გონიო-კვარიათის მცხოვრებლები ზღვისპირა ზოლში ბიოტუალეტებს ითხოვენ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ შექმნილი სამოქალაქო საბჭოს ინიციატივით, გონიო-კვარიათში მცხოვრებმა 75-მა მოქალაქემ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართა: ადგილობრივები ტურისტულ ზონაში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობას,  ავტობუსის  გაჩერებების გამართვას და გონიო-აფსაროსის ციხე-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას ითხოვენ.

“ათასობით დამსვენებლის პირობებში საჭიროა სანაპიროსკენ მიმავალ გზებზე დაიდგას ბიოტუალეტები ან კაპიტალურად მოეწყოს საპირფარეშოები. არაერთი უხერხულობაა დაკავშირებული მათ არარსებობასთან. ეს, რა თქმა უნდა, ამცირებს დამსვენებელი სტუმრისა და ტურისტის კმაყოფილებას,” – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს 75 მოქალაქე აწერს.

წერილით მოქალაქეები ბათუმის მერს სთხოვენ გონიო-კვარიათის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის  გაჩერებები მოეწყოს და ელექტრონული ტაბლოები დამონტაჟდეს.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ წერილს შესაბამისი სამსახურები განიხილავენ და რეაგირებას მოახდენენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი