მარიხუანის მოხმარება ლეგალურია – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

2018 წლის 30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების – ზურაბ ჯაფარიძისa და ვახტანგ მეგრელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელე მხარე დავობდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც აწესებდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მარიხუანის მოხმარებისათვის.

მოსარჩელეთა განმარტებით, მარიხუანის მოხმარება არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ქმედებას. კერძოდ, მას შეუძლია ზიანი მიაყენოს მხოლოდ მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე. ისეთი ქმედებისათვის პასუხისმგებლობის დაწესებას, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავის დაზიანებისკენ არის მიმართული და არ იწვევს საზოგადოებისთვის საშიშ შედეგებს, არ გააჩნია ღირებული საჯარო ინტერესი.

მოპასუხე მხარე აღნიშნავდა, რომ სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნებს წარმოადგენს როგორც ცალკე ინდივიდების, ასევე მთლიანი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მოპასუხის პოზიციით მარიხუანის მოხმარება არის ზიანის მომტანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის და აუცილებელია მოსახლეობის, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა დაცვა მარიხუანისგან მომდინარე ჯანმრთელობისთვის საზიანო შედეგებისგან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას. მარიხუანის მოხმარების აკრძალვა მისი ბრუნვის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებაა, და შესაბამისად ემსახურება მომხმარებლების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით ინდივიდუალური მომხმარებლის როლი მარიხუანას ბრუნვის ხელშეწყობაში არის ძალიან მცირე, შესაბამისად მცირეა მოხმარების ინდივიდუალური ფაქტიდან მომდინარე საფრთხეები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მარიხუანის მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის ბლანკეტურად დაწესება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის დაცვის არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მოთხოვნებს.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

სარჩელი განიხილა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაშიც არიან: მაია კოპალეიშილი, ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და მერაბ ტურავა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.