მთავარი,სიახლეები

ბათუმის ცენტრალური პარკის ატრაქციონები შსს-ს თანამდებობის პირის მეუღლის ხელში გადავიდა

15.06.2018 • 6063
ბათუმის ცენტრალური პარკის ატრაქციონები შსს-ს თანამდებობის პირის მეუღლის ხელში გადავიდა

ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე სამი ატრაქციონი, მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთებით, სამართავი ჯიხურებითა და დამატებით 330 კვადრატული მეტრი ნაკვეთით, ერთი პირის – ეკატერინე ნიკოლაიშვილის ხელში გადავიდა. ეკატერინე ნიკოლაიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირის, ზაზა ჩხიკვაძის მეუღლეა. ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილეა.

ეკატერინე ნიკოლაიშვილი მის ბიზნესში მეუღლის რაიმე ფორმით მონაწილეობას  უარყოფს. ის ამ საკითხთან დაკავშირებული ეჭვების არსებობას უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რასაც იმით ხსნის, რომ ელექტრონულ აუქციონში, რომლის მეშვეობითაც მან ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე ატრაქციონები იჯარის წესით მიიღო, სხვასაც შეეძლო მონაწილეობის მიღება:

„გარდა ამისა, მე მაქვს დაახლოებით შვიდწლიანი გამოცდილება ამ საქმეში. აბსოლუტურად მე თვითონ ვმარათავ ბიზნესს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საღამოს რაღაც ტექნიკურ საკითხებზე რჩევებს  ვთხოვ მეუღლეს.“

აუქციონში გამარჯვებულმა ეკატერინე ნიკოლაიშვილმა პარკში ახალი ატრაქციონები უნდა განათავსოს. მან ტერიტორია ათწლიანი ვადით მიიღო, წელიწადში 84 000 ლარის სანაცვლოდ.

ატრაქციონების გასხვისებასთან დაკავშირებულ ელექტრონულ აუქციონზე კონკურენტული გარემო არ შექმნილა. ცენტრალურ პარკში ქონების საწყისი საიჯარო ფასი 82 ათასი ლარი იყო – ეკატერინე ნიკოლაიშვილმა სააგენტოს ერთი ბიჯით მეტი შესთავაზა და აუქციონიც მოიგო. ცენტრალურ პარკს ბათუმის მერიის ა(ა)იპი  ტურისტული ობიექტების სააგენტოს განკარგავდა მანამდე, ვიდრე ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ამ ორგანიზაციის ლიკვიდაციის გადაწყვეტილებას მიიღებდა.

 

ატრაქციონები ათი წლის ვადით, იჯარის წესით, გაასხვისეს

წელს იჯარის წესით გასასხვისებელი ტერიტორიებიდან ატრაქციონები გამონაკლისი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მანამდე სააგენტოს ცენტრალურ პარკში სხვადასხვა დროს, ჯამში, მაქსიმუმ 200 კვადრატული მეტრი გაჰქონდა აუქციონზე. მაგალითად, წელს შპს „ატრაქციონთან“ სააგენტომ საიჯარო ხელშეკრულება ორჯერ გააფორმა, ერთხელ 50 კვადრატულ მეტრზე [19 კვადრატული მეტრი ფართობის ჯიხურის განთავსების პირობით] და დამატებით 128 კვადრატულ მეტრზე.

ამჯერად კი სააგენტომ ატრაქციონები და მასზე დამაგრებული ნაკვეთები გააერთიანა, ამას დაამატა 330 კვადრატული მეტრი [ორი ნაკვეთი] და ისე გაიტანა აუქციონზე. ამით სააგენტომ დაინტერესებულ პირს პარკში არსებული ატრაქციონების სრული პაკეტის შესყიდვის საშუალება მისცა. გარდა ამისა, ეკატერინე ნიკოლაიშვილი გახდა იმ ნაკვეთების მოიჯარეც, სადაც აუქციონის პირობების მიხედვით, მერია ახალი ატრაქციონების დადგმას ითხოვს.

საით მიანიშნებთ? – ასე უპასუხა სააგენტოს იურისტმა დავით ფუტკარაძემ „ბათუმელების“ კითხვას, რატომ არ დაყო სააგენტომ აუქციონზე გასატანი ტერიტორიები ისევე, როგორც ეს სხვა შემთხვევაში გააკეთა. იურისტმა განაცხადა, რომ ეს კითხვა უჩენს განცდას, რომ მას შესაძლო გარიგებაზე მიანიშნებენ:

„.. თქვენ რაზეც მიანიშნებთ, ეს გამორიცხულია. მიანიშნებთ რაიმე  გარიგება ხომ არ ყოფილა თქვენსა და მას შორისო. ფართების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, განსათავსებელი ობიექტიდან გამომდინარე. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ როგორ  ვმიჯნავთ აუქციონზე გასატან ტერიტორიებს, ამას ჩვენ დამოუკიდებლად არ ვაკეთებთ. ელექტრონული აუქციონი ცხადდება საიტზე, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ჩვენ ვადგენთ პირობებს და ეს პირობები თანხმდება დამფუძნებელთან, ანუ მერიასთან და ამის შემდეგ ლიცენზირებული აუდიტის დასკვნის საფუძველზე საბაზრო ღირებულებით გაგვაქვს ქონება აუქციონზე. არსებობდნენ მოქალაქეები, რომლებიც იყვნენ დაინტერესებული, რომ იჯარით აეღოთ პარკში რაღაც ნაკვეთი. ამიტომაც მიიღო სააგენტომ გადაწყვეტილება და გაიტანა აუქციონზე, მათ შორის ატრაქციონების ტერიტორია.“

გასულ წელს სააგენტომ ბათუმის პარკთან დაკავშირებული რვა საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა, ჯამში 434 კვადრატულ მეტრ ფართობზე. წლიური საიჯარო თანხა ჯამში 71 929 ლარი იყო. მოიჯარეს პარკში არსებული ატრაქციონები თავისი სამართავი ჯიხურებით გადაეცა.

საიჯარო პირობები

ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოსთან დადებული იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, ახალი ატრაქციონები  ბათუმის პარკში საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან უახლოეს ორ თვეში უნდა დაემონტაჟებინათ, ხელშეკრულება 2018 წლის 19 აპრილს გააფორმეს, ამ დროისთვის პარკში მხოლოდ ერთი ახალი ატრაქციონია დამონტაჟებული.

ახალმა მმართველმა აიღო ვალდებულება ცენტრალურ პარკში არსებული ატრაქციონების გამართულად მუშაობაზე, საჭიროების შემთხვევაში გამართვა-ჩანაცვლებაზე, ასევე უსაფრთხოებაზე.  მოიჯარემ ასევე უნდა დაშალოს ორი ძველი ატრაქციონი და გამოთავისუფლებულ ადგილზე ახალი ატრაქციონები განათავსოს. გარდა ამისა, მოიჯარემ ადმინისტრაციის მიერ მითითებულ ადგილზე სათამაშო მოედანი უნდა მოაწყოს, რომლის ესკიზიც სააგენტოსთან უნდა შეათანხმოს.

დასაქმება

რაც შეეხება პარკში დასაქმებულებს, სააგენტოს მიერ განსაზღვრული პირობით, მოიჯარემ პარკში ატრაქციონებზე მომუშავე პირებისგან „საჭირო რაოდენობის“ თანამშრომელი უნდა შეინარჩუნოს. როგორც ადგილზე გვითხრეს, აქ 22 პირი მუშაობდა, ახალი მეიჯარე მათგან რვას შეინარჩუნებს, სხვები კი, სამსახურს დაკარგავენ.

იჯარის უფლების მქონე ასევე ვალდებულია ბავშვთა დაცვის დღეს, პირველ ივნისს, ატრაქციონებით უსასყიდლოდ მოემსახუროს მსურველებს და არ გაზარდოს ატრაქციონებით სარგებლობის ფასი.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეკატერინე ნიკოლაიშვილი ბათუმის ტურისტული ობიექტების სააგენტოს მოიჯარედ 2016 წლიდან ფიქსირდება. მაშინ საიჯარო ხელშეკრულება მასთან 193 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე გაუფორმებიათ. 2017 წელს მას კიდევ ორ ნაკვეთზე, ჯამში, 250 კვადრატულ მეტრზე გაუფორმეს ხელშეკრულება.

შპს „ორბიტა“

როგორც საჯარო რეესტრის ჩანაწერებიდან ირკვევა, ეკატერინე ნიკოლაიშვილს გასართობი ბიზნესი აქვს ქობულეთისა და წყალტუბოს პარკებშიც.

ქობულეთის გამგეობას 2013 წელს გაუფორმებია საიჯარო ხელშეკრულება შპს „ორბიტასთან“, რომელიც იმავე წელს რუსეთის მოქალაქე გიორგი ჯიქიას დაუფუძნებია, ხოლო დირექტორი ეკატერინე ნიკოლაიშვილია. შპს „ორბიტას“ 2013 წელს ქობულეთის გამგეობამ ორი საიჯარო ხელშეკრულება გაუფრომა, რომლის შემდეგაც კომპანიამ მართვაში  ქობულეთის პარკში, ჯამში, 1800 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი მიიღო.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და შპს „ორბიტას“ შორის კი ხელშეკრულება 2017 წელს გაუფორმებიათ, შედეგად კომპანიამ მართვაში მიიღო 8800 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი წყალტუბოს ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე.

შპს „ ორბიტას“ ზემოთ ჩამოთვლილი საიჯარო ხელშეკრულებების გარდა კომპანიის სახელზე 2016 წელს ბათუმში, კახაბრის დასახლებაში არსებული 1286 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირეს.

ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო ამ დროისთვის ფაქტობრივად ლიკვიდირებული ორგანიზაციაა, მისი სამართალმემკვიდრე, სავარაუდოდ, ის ორგანიზაცია იქნება, რომელსაც ბათუმის მერი მიაკუთვნებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: