დაგვის მოსახლეობა გზას და წყალს ითხოვს

ამ წუთებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციაში დაახლოებით 200-მდე სოფლის მცხოვრები მონაწილეობს, ისინი ხელისუფლებას გზასა და სასმელ წყალს სთხოვენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბადრი მუკუტაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ სოფელი უკვე რამდენიმე წელია წყლისა და გზის გარეშეა დარჩენილი.

„200 ოჯახი ვცხოვრობთ ამ სოფელში. იმისთანა გზაა, თუ გაწვიმდა, სახლში ვერ მიხვალ. არც წყალი გვაქვს, გაწვიმებას ველოდებით, რომ ჭურჭლები გავავსოთ და წვიმის წყალი გამოვიყენოთ. ექვსი წელია ვითხოვთ, მაგრამ ხელისუფლება ყურადღებას არ გვაქცევს,“- ამბობს ის.

სოფლის მცხოვრებლების თქმით, ქობულეთის მერიიდან დაპირებებს იღებენ, თუმცა არაფერი კეთდება: „20 აპრილს ვიყავით მერთან და 5 მაისს უნდა დაწყებულიყო გზის გაკეთება, მაგრამ ახლა ამბობენ, დაფინანსება არ არისო. ჩვენ ვიცით, რომ აჭარის ბიუჯეტიდან ქობულეთს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის თანხა  გამოეყო, ამიტომ ვითხოვთ, ამ თანხებიდან გაგვიკეთონ გზა და წყალი,“-ამბობენ დაგვის მცხოვრებლები.

საპროტესტო აქცია სოფელ დაგვაში.
მოსახლეობა წყალსა და გზას ითხოვს.
ფოტო: თამაზ ბაკურიძის

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com