ფერდების მდგრადობა არ აკმაყოფილებს ნორმებს – მშენებლობა გვირაბთან 4,7 მილიონით ძვირდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შპს „გზა“-სთან 2,5 მილიონ ლარზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილება შეაქვს. კომპანიას 2017 წლის ნოემბერში ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძი უნდა აეშენებინა, თუმცა დეპარტამენტმა დასრულების ვადა რამდენჯერმე გადაწია – ამჯერად, 2018 წლის 31 აგვისტომდე, რაზეც შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობას ითხოვს.

როგორც აღმოჩნდა, სამუშაოები დაიწყეს, თუმცა დროულად ვერც გეოლოგიური დასკვნა დაიდო, ვერც პროექტი და არც ის თანხა აღმოჩნდა საკმარისი, რაც კვანძის ასაშენებლად გათვალეს. დღევანდელი გათვლებით პროექტი 4,7 მილიონი ლარით ძვირდება.

გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 2018 წლის 22 იანვარს, შპს „გზას“ მიერ, წარმოდგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიმართ მათი მხრიდან იყო შენიშვნები  – გეოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით, გადამოწმებული იქნა ფერდების მდგრადობის ანგარიში საპროექტო დატვირთვებზე, რომელმაც ვერ დააკმაყოფილა სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამიტომ, საჭირო გახდა დამატებითი გეოლოგიური კვლევების ჩატარება, რომელზე დაყრდნობითაც „გზას“ უნდა მიეღო შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტილებები.

„2018 წლის 24 მაისს „გზამ“ დეპარტამენტში წარმოადგინა კორექტირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ღირებულებით – 7 239 902 ლარი. განხილვის შედეგად, პროექტის მიმართ, კვლავ იყო შენიშვნები: არ არის სრულად წარმოდგენილი ფერდების მდგრადობის ანგარიში, აგრეთვე, არსებული გვირაბის სამხრეთ პორტალზე გამავალი გზის პორტალის მდგრადობის ანგარიში. გამოიკვეთა ბათუმის შემოვლითი გზის პროექტისა და ამ მონაკვეთზე ასაშენებელი ავტომაგისტრალის პროექტის ზედდება. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილ პროექტს სჭირდება კორექტირება“ – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვინაიდან მშენებლობა და პროექტირება მიმდინარეობს პარალელურ რეჟიმში, საპროექტო დოკუმენტაციის საბოლოოდ მიღებამდე ვერ მოხერხდება სამუშაოს მიღება, ამიტომ „გზას“ მიეცეს დარჩენილი სამუშაოების დასრულებისთვის ვადა 31 აგვისტომდე.

რაც შეეხება პროექტის დამტკიცებას და ხარჯების 4 739 902 ლარით გაზრდას, დეპარტამენტის მიერ „იგეგმება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიღება „გზასთან“ არსებული საკონტრაქტო ღირებულების ფარგლებში და მასთან ხელშეკრულების შეწყვეტა, ხოლო დარჩენილ სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერის ცალკე გამოცხადება.“

დეპარტამენტი, შესყიდვების სააგენტოს თანხმობის მიღების შემდეგ, აღნიშნული გეგმის განხორციელების მიზნით, მიმართავს საქართველოს მთავრობას.

„სამუშაოების საპროექტო მომსახურების შესყიდვა, დოკუმენტაციის დამუშავება და გზის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის სატენდერო პროცედურები მოითხოვს დროის საკმაოდ დიდ პერიოდს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მოცემულ მონაკვეთზე უსაფრთხოების ზომების გაზრდის უზრუნველსაყოფად, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს აღნიშნული სამუშაოების განხორციელება პროექტირების პარალელურ რეჟიმში, რათა სამუშაოები დასრულდეს შემჭიდროვებულ ვადებში“ – აცხადებდა დეპარტამენტი 2017 წლის ივლისში, „გზასთან“ ხელშეკრულების გაფორმებამდე.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტი უკანონო და დანაშაულებრივ ხელშეკრულებას აფორმებს და საბიუჯეტო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს,“ – განაცხადა მიმდინარე წლის თებერვალში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძემ. მან პროკურატურას წერილობით მიმართა და მახინჯაურის გვირაბთან ახლოს გამავალი ახალი გზის მოწყობით დაინტერესება მოითხოვა. გია აბულაძე ირწმუნება, რომ ახალ გზას ბიძინა ივანიშვილისთვის აკეთებენ, რომელსაც ამ ტერიტორიიდან ხეები გააქვს.

ავტოტრანსპორტის მოსატრიალებელი კვანძი გვირაბთან მახინჯაურის მხარეს კეთდება. „მახინჯაურიდან გასული ავტომანქანა, საჭიროების შემთხვევაში, გვირაბის მისასვლელიდან უკან დაბრუნებას ამ კვანძის საშუალებით შეძლებს. ეს კვანძი უფრო ქალაქში მოძრაობისთვისაა გათვლილი“ – ამბობენ დეპარტამენტში.

მთავარი ფოტო: მწვანე კონცხი.  ამ ადგილიდან დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზა. აქვე შენდება ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძი.  / 22.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ამავე თემაზე:

ავტობანი: გვირაბთან სამუშაოები ბათუმისა და ქობულეთის შემოვლით გზებს უკავშირდება

 

მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძის მოწყობის ვადა გადაიწევს

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com