მთავარი,სიახლეები

შპრიცების გროვა მშენებარე კორპუსში

18.10.2021
შპრიცების გროვა მშენებარე კორპუსში

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს და გრიბოედოვის ქუჩების კუთხეში, მიტოვებული მშენებლობაა. ამ ადგილზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ჯერ კიდევ 2008 წელს დაუწყიათ, თუმცა დღემდე არ არის დასრულებული. ტერიტორია ქვის ღობითაა შემოსაზღვრული, თუმცა რამდენიმე ადგილზე ღობე ჩამონგრეულია, სწორედ აქედან აღწევენ გარეშე პირები ტერიტორიაზე და შენობის კარკასში ნარკოტიკებს მოიხმარენ.

ამაზე მოწმობს უამრავი შპრიცი, რომელიც ნახევრადაშენებული კარკასის სართულებზეა მიმოფანტული. სამეზობლო ამ შენობას ჯავახიშვილის ქუჩის მხრიდან ესაზღვრება. ქუჩის მცხოვრები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ საღამოობით ობიექტზე უცნობ პირებს ხედავენ, რომლებიც ღამის გასათევადაც რჩებიან.

გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მიტოვებული მშენებარე კორპუსი ნარკომომხმარებლების თავშესაფრადაა ქცეული.

„ბიჭებიც არიან და გოგოებიც. არასრულწლოვნებსაც ვხედავთ. ბავშვებს ხშირად ვაძევებთ ხოლმე ტერიტორიიდან და უფროსებს ვერ ვეუბნებით ვერაფერს. მოდიან, იჩხერენ, სვამენ. ზოგჯერ ჩხუბობენ კიდეც“, – გვეუბნება ობიექტის მახლობლად მცხოვრები ერთ-ერთი ქალი.

მიტოვებული შპრიცები მშენებარე კორპუსში

ობიექტი, სადაც მიტოვებული მშენებლობაა, 4143 კვ.მეტრია და მის მესაკუთრედ შპს „ბლექ სი ინვესტი“ მიიჩნევა რეესტრის მიხედვით. თუმცა, როგორც აქ მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, 2008 წლის შემდეგ არავინ გამოჩენილა.

„დავიღალეთ, დავსდევთ ამ ხალხს. ბავშვებიც შედიან ტერიტორიაზე და ეს ძალიან საშიშია. შეიძლება ეს შპრიცები აიღონ ხელში. ანტისანიტარიის გამო მომრავლდა გველებიც, ჩემს მეზობელს სახლშიც შეუვიდა გველი“, – გვითხრა კიდევ ერთმა ამ ქუჩაზე მცხოვრებმა.

მიტოვებული მშენებარე კორპუსი გიორგი ბრწყინვალესა და გრიბოედოვის ქუჩების კუთხეში

ამ უბანში მცხოვრებლები ღობის განახლებას და ტერიტორიის დასუფთავებას ითხოვენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: