მთავარი,სიახლეები

სამი თვე პასუხის მოლოდინში – ოჯახები საგზაო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ელიან

06.09.2018 • 1820
სამი თვე პასუხის მოლოდინში – ოჯახები საგზაო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ელიან

ბათუმში, მუსხელიშვილის ქუჩაზე, ავტობანიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მცხოვრები ორი ოჯახი აცხადებს, რომ უკვე სამი თვეა ელოდებიან, მიიღებენ თუ არა კომპენსაციას. ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე დღემდე არ აქვთ. ამ ადგილას ბათუმის შემოვლითი გზა გაივლის, სამუშაოები 2020 წელს უნდა დასრულდეს.

„ჩემი სახლი ავტობანიდან ორ მეტრშია. მოვიდნენ სამი თვის წინ, მას შემდეგ, რაც მედიით გაშუქდა ინფორმაცია, გადაიღეს ფოტოები და დაელოდეთო – გვითხრეს. სამი თვეა ველოდებით უკვე, თმა გამითეთრდა ამაზე დარდში, აქ აღარ იცხოვრება. აჭარის საგზაო დეპარტამენტში მითხრეს, ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული გავაკეთეთ, თბილისიდან უნდა მოვიდეს პასუხიო. სამი თვეა თითქმის ყველა დღე ფოსტაში ვამოწმებთ და პასუხი არ ჩანს. უკვე არ ვიცით რა იქნება,  ან თქვან, რომ აღებაშია, ან – არ არის. სახლს ბზარები გაუჩნდა უკვე, დაზიანებულია, აქ აღარ იცხოვრება,“  – ამბობს ვახტან სურმანიძე.

იმავე მდგომარეობაშია მუსხლეიშვილის #31-ში მცხოვრები რუსლან აბაშიძის ოჯახი. სამი თვის წინ მის სახლსა და ეზოს აჭარის საგზაო დეპარტამენტიდან მოსულმა სპეციალისტებმა ფოტოები გადაუღეს, თუმცა პასუხი, მიიღებს თუ არა კომპენსაციას და როდის – ჯერ ისევ არ ჩანს.

„სამი თვეა ველოდები მეც რა გადაწყდება. კაპიტალური, ორსართულიანი სახლი მაქვს, ზამთარი მოდის, ვერ გავიგე რა უნდა ვქნა, ვის მივმართო. მე ვიცოდი, რომ 8 დღე უნდოდა გარკვევას და სამი თვე გავიდა უკვე. მიზეზიც არ ვიცით. ამბობენ, რომ ზოგმა მიიღო კომპენსაცია, მაგრამ არ ვიცი. ჩემი სახლი ექვსი მეტრის მოშორებითაა ავტობანიდან. ტრაქტორები მუშაობენ გზაზე, სახლი უკვე მოძრაობს, უფრო ახლოს რომ მოვლენ – უბრალოდ დაიშლება,“ – გვეუბნება რუსლან აბაშიძე.

ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია. ახალი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

აჭარის საგზაო დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ მახვილაურში, მუსხელიშვილის ქუჩაზე მცხოვრებთა მონაცემები თბილისშია გადაგზავნილია და საკითხი კომისიამ უნდა შეისწავლოს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მახვილაურში მცხოვრებნი პასუხს მალე მიიღებენ.

„ძალიან მალე იქნება, უკვე დასკვნით ფაზაშია მათი საკითხის განხილვა. ცოტა გაიწელა, რადგან საპროექტო ორგანზიაციის წარმომადგენელი, ვინც უშუალოდ იყო ამაში ჩართული, არ იმყოფებოდა ადგილზე, ამიტომაც გაჯანჯლდა ეს პროცედურა. ჩვენს ინტერესებშიცაა პასუხი იყოს მალე,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ მიხეილ უჯმაჯურიძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების სამსახურის უფროსმა.

____________________________________

მთავარ ფოტოზე: ვახტან სურმანიძის ეზო, რომლის გადაღმაც ავტობანი შენდება 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: