სუს-ის თანამდებობის პირის ფეშენებელური სახლი ბათუმში

2017 წლის აგვისტოში 13 წლის ჯემალ ბოლქვაძემ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა ქონება – ჯერ მიწის ნაკვეთი და შემდეგ ოთხსართულიანი სახლი კახაბრის დასახლებაში, ზღვასთან ახლოს. ამ სახლის მთლიანი ფართობი 454 კვადრატული მეტრია. შესაბამისად, პირველი სართულის ფართობი არის 103.22 კვადრატული მეტრი, მეორე სართული – 112.07 კვადრატული მეტრი, მესამე სართულის ფართობი 115.08 კვადრატული მეტრია და მეოთხე სართულის ფართობი – 124.40 კვადრატული მეტრი.

ამ კერძო პირის ქონება „ბათუმელების“ ინტერესის საგანი მხოლოდ ერთი მიზეზით გახდა – ქონების მფლობელის მამა, ემზარ (ბუბა) ბოლქვაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს. „ბათუმელებმა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრს ჰკითხა, ამ ეტაპზე კონკრეტულად რა თანამდებობა უკავია ემზარ ბოლქვაძეს, რაზედაც გვიპასუხეს, რომ ინფორმაციას ზეპირსიტყვიერად ვერ მოგვაწვდიან და შეგვიძლია წერილობით გამოვითხოვოთ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ემზარ ბოლქვაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხულო-ქედა-შუახევის კურატორია.

რა სახსრებით მოახერხა ემზარ ბოლქვაძის 13 წლის შვილმა ჯერ მიწის ნაკვეთის შეძენა კერძო პირისგან და შემდეგ ოთხსართულიანი ფეშენებელური სახლის აშენება? – რადგან ქონების მესაკუთრის მამის ოფიციალური შემოსავლები არ იძლევა ამ მასშტაბის მშენებლობის შესაძლებლობას, „ბათუმელებმა“ პირადად ემზარ ბოლქვაძეს ჰკითხა, რამდენად ლეგალური გზით შეიძინა მისმა მცირეწლოვანმა შვილმა ქონება.

ემზარ ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ სატელეფონო კომენტარში უთხრა, რომ მის შვილს ეს ქონება „შთამომავლობით ერგო“. „მაგის წინაპრები და ბაბუა მოიკითხეთ და გაიგებთ“, – გვითხრა მან. სუს-ის მაღალჩინოსანს ასევე ვკითხეთ, რომელი ბაბუის ხაზით მიიღო ქონება ჯემალ ბოლქვაძემ, რაზედაც ემზარ ბოლქვაძემ გვიპასუხა, რომ „ნაწილი ერთისგან, ნაწილი – მეორისგან“.

მორიგ კითხვაზე – თანაბრად ფლობდნენ თუ არა ბაბუები ქონებას კახაბერში, სუსის მაღალჩინოსანმა გვიპასუხა, რომ „დაკვეთას ვასრულებთ“ და არ არის ვალდებული გვიპასუხოს. „ვინც ეს ინფორმაცია გითხრა, იმან ძალიან კარგად იცის ჩემი წინაპრები და კარგად მოიკითხე“, – ასე დაგვემშვიდობა ემზარ ბოლქვაძე.

თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით არ დასტურდება, რომ ჯემალ ბოლქვაძეს ქონება მემკვიდრეობით ერგო. პირიქით – მას ეს ქონება 2017 წლის პირველ აგვისტოს აქვს შეძენილი ვინმე ასლან ჩიკვაიძისგან და ეს გარიგება დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულებით. გარიგების დროს ჯემალ ბოლქვაძის წარმომადგენლად საჯარო რეესტრში მისი დედა – ირინა ხახუტაიშვილია დაფიქსირებული.

და მაინც, შეეძლო თუ არა ემზარ ბოლქვაძეს თავისი დანაზოგით ამ მასშტაბის სახლისთვის ჯერ მიწის ნაკვეთის შეძენა და მერე ოთხსართულიანი სახლის აშენება-გარემონტება? სუს-ის თანამდებობის პირის შემოსავლების ნაწილობრივ გადამოწმება შესაძლებელია საჯარო სამსახურის ბიუროში, მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით. ქონებრივი დეკლარაცია ემზარ ბოლქვაძეს ბოლოს 2013 წელს შეუვსია და სხვა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი შემოსავალი – 35 546 ლარი სწორედ ამ წელს უფიქსირდება. საჯარო მოხელე ბოლო დეკლარაციის შევსების დროს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

დეკლარაციის შევსების პერიოდისთვის ის ფლობდა 55 კვადრატულ მეტრ ბინას ხელვაჩაურში, მისი მეუღლე კი მერსედესის ტიპის ავტომანქანას. სხვა შემოსავალი ან ბიზნესი არც მას და არც მის ოჯახის წევრებს (სამი არასრულწლოვანი შვილი) ოფიციალურად არ აქვთ.

ემზარ ბოლქვაძის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით (2008-2012 წლები), მისი ქონებრივი მდგომარეობა უცვლელია.

____________________________

მთავარი ფოტო: ემზარ ბოლქვაძის შვილის ახალაშენებული სახლი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი