგორი განაშენიანება ჰქონდა ამ ქუჩას მაღალსართულიანი შენობების მშენებლობის დაწყებამდე.

სახლის მარჯვნივ ორი ორსართულიანი სახლი ჩანს. ახლა ამ ქუჩის პირველ ზოლზე ასეთი სახლების ნახვა გაგიჭირდებათ.

შპს „სი ემ ეს მეზღვაური“ ხიმშიაშვილის #85-ში მრავალბინიან სასტუმრო და საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. ამ დროისთვის ერთი კარკასი შენდება, თუმცა რენდერის მიხედვით, დაგეგმილი პროექტი სამ კარკასს ითვალისწინებს. მშენებლობის გვერდით ორსართულიანი საცხოვრებელი სახლია, რომელსაც მესაკუთრე არ ჰყიდის.

ფოტო: ცაგო კახაბერიძე

სახლი ხიმშიაშვილის #83-ში, რომელსაც მესაკუთრე არ ჰყიდის, ორი მაღლივი მშენებლობის შუაშია მოქცეული. კომპანიები აქ ბინის შეძენის მსურველებს უხსნიან, რომ ეს პატარა სახლი მათ საცხოვრებელ გარემოს ვერ შეუცვლის, რადგან ახალი რეგულაციებით მას მაღალი სართულების დაშენების უფლება აღარ ექნება, „მაქსიმუმ ორი სართული დააშენოს“.

ამ მაღლივი სახლების უკან კი ჯერ კიდევ შენარჩუნებული ორსართულიანი დასახლებაა. ეს ფოტო თავად კომპანიებმა გადაიღეს და ვებგვერდზე რეკლამის მიზნით განათავსეს, მომხმარებელს რომ აჩვენონ მათი სახლების უკან ხედი, სადაც გამწვანებული საცხოვრებელი ზონა იშლება. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ასეა.

„სი ემ ეს მეზღვაურის“ მიმდინარე მშენებლობიდან გადაღებული ფოტო: შენობის უკანა ხედი, წინა მხარე კი ზღვაზე გადის.

ამ უბანში კიდევ არის ორსართულიანი სახლები მაღალი კორპუსების გვერდით. პატარა სახლებს მესაკუთრეები არ ჰყიდიან. თუმცა არის უკვე დაცარიელებული და დასანგრევად გამზადებული სახლებიც, მათ ადგილებზე კი მაღლივი კორპუსების, სასტუმროებისა და აპარტოტელების მშენებლობაა დაგეგმილი:

ამ ყვითელი სახლის გვერდით, მარცხენა მხარეს, ორსართულიანი სახლია ნახევრად დანგრეული. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში ორივე მხარეს მაღლივ კორპუსს ააშენებენ.

ნახევრად დანგრეული სახლი ადლიაში. ადგილობრივების თქმით, აქ მშენებლობაა დაგეგმილი.

ათიათასობით ჰექტარი ახალი ბულვარის გასწვრივ, პირველ ზოლში, შპს „ორბს“ ეკუთვნის. კომპანია აქ მაღლივ მრავალფუნქციურ კომპლექსს გეგმავს.

ეს, თითქმის დასრულებული მშენებლობები, „ორბის“ ნაკვეთს ესაზღვრება

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი