ხელვაჩაურის მერიას კერძო კომპანია დავების საბჭოში უჩივის

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას შესყიდვების სააგენტოსგან „მშენებელი 2018“ ითხოვს. დავა ეხება ტენდერს, რომელიც ხელვაჩაურის მერიამ ორთაბათუმში სოციალური სახლის მშენებლობაზე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 3 მილიონ 335 ათას 145 ლარია.

ტენდერში მონაწილე ორ კომპანიას, რომლებიც გაცილებით დაბალ ფასში სთავაზობდნენ მერიას სახლის აშენებას, სატენდერო კომისიამ, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მისცა: ჯერ შპს „ალიგატორი 1“-ს [შეთავაზება 2 783 000 ლარი], შემდეგ კი ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „მშენებლი 2018“-ს [შეთავაზება 2 999 999 ლარი].

რაც შეეხება მომდევნო მესამე პრეტენდენტს, ის შპს „მომავლის ხედვაა“, რომელიც ხელვაჩაურის მერიას ორთაბათუმში ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი სახლის აშენებას 3 065 145 ლარად სთავაზობს.

„მშენებელი 2018“ არ ეთანხმება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს ოქმს, რომლითაც მისი დისკვალიფიკაცია მოხდა და ამ ოქმის გაუქმებას შესყიდვების სააგენტოში ითხოვს.

ამასთან, კომპანია მოითხოვს სააგენტომ „დაავალდებულოს სატენდერო კომისია „მშენებელი 2018“-ის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება და ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასება განახორციელოს კანონით დადგენილი წესით“.

შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში საკითხის განხილვა 2018 წლის 9 აგვისტოსაა ჩანიშნული.

ამავე თემაზე:

ხელვაჩაურის მერია ეკომიგრანტებისთვის სოციალურ სახლს ააშენებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com