განათლება,მთავარი,სიახლეები

ნახეთ, რომელ კერძო სკოლებში გაძვირდა სწავლა ბათუმში

21.08.2018 • 18520
ნახეთ, რომელ კერძო სკოლებში გაძვირდა სწავლა ბათუმში

ბათუმის რამდენიმე კერძო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან გაძვირებული სწავლის საფასური დაგხვდებათ. ფასის დამატების სურვილსა და საჭიროებაზე თითქმის ყველა კერძო სკოლის დირექტორი საუბრობს, თუმცა იქვე დასძენს: „როგორც ჩვენ გვიჭირს, ისე უჭირს მოსახლეობას, რა ვქნათ?“

500 ლარით გაძვირებული დაგხვდებათ წლიური სწავლის გადასახადი კერძო სკოლა „ნიკეში“. წინა წლებში აქ სწავლა 1800 ლარი ღირდა, ახლა – 2300 ლარია. სკოლის დირექტორი, იზო ტაკიძე ამბობს, რომ ნამატი თანხა სწავლების გახანგრძლივებულ პროგრამას, შემოქმედებით წრეებსა და პედაგოგების ხელფასის გაზრდას მოხმარდება. „შესაბამისად, წრეებისთვის მშობლებს დამატებით თანხის გადახდა აღარ მოუწევთ,“ – ამბობს ის.

„ნიკეში“ კვებისთვის თანხის დამატებაა საჭირო მენიუს შესაბამისად – 300 ან 500 ლარი. სკოლას აქვს 30-პროცენტიანი ფასდაკლება მასწავლებლების შვილებზე, დედმამიშვილებსა და წარჩინებულ მოსწავლეებზე.

წლიური გადასახადი 200 ლარით გაზარდა სკოლა „მონპარნასმა“. სკოლის ნებისმიერ კლასში სწავლა აქ 2000 ლარი იყო, ახლა კი 2200 ლარი იქნება. თუ გინდათ, რომ ბავშვმა გახანგრძლივებული სწავლების პროგრამით ისარგებლოს და კვება ჰქონდეს, ამ დამატებითი პაკეტისთვის კიდევ 800 ლარის დამატება მოგიწევთ.

100 ლარით გააძვირა სწავლა „მასტერკლასმა“. აქ წლიური გადასახადი 2800 ლარია, რაც დამატებით მომზადებას და კვებასაც მოიცავს. 100 ლარით ძვირია სწავლება მე-11 და მე-12 კლასებში და იგი 2900 ლარს შეადგენს.

სწავლის წლიური საფასური მხოლოდ 50 ლარით გაძვირდა „გორდაში“. დაწყებით საფეხურზე აქ ერთი წლის საფასური 1750 ლარია. გახანგრძლივებული სწავლების და კვების პაკეტის აღების შემთხვევაში, ამ თანხას 750 ლარი ემატება. მეხუთე კლასიდან მერვე კლასის ჩათვლით წლიური გადასახადი 1850 ლარი იქნება, გახანგრძლივებული სწავლების – 850. კვების სერვისს სკოლა მოსწავლეებს მე-9 კლასიდან აღარ სთავაზობს. მე-9 და მე-10 კლასებში სწავლა 1950 ლარია, მე-11 კლასში – 2450, მე-12-ში – 3050 ლარი.

სწავლის საფასური იგივე რჩება სკოლა „იმედში“. აქ სწავლა 1800 ლარი ღირს, რასაც ემატება 500 ლარი კვებისა და გაკვეთილების მომზადებისთვის. მე-11 და მე-12 კლასებში სააბიტურიენტო პროგრამა მოქმედებს. მე-11 კლასის გავლა აქ 2200 ლარი დაგიჯდებათ, მე-12 კლასის – 2400 ლარი.

1000 ლარი ღირს სწავლა „ფრანგულ სკოლაში“. განსხვავებული ფასი მხოლოდ მე-12 კლასს აქვს – 2 000 ლარი. სკოლაში კვების სერვისი და გახანგრძლივებული სწავლების პროგრამა არ აქვთ.

წლიური გადასახადი უცვლელი დატოვა „ევრო 2000“-მა. პირველ კლასში სწავლა აქ 2500 ლარი ღირს, შემდეგ კლასებში – 2000. კვებისთვის წელიწადში 1000 ლარის დამატებაა საჭირო, თუკი ამ პაკეტსაც აიღებთ. სკოლაში მოქმედებს 15-პროცენტიანი ფასდაკლების სისტემა ფრიადოსან მოსწავლეებსა და დედმამიშვილებზე, 10-პროცენტიანი ფასდაკლება – ობლებზე, ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებსა და შშმ პირებზე.

პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით სწავლის წლიური გადასახადი 1720 ლარია „კავკასიის ბიზნეს სკოლაში“. მეხუთედან მეათე კლასამდე ერთი წლის საფასური 1840 ლარია. დამამთავრებელ კლასებში აქ სწავლა 2640 ლარია. გახანგრძლივებული სწავლებისთვის აქ თანხის დამატება არ მოგიწევთ. სკოლაში მოსწავლეები საღამოს 5 საათამდე რჩებიან. ერთჯერადი კვებისთვის მშობელმა წლიურად 200 ლარი უნდა გადაიხადოს.

პირველ კლასში სწავლა ისევ 1200 ლარი ღირს სკოლა „ნერგებში“. მეორედან მეოთხე კლასის ჩათვლით სწავლის გადასახადი აქ 1300 ლარამდე იზრდება, მეხუთედან მეათე კლასის ჩათვლით გადასახადი 1400 ლარია, დამამთავრებელ კლასებში – 1500. გახანგრძლივებული სწავლებისთვის და კვებისთვის დამატებით 800 ლარია საჭირო. სკოლის დირექტორი, თამაზ გეგეშიძე ამბობს, რომ შესაძლოა სწავლის საფასური ახალი სასწავლო წლიდან გაიზარდოს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.

სწავლის საფასური სკოლაში „თაობაში“ 1500 ლარია, მე-5 დან მე-11 კლასის ჩათვლით – 1800, ხოლო დამამთავრებელი კლასის გავლა 2000 ლარი დაგიჯდებათ. გახანგრძლივებულ სწავლებასა და კვებას დამატებით 800 ლარი დასჭირდება.

განათლების მიღება ყველაზე ძვირი „ქართულ-ამერიკულ სკოლაში“ დაგიჯდებათ. აქ ერთი წლის სწავლის საფასური 5300 ლარია. ამ ფასში სწავლის გარდა მხოლოდ ერთჯერადი კვება და მოსწავლის ფორმა შედის, ასევე მოსწავლეების ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდებში მონაწილეობის დაფინანსება. სკოლას აქვს 10-პროცენტიანი ფასდაკლება მათთვის, ვინც სწავლის გადასახადს სასწავლო წლის დასაწყისშივე გადაიხდის, ან და-ძმა ერთად მივა ამ სკოლაში.

ყველაზე იაფი სწავლის საფასური ისევ „სასულიერო გიმნაზიას“ აქვს. აქ წლიური გადასახადი წელსაც 750 ლარი იქნება.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: