ვინ არიან და რა საფრთხეს უქმნიან ნეონაცისტები ქვეყანას – ინტერვიუ

ვინ დგას ნეონაცისტური, ნეოკონსერვატიული დაჯგუფებების უკან, რომლებიც ყველაზე აგრესიული გზავნილებით გამოირჩევიან და პოლიტიკური პროცესების დროს სისხლისღვრის მოწოდებით გამოდიან. დაჯგუფება აცხადებს, რომ ქმნის „სამოქალაქო გვარდიას“და მათი ძირითადი გზავნილები მათთვის მიუღებელი ჯგუფების განადგურება, „მათი პარპაშის დასრულება“ და შევიწროებაა. როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს სამართლებრივი რეაგირება ამ დაჯგუფებების მიმართ? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე საუბრობს.

თამთა, გუშინ  ნეონაცისტური დაჯგუფებები ცდილობდნენ  ფიზიკურად დაპირისპირებოდნენ სამოქალაქო აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“  მონაწილეებს. მათი გზავნილები იყო აგრესიული და მუქარის შემცველი: „სიკვდილი მტერს“, „დავამთავრებთ მათ პარპაშს“ და ასე შემდეგ. როცა კონკრეტულ ჯგუფს ასეთი მკვეთრად გამოხატული ძალადობრივი გზავნილები აქვს, როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს სამართლებრივი რეაგირება?

თამთა მიქელაძე

მათი გზავნილები სწორედ სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან ძალის გამოყენებაზე უფლება მხოლოდ სახელმწიფოს აქვს, რათა მან საზოგადოების უსაფრთხოება უზრუნველყოს. ამდენად, როცა მომდინარეობს ძალადობრივი რისკები, სახელმწიფოს აქვს მათზე სამართლებრივი რეაგირების ვალდებულება.

რატომ არ რეაგირებს მაშინ?

სახელმწიფომ ამ ჯგუფებს საკუთარი რიტორიკით, საჯარო დისკუსიის შექმნით უნდა უპასუხოს, რაც, სამწუხაროდ, არ ხდება და ეს არის პრობლემა. საჯარო პოზიცირების მიმართულებით სახელმწიფოს აქვს სერიოზული ჩავარდნა.

მისი მხრიდან დუმილი, ან მხოლოდ საპოლიციო ენით ლაპარაკი, არის მთავარი პრობლემა, რომელიც შემდგომში სოციალურ კონფლიქტებს აჩენს. სახელმწიფო როგორც რაციონალური პოლიტიკის მკვეთრი აქტორი, ვერ ქმნის პოლიტიკურ ენას, პოლიტიკურ პრევენციას ამ პრობლემების. მან შეიძლება დააკავოს გაბედავა, ფალავანდიშვილი ან ნეონაცისტური დაჯგუფებების სხვა რომელიმე წარმომადგენელი, მაგრამ ის ვერ შექმნის იმ პოლიტიკურ ალტერნატიულ ნარატივს, რომელიც მსგავსი იდეების გავრცელებას ხელს შეუშლის. სწორედ ამ კუთხით გვაქვს ჩავარდნა.

რატომ ვერ ქმნის, გამოცდილება არ ჰყოფნის, თუ ხელისუფლებაც იყენებს მათ არსებობას?

ვერ ქმნის იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების სისუსტე არის ჰომოგენური პოლიტიკური ელიტის არარსებობა. მათ არ აქვთ მკაფიო თანმიმდევრული იდეოლოგიური ხედვა. მეორე მხრივ, ასეთ დაპირისპირებებს ხშირად ხელისუფლება პოლიტიკურად იყენებს და ამით პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას აკეთებს. ამის გამოხატულება იყო ღამის კლუბებზე თავდასხმა.

საზოგადოებაში არსებული სენტიმენტები კიდევ უფრო გააღრმავეს, როცა ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრეს არა წამალდამოკიდებულების პრევენციასა და იქედან გამომდინარე საფრთხეებზე, არამედ ნარკოტიკების რეალიზაციაზე.

ნეონაცისტური დაჯგუფებების უკან ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს. ერთი ნაწილი მიიჩნევს, ისინი არიან გავლენიანი პოლიტიკური თუ რელიგიური ჯგუფების ხმა. ნაწილი საუბრობს, რომ მათი სტრატეგია რუსეთში არსებულ ანალოგიური დაჯგუფებების მსგავსია. რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ მათ შესახებ?

მე არ ვიცი, ეს ადამიანები ვისგან იღებენ ინსტრუქციას, მაგრამ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ლაგდება და როგორ გადაიკვეთება ხოლმე პოზიციები და სტრატეგიები. მეორე მხრივ, ამ ორგანიზებული, პროვოკაციული ჯგუფების მიღმა არიან გარკვეული პოლიტიკური ძალები და კარგად ჩანს მათი ორგანიზებულობა.

მათ იდეებს მყარი ფეხმოსაჭიდი აქვს ჩვენს საზოგადოებაში არსებული მძიმე სოციალური კონტექსტიდან გამომდინარე. იმის გამო, რომ ვერც ერთი პოლიტიკური ჯგუფი ვერ ახერხებს სათანადო განმარტებას იმისა, თუ რა ტიპის პრობლემებია საზოგადოებაში, ვერავინ ვერ ახერხებს სამართლიანი, დემოკრატიული დღის წესრიგის შექმნას, სადაც ადამიანები დაინახავენ, რომ მათი უკმაყოფილება, მათი პრობლემები, ეკონომიკური, სოციალური უთანასწორობა, სიდუხჭირე, სიღარიბე, დემოკრატიის ხარვეზები სათანადოდ არის ასახული ვინმეს დღის წესრიგში.

სწორედ ამით სარგებლობენ  ულტრაკონსერვატიული ჯგუფები და შემოდიან პოპულისტური რიტორიკით – „უცხოელები გვართმევენ მიწებს“, „გვართმევენ ქართველობას“ და ა.შ.

სინამდვილეში, პოლიტიკური ალტერნატივის არქონა და მეორე მხრივ, ძალიან დიდი პოლიტიკური და სოციალური პრობლემების არსებობა ქვეყანაში, ხელს უწყობს ნეონაცისტური განწყობების აღმავლობას.

უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ნეონაცისტური ჯგუფები საკმაოდ მრავალფეროვანია და ზოგჯერ განსხვავებული იდეოლოგიური პლატფორმაც აქვთ, მაგრამ დიდი პოლიტიკური მოვლენების დროს ისინი გაერთიანებას ადვილად ახერხებენ.

მაგალითად გუშინ ამ ჯგუფების ორგანიზება და ძალადობის ესკალაციის მცდელობა კარგად გამოიყენა ხელისუფლებამ, რადგან მათგან მომდინარე საფრთხეების გამო მოხდა პროცესების დაჩქარება და  შსს-მ დააყენა საკითხი, რომ რთული იქნებოდა მათგან მომდინარე რისკების დაზღვევა. ამიტომ აქციის, „ჩვენი თავისუფლებისთვის“ ორგანიზატორები იძულებული იყვნენ, საზოგადოებაში დიდი გახლეჩისა და სოციალური კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ამ ნაბიჯზე წასულიყვნენ და აქცია შეეწყვიტათ.

ხშირად საზოგადოებას უჭირს პროცესების ანალიზი, გზავნილების სწორად გაგება. ამის მაგალითი იყო გუშინდელი აქციაც, რადგან  სოციალური ქსელების რეაქციებიც აჩვენებდა, რომ ადამიანების ნაწილმა ზუსტად ვერ გაიგო, რას აპროტესტებდნენ „ჩვენი თავისუფლებისთვის“ აქციის მონაწილეები და ეს ხელს უწყობდა ნეონაცისტური დაჯგუფებების მიზნებს. რატომ მოხდა ასე?

სამწუხაროდ, უფრო ცხადი გზავნილები აქციის ორგანიზატორებმა ვერ შემოიტანეს, რადგან ეს აქცია იყო სპონტანური და იქ იყო ძალიან ბევრი ჯგუფი. ამიტომ, გზავნილების სწორად მიწოდებაზე უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ.

საბოლოდ, მაინც სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე უნდა ვისაუბროთ, რადგან სწორედ მან უნდა მოახერხოს, იქნება ეს საპარლამენტო, სოციალური საქმიანობა თუ პოლიციის საქმიანობა, საკუთარი პოზიციების შექმნა და დემოკრატიული, ადამიანების უფლებებზე დაფუძნებული ნამდვილი დისკუსიის შექმნა.

დღეს კი გარკვეულწილად ვართ პოლიტიკურ სიცარიელეში, როდესაც მმართველი პოლიტიკური გუნდი და ვერც პოლიტიკური ოპოზიცია, სამართლიან პოლიტიკურ დღის წესრიგს არ ქმნის.

სწორედ ამ კუთხით არსებული ჩავარდნა, სახელმწიფოს მხრიდან გაუაზრებლობა იმ ღირებულებების, რომლბზეც სახელმწიფო უნდა იდგეს, არის მიზეზი პოლიტიკური სიცარიელისა და ამას იყენებენ ნეონაცისტური ჯგუფები.

თუმცა, მე მჯერა ქართული საზოგადოების გონიერების, რომელსაც აქვს რეალური საფუძველი, რომ იყოს უკმაყოფილო.

სახელმწიფო არ საუბრობს იმ ორგანიზებულ ნარკორეალიზატორთა ქსელებზე, რომლებიც საქართველოშია და რომლებიც ცხადია სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს. მან ყველაზე სუსტი რგოლიდან დაიწყო ამ პრობლემებზე ლაპარაკი და პრინციპში, კლუბებზე თავდასხმა იყო ამის მესიჯი.

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com