“ენერგო-პრო ჯორჯია” ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ

8 345 ლარს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასამართლოში სთხოვს. ეს ზიანის ანაზღაურების თანხაა. კომპანიის განმარტებით, ზიანი უნივერსიტეტის დაუდევრობამ გამოიწვია.

დავის საგანია ფიროსმანის ქუჩაზე ელექტროკაბელების დაზიანება. ამ ქუჩაზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი მდებარეობს. ელექტროკაბელები მიწის ქვეშ მაშინ დაზიანდა, როცა უნივერსიტეტის მიერ დაქირავებული კომპანია „არტეფიქსი“ ფიროსმანის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას აწარმოებდა.

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ უნივერსიტეტს წერილობით აცნობა კაბელების დაზიანების შესახებ და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა, თუმცა, მოსარჩელის თქმით, წერილობით პასუხიც არ მიუღიათ.

„მე მაინტერესებს, როგორ დადგინდა კაბელის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი?“- იკითხა უნივერსიტეტის იურისტმა, რამინ მაჭარაშვილმა სასამართლო პროცესზე.

„იმ საღამოს შუქი გაითიშა ფიროსმანის ქუჩაზე… როგორც წესი, გავიდა ჯგუფი მიზეზის დასადგენად“ – უპასუხა შეკითხვას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ იურისტმა, ჯულიეტა მგალობლიშვილმა.

„აქტი შედგენილია ადგილზე მისვლის და მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგად, ყოველგვარი ექსპერტიზის დასკვნის და სხვა დამატებითი მტკიცებულების გარეშე,“- თქვა უნივერსიტეტის იურისტმა. მან ეჭვქვეშ დააყენა ზიანის ანაზღაურებაც, რადგან მისი თქმით, დოკუმენტებით არ დასტურდება ის, რომ დაზიანებული ქონების ფასი ნამდვილად 8 345 ლარი იყო.

„ხომ შეიძლებოდა ამ კაბელებს ექსპლუატაციის ვადა გასვლოდა ან სხვა ბუნებრივი მოვლენის გამო დაზიანებულიყო?“- იკითხა ისევ რამინ მაჭარაშვილმა.

„ცოტა ისეთი შეკითხვაა…“ – აღნიშნა ენერგოკომპანიის იურისტმა და განაგრძო:

„ჩვენი ჯგუფი როცა მივიდა ადგილზე, იქ დახვდა კომპანია, რომელიც ასრულებდა სამუშაოებს. ნათელი იყო ყველაფერი. ექსპერტიზის ჩატარება ჩვენ საჭიროდ არ ჩაგვითვლია,“- თქვა ჯულიეტა მგალობლიშვილმა.

„ამ კაბელს ხელით ვერავინ შეეხებოდა და მიწის სიღრმეში იყო, როგორც ჩანს… როგორ ფიქრობთ, შემსრულებელს რა დროს და როგორ შეიძლებოდა იგი დაეზიანებია?“- ჰკითხა მოსამართლემ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ იურისტს.

„დამიწება ჰქონდა, საფრთხის შემცველი ამიტომაც არ იყო მასზე შეხება…“- უპასუხა მოსამართლეს ჯულიეტა მგალობლიშვილმა. მისი თქმით, კაბელი ამწეს მუშაობის დროს დაზიანდა, თუმცა კონკრეტულად როგორ, ეს ადგილზე მისულ ჯგუფს აქტში არ ჩაუწერია.

სასამართლო პროცესს, გაფრთხილების მიუხედავად, არ ესწრება შპს „არტეფიქსი“. ამ კომპანიას გაჰყავდა საკანალიზაციო არხი უნივერსიტეტის ტერიტოტორიაზე. ეს კომპანია სასამართლო პროცესში მესამე პირად არის ჩართული.

„ამ საქმეს სპეციალისტის მეტი ჩართულობა სჭირდება,“- მიიჩნევს მოსამართლე. მისი თქმით, კვალიფიციური სპეციალისტის ჩართულობის გარეშე გაუჭირდება მას გადაწყვეტილების მიღება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ იურისტმა მოსამართლეს დღევანდელ პროცესზე ასევე უთხრა, რომ კაბელების ჩაჭრის პრობლემა შპს „ზიმოსთანაც“ შეიქმნა სხვა ადგილზე.

„ამ კომპანიამ უპრობლემოდ აანაზღაურა ზიანი,“- დასძინა ენერგოკომპანიის იურისტმა პროცესის დასრულებამდე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი