მთავარი,სიახლეები

ფრინველებზე დაკვირვების სეზონი აჭარაში 15 აგვისტოს გაიხსნება

30.07.2018 • 3566
ფრინველებზე დაკვირვების სეზონი აჭარაში 15 აგვისტოს გაიხსნება

3-8 სექტემბერს აჭარა გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში ადგილობრივების გარდა რეგიონს ორნითოლოგები და მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაც ეწვევიან.

ყოველდღიურად ფესტივალის სტუმრებისთვის პროფესიონალი ექსპერტებისა  და გიდების თანხლებით მოეწყობა შემეცნებით-გასართობი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე: ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. ასევე, გაიმართება ლექციები და პრეზენტაციები, რომლებზეც დასწრება, ისევე როგორც ექსკურსიებში მონაწილეობა, ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

სპეციალისტების თქმით, შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი, “აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის” სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. შედეგად, აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად მიიჩნევა და ის მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

ფესტივალი რეგიონში 2012 წლიდან ტარდება. ფრინველებზე დაკვირვების სეზონი აჭარაში 15 აგვისტოს გაიხსნება და 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

______________________

მთავარ ფოტოზე მტაცებელი ფრინველების ნაკადი. წყარო batumiraptorcount.org

გადაბეჭდვის წესი


ასევე: